logo_geo
eng_logo
შალვა ოგბაიძე: თბილისში არსებული ავტოსკოლები აბსოლუტურად უკონტროლოა!
- +

ავტორი ანა ფერაძე

25 მარტი. 2017. 21:04




თბილისის საკრებულოს დეპუტატმა შალვა ოგბაიძემ „რეპორტიორთან" მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის წესის შეცვლაზე ისაუბრა. ოგბაიძე მიიჩნევს, რომ ბოლო დროს გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა იმ შემთხვევაში შეიცვლება, თუ საქართველო ევროპულ სტანდარტზე გადავა, რისთვისაც აუცილებელია გამკაცრდეს ზომები, გაჩნდეს მაღალკვალიფიციური ინსტრუქტორები, რომლებიც მომავალ მძღოლებს როგორც პრაქტიკულ უნარებს ასწავლიან, ასევე თეორიულად მოამზადებენ, რათა   ქუჩაში მოძრაობა უსაფრთხო გახდეს.


- რა ცვლილებებია საჭირო მართვის მოწმობის გამოცდის წესის ჩაბარებაში, რომ თავიდან ავიცილოთ  ავტოსაგზაო შემთხვევები?

 

- ნებისმიერი სპეციალობის გამოცდისთვის უნდა არსებობდეს ისეთი  საკვალიფიკაციო მოთხოვნა, რომლის გადალახვის შემდეგ არჩეულ სპეციალობასთან თანხვედრა იქნება უსაფრთხო.


ჩვენ წინა ხელისუფლებისგან წილად გვხვდა მართვის მოწმობის გამოცდის არასრულყოფილი პრაქტიკა. ავტომობილის მართვის მოწმობის ასაღებად მძღოლობის პრეტენდენტი გამოცდას აბარებს დახურულ მოედანზე. დაძვრა, გაჩერება, წარმოსახვით გარაჟში შეყენება. სულ რამდენიმე კომპონენტისგან შედგება მართვის მოწმობის გამოცდა. რომ დავრწმუნდეთ, რომ ეს პრეტენდენტი ფლობს მაღალკვალიფიციურ  უნარებს, ამისთვის საჭიროა, გამოცდა ჩატარდეს რეალურ პირობებში. შესაბამისად, ეს მოითხოვს მაღალკვალიფიციური პედაგოგ-ინსტრუქტორების აუცილებლობას.


მაგალითად, როგორ შეიძლება, მუსიკის მოყვარულს მივცეთ კონსერვატორიის დიპლომი, თუ მან დაუკრა ერთი მარტივი მელოდია. ეს ხომ აბსურდია. განსხვავება ის არის, რომ ფორტეპიანოზე არასწორად დაკვრის შემთხვევაში შეგიძლია თავიდან დაუკრა, მაგრამ სამწუხაროდ, ქუჩა არ პატიობს შეცდომას და მძღოლის მიერ დაშვებული შეცდომა შეიძლება ფატალურად დამთავრდეს. სწორედ ამის გამო დღევანდელი მდგომარეობა შესაცვლელია.


- უნდა გაკონტროლდეს თუ არა ავტოსკოლების მუშაობა?


- დღეს თბილისში არსებული ავტოსკოლები აბსოლუტურად უკონტროლოა. აუცილებელია, შეიქმნას თანამედროვე ევროპული ყაიდის ავტოსკოლები. რა თქმა უნდა, აუცილებელია, შემუშავდეს შესაბამისი პროგრამა, რომელშიც უნდა ჩაერთოს განათლების სამინისტრო და განისაზღვროს, გარდა პრაქტიკული უნარ-ჩვევებისა, მძღოლს რა თეორიული ცოდნა უნდა ჰქონდეს.


ნორმალური სწავლება დღეს მხოლოდ რამდენიმე ძველ ტრადიციულ ავტოსკოლაშია, რომლებიც ელოდებიან იმ დროს, რომ ავტოსკოლა  სავალდებულო გახდება. მომრავლდა თაღლითი ავტოსკოლები, რომლებიც ჰპირდებიან ორ-სამ დღეში გარანტირებულად მართვის მოწმობის აღებას დაზუთხვის მეთოდით, სთავაზობენ მართვის მოწმობის აღებას და არა იმას, რომ უსაფრთხოდ იარონ გზებზე. ავტოსკოლის გახსნას, ისევე როგორც, მაგალითად სატაქსო მომსახურებას არავინ აკონტროლებს. არანაირი რეგულაცია და ლიცენზია მათ არ სჭირდებათ.


მრავლად არის ავტოსკოლების განცხადებები, მაგალითად, ავტოსკოლა, ექოსკოპია, სტომატოლოგია, ყველაფერი ერთ სივრცეშია. ეს სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ასევე, „ფსიქო გარანტირებულად", როგორ შეიძლება, „ფსიქო" ადამიანს ისე მისცე, როცა მისი ჯანმრთელობა შემოწმებული არ არის. ეს იგივეა, რომ დააწერონ „ვყიდით ფსიქოს".


აუცილებელია, დადგინდეს, აქვს თუ არა ადამიანს იმის შესაძლებლობა, რომ მართოს ავტომობილი, თუ მას მაგალითად მხედვეობის პრობლემა აქვს, ეს აუცილებლად შესაბამისი კოდით უნდა აღინიშნოს მართვის მოწმობაში, რაც საქართველოში არ ხდება. ეს სფერო მოითხოვს დარეგულირებას, სახელმწიფოსგან ჩარევას და კალაპოტში მოქცევას.


- მოსალოდნელია თუ არა ჯარიმების გაზრდა?


- ვფიქრობ, რომ ჯარიმები უნდა იყოს გონივრული, მაგრამ ჯარიმის გაზრდაზე მნიშვნელოვანი ამ ახალ მოსალოდნელ ცვლილებაში, რომელსაც საშველი აღარ დაადგა, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელსაც საჯარიმო ქულების დარიცხვის მეთოდი ჰქვია.


დღეს ფულიან მძღოლს რამდენ ჯარიმასაც გამოუწერ, იმდენ ჯარიმას გადაიხდის. წინა წელს იყო რამდენიმე შემთხვევა, რომ მძღოლმა რამდენიმე ათასი გადაიხადა ჯარიმებში და მართვის მოწმობა აიღო. ფაქტობრივად, ფულიანი ადამიანი წესებს არღვევს და ფაქტობრივად „ყიდულობს ნარუშილოვკას". ევროპის ბევრ ქვეყანაში მძღოლს ყოველ ჯარიმაზე ერიცხება საჯარიმო ქულა. ეს საჯარიმო ქულების გარკვეული რაოდენობა ერთი წლის განმავლობაში მძღოლს ეძლევა კრედიტის სახით. თუ ჯარიმა  რამდენჯერმე გამეორდა, ქულათა ლიმიტი იწურება და მართვის მოწმობის შეჩერება კი არა, საერთოდ გაუქმება ხდება, ანუ მძღოლს თავიდან მოუწევს მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და დარწმუნებული ვარ, რომ პირველი რამდენიმე ათეული შემთხვევის დროს, როდესაც მართვის მოწმობა გაუუქმდებათ, ადამიანები დაფიქრდებიან, უღირს კი მართვის მოწმობის გარეშე ყოფნა და გამოცდის თავიდან ჩაბარება?


გარდა ამისა, გამკაცრებულია ნასვამობაზე, განმეორებით შემთხვევაზე ბევრი ისეთი სიახლეა, რომელითაც ვუახლოვდებით ევროპულ სისტემას. აქვე ვიტყვი, რომ ეს მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმე არ არის, ეს თითოეული ჩვენგანის, ყველა იმ უწყების საქმეა, რომელსაც შეხება აქვს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner