ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11-12 მარტს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან განვითარებული მოვლენების გამო დაკავებული სამი პირის - გოდერძი გორგილაძის, მალხაზ ბერიძისა და შალვა ფევაძის სასამართლო პროცესი გაიმართა.
პროკურორები აღნიშნული პირების პატიმრობაში დატოვებას ითხოვდნენ. მათი მტკიცებით, ბრალდებულებმა 11-12 მარტს, ბათუმში, ავტომობილების დაზიანებასა და სხვა დანაშაულებებში მონაწილეობა მიიღეს. ადვოკატები კი აცხადებენ, რომ გოდერძი გორგილაძე, მალხაზ ბერიძე და შალვა ფევაძე აქციაზე იმყოფებოდნენ, თუმცა დანაშაული არ ჩაუდენიათ.
დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. მორიგი სასამართლო სხდომა 8 მაისს დაინიშნა.
დაკავებულებს ბრალი წარდგენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით და 353-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ან/და მათ სამსახურებრივ შენობაზე ან სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა და პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით.