logo_geo
eng_logo
ანგელა მერკელი: ევროკავშირმა შეცდომები დაუშვა, მაგრამ დადგა მათი გამოსწორების დრო
- +

26 მარტი. 2017. 12:18



გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა იტალიის სახელმწიფო არხის „Tg1"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირმა შეცდომები დაუშვა, მაგრამ ამ შეცდომების გამოსწორებისთვის კარგი საფუძველი არსებობს.


„ევროკავშირმა შეცდომები დაუშვა, მაგრამ დადგა დრო დავასრულოთ დაწყებული და გამოვასწოროთ შეცდომები, საამისოდ კარგი საფუძველი გვაქვს. ვფიქრობ, ჩვენ ყველაფერი კარგად არ გავაკეთეთ და ის, რაც დაუსრულებელი დაგვრჩა, დადგა დრო, დავასრულოთ. როდესაც შიდა საზღვრები გავხსენით, არ გვიფიქრია გარე საზღვრების გამაგრებაზე; როდესაც ერთიანი ვალუტა დავაწესეთ არ ვიყავით მზად კრიზისისთვის. ყველაფერ ამას ჩვენ ახლა ვასწორებთ საბანკო კავშირისა და სტაბილიზაციის მექანიზმების მეშვეობით. მთავარი ის არის, რომ ეს სოლიდარობის ატმოსფეროში უნდა კეთდებოდეს", - განაცხადა ანგელა მერკელმა.


მისი აზრით, ევროპა შეძლებს ერთიანი პასუხის გამოძებნას საიმიგრაციო პრობლემაზე.


„ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ, რომ ხალხი არ გარბოდეს თავისი ქვეყნებიდან, გადავჭრათ კრიზისები, როგორც სირიაშია და ეს ერთად უნდა გავაკეთოთ", - აღნიშნა ანგელა მერკელმა.


რაც შეეხება ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე მომხდარ ინციდენტს, როდესაც ოვალურ კაბინეტში საპროტოკოლო ფოტოგადაღებისას ტრამპმა მერკელს ხელი არ ჩამოართვა, ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ „ხელის ჩამორთმევა საკმარისად იყო".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner