logo_geo
eng_logo
კობა ნარჩემაშვილი: ნებისმიერი ქმედება, რომელიც სახელმწიფოს უსაფრთხობის წინააღმდეგ არის მიმართული, უადგილოა!
- +

26 მარტი. 2017. 21:15


 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა ნარჩემაშვილმა „რეპორტიორთან"  პატიმრობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, იგეგმება მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის ჰუმანიზაციას ემსახურება.


ნარჩემაშვილი ასევე შეეხო პრეზიდენტის მიერ წამოწყებულ კამპანიას „კონსტიტუცია ყველასია", ფარული მოსმენების შესახებ კანონსა და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს.


-  ბათუმში გამართული აქცია, თქვენი შეფასებით, იყო პოლიციის მიერ გამოწერილი ჯარიმის გაპროტესტება თუ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია?

 

- ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებასაც და პოლიტიკოსებსაც ძალიან ფართო ხედვა უნდა გვქონდეს. ეს არ უნდა გახდეს პრიმიტიული განსჯის საგანი, რასაც, სამწუხაროდ, ადგილი აქვს სხვადასხვა წრეებში. ბათუმში განვითარებული მოვლენები თავისი შინაარსით, იმ განსაკუთრებულობით, რომელიც გამომჟღავნდა, ნამდვილად იმსახურებს სერიოზულ ყურადღებას, რადგან ბოლო 25 წლის განმავლობაში, პრაქტიკულად, საზოგადოებრივი პროტესტის ასეთ გამოხატულებებს, ვისი მხარიდანაც არ  უნდა ყოფილიყო ინიცირებული, ადგილი არ ჰქონია. ფაქტია, რომ საზოგადოების უკმაყოფილება გარკვეულმა ჯგუფმა საბაბად გამოიყენა და ეს ყველაფერი მასობრივ არეულობასა და ხელისუფლების კანონიერი მოთხოვნების მიმართ დაუმორჩილებლობაში გადაიზარდა. ვფიქრობ, პროცესების ამგვარ განვითარებაში აშკარად იგრძნობოდა გარკვეული ჯგუფის ხელწერა, იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაძაბულიყო ვითარება. მათ გასაგონად მინდა ვთქვა, ვინც ამბობს, რომ ხელისუფლება უფრო ეფექტური უნდა ყოფილიყო... ამ თვალსაზრისით, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის შედეგი, რაც დადგა, რადგან ასეთი დაპირისპირების პირობებში ადვილი შესაძლებელი იყო, რომ ყოფილიყო მსხვერპლიც. ამიტომ ვთვლი, რომ ხელისუფლების მოქმედება სრულიად ადეკვატური იყო. მიმაჩნია, რომ მიღებული შედეგი ხელისუფლების მხრიდან ძალის პროპორციულად გამოყენების შედეგია.


- პრეზიდენტმა ფარული მოსმენების შესახებ კანონთა პაკეტს ვეტო დაადო, რომელიც პარლამენტმა დაძლია. ელოდით თუ არა და თქვენი აზრით, რამ განაპირობა გიორგი მარგველაშვილის მოქმედებას?


- ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად პროგნოზირებადი იყო პრეზიდენტის მხრიდან ასეთი ქმედება, მიუხედავად იმისა, რომ ახალი კანონპროექტით, პირველად მოხდა ამ ორგანოს ინსტიტუციონალიზაცია, რასაც აქამდე ადგილი არ ჰქონია. ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა და მასზე რამდენიმედონიანი კონტროლის საკმაოდ მყარი გარანტიები არის - მხედველობაში მაქვს როგორც სასამართლოს კონტროლი, ისე პერსონალურ მონაცემთა დაცვის კონტროლი და ა.შ. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა მაინც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვეტო დაედო. ჩემთვის რთულია იმაზე საუბარი, რა პოლიტიკური მოტივაციით ხელმძღვანელობდა პრეზიდენტი. რაც შეეხება სამართლებრივ კონტექსტს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მაშინ, როდესაც ამ სფეროს ინსტიტუციონალიზაცია ხდება, ჩემი აზრით, ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია ისეთი მნიშვნელოვანი ფასეულობის წინააღმდეგ, როგორის არის სახელმწიფოს უსაფრთხობა, არის უადგილო. ამ თემის საპასუხოდ ბევრჯერ გვითქვამს, რომ ხელისუფლების განხორციელება ეს არის ძალის კანონიერი გამოყენება და მთავარია, რომ ხელისუფლება მის ხელთ არსებულ ძალას იყენებდეს კანონიერად, გადამეტების გარეშე და პროპორციულად. ვთვლი, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით, რომელიც პარლამენტმა მიიღო და ახლა უკვე კანონის სახე აქვს, სწორედ ამ ძალის კანონიერ გამოყენებაზეა საუბარი, ანუ მოსმენების კანონიერ გამოყენებაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გარემოება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სულისკვეთებას მაქსიმალურად გაჰყოლოდა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ბალანსი ადამიანის უფლებებსა და სახელმწიფოს უსაფრთხოებას შორის არ დარღვეულიყო. ვიმეორებ, რომ ამ სისტემის ინსტიტუციონალიზაციის პირობებში, ვფიქრობ, ეს ამოცანა მაქსიმალურად არის უზრუნველყოფილი. შესაძლოა, ზოგიერთ ადამიანს ან ექსპერტს გაუჩნდა შეგრძნება, რომ შესაძლებელი იყო უფრო დამოუკიდებელი ინსტიტუტის შექმნა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში რამდენად მოახერხებდა მეტად დამოუკიდებელი ინსტიტუტი იმ ამოცანების განხორციელებას, რასაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს უსაფრთხოება ჰქვია, კითხვის ნიშნის ქვეშ რჩებოდა.

 

- თქვენი აზრით, რამდენად დამოუკიდებელი სსიპ-ი იქნება?


- მთლად დამოუკიდებელი გინახავთ ვინმე ან რამე ამ ქვეყანაზე? ჩვენ ბევრი რამით ვართ შეზღუდული და ჩვენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლებები და სხვისი ინტერესები. ჩვენ ისეთ უმნიშვნელოვანეს თემას, როგორიც არის სახელმწიფოს უსაფრთხოება, ბედის ანაბარა ვერ მივატოვებდით. მითუმეტეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ რამდენიმედონიანი კონტროლი ხორციელდება ამ სისტემაზე. თუ გულწრფელები ვიქნებით, თანამედროვე ტენოლოგიების პირობებში ამის გაკეთება ჩვეულებრივ მოქალაქესაც კი შეუძლია, გააჩნია მასშტაბებს. ამიტომ, მირჩევნია, რომ იყოს მაქსიმალურად კონტროლს დაქვემდებარებული სისტემა, ვისაც შეგვიძლია პასუხისმგებლობა დავაკისროთ, ვიდრე ეს სფერო პასუხისმგებლობის გარეშე იყოს მიტოვებული. შეიძლება 5-10 წლის შემდეგ სხვა მოცემულობა და სხვა რეალობა გვქონდეს, კიდევ უფრო გამჭვირვალე გავხადოთ ეს სისტემა, მაგრამ ვფიქრობ, არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ ის, რომ აქ მარტო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ჩარევაზე არ არის საუბარი, აქ მონაწილეობენ საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები, პრემიერ-მინისტრი... საბჭოს არსებობა, პრაქტიკულად გამორიცხავს თვითნებობის საშუალებას. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ მივიღეთ ისეთი კანონპროექტი, რომელიც წინ გადადგმული ნაბიჯია.


- იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტმა საკონსტიტუციო კომისიასთან მუშაობაზე უარი განაცხადა, წამოიწყო კამპანია „კონსტიტუცია ყველასია" და კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?


- ჩემი აზრით, ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო კომისიის როგორც შექმნის წინაპირობა, ასევე ის პერიპეტიები, რომელიც თან ახლავს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას. საკონსტიტუციო კომისიაში კარი ღია იყო და არის ნებისმიერი იმ ინსტიტუციისათვის, რომელიც ასეთი გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა მონაწილეობდეს. პრეზიდენტის ინსტიტუტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც დააზიანა თავად ინსტიტუტი, მხედველობაში მაქვს მათ მიერ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმა. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის მიერ წამოწყებული კამპანია „კონსტიტუცია ყველასია" გარკვეულწილად არის სწორედ ამ დაშვებული შეცდომის კომპენსირება. პრეზიდენტის მხრიდან ამ გადაწყვეტილებაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საკონსტიტუციო კომისიის მიერ შექმნილი საბოლოო პროექტი აუცილებლად გახდება საყოველთაო განხილვის საგანი. შემდეგ ამას მოჰყვება ძალიან დეტალური განხილვა კომიტეტებში, პარლამენტში, შემდეგ სესიებზე და ვფიქრობ, რომ საზოგადოების ფართო წრეები მიიღებენ ამაში მონაწილეობას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ამას არ ექნება მკვეთრად გამოხატული წინასაარჩევნო კამპანიის ხასიათი, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. თუ ასე არ არის, პირიქით, ძალიან კარგია, რაც უფრო მეტი ადამიანი გაეცნობა კონსტიტუცინალიზმის ძირითად პრინციპებს და იმას, რისი გაკეთებაც თანამედროვე საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში გვინდა, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.


- შპს ტელეკომპანია „საქართველოს" აქციების საკონტროლო პაკეტს 51%-ს ძმები ყარამანიშვილები „რუსთავი 2"-ის თანამშრომლებს გადასცენ, რათა საქმეზე ყოველგვარი გაუგებრობა შეწყდეს. თქვენი პოლიტიკური შეფასება ამასთან დაკავშირებით...


- არ მიმაჩნია, რომ ამ საკითხს ჩვენ რაიმე პოლიტიკური კონტექსტი უნდა შევძინოთ, ეს არის „რუსთავი 2"-ის კორპორაციული საკითხი.


- რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თანხმობა მისცა, რომ „სამხრეთ ოსეთის" სეპარატისტული რეჟიმის სამხედრო ქვედანაყოფები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყვნენ. რა შეიძლება შეცვალოს ამან საქართველოსთან ურთიერთობაში?


- ეს არის ე.წ. მცოცავი აგრესიისა და ანექსიის კიდევ ერთი გამოვლინება, საერთაშორისო სამართლით აღიარებული ყველა პრინციპის უხეში დარღვევა და ამის წინააღმდეგ, ვთვლი, რომ ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე ამ თემის   აქტუალიზება მოვახდინოთ და მეტი ფორმატი შევქმნათ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში.


მაღალი დონის შეხვედრებისას, არ არის ტრიბუნა, სადაც საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები არ კეთდება. ამ ეტაპზე ამით უნდა შემოვიფარგლოთ, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამჟამინდელ პოლიტიკურ გუნდს სამხრეთ ოსეთთან ან აფხაზეთთან დაკავშირებით არ აქვს ხედვები. ამ თვალსაზრისით, ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, მთავრობას ექნება მთელი რიგი ინიციატივები. ეს იქნება ძალიან ინტენსიური მუშაობა, რომელიც, ჩემი აზრით, თვისობრივად შეცვლის იმ სტერეოტიპებს, რომელიც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე ე.წ. გაყინულ კონფლიქტებს უკავშირდება. ის ხედვები, რომელიც დღეს მთავრობას აქვს, ძალიან საინტერესო და ახლებურია და ვთვლი, რომ აუცილებლად გვჭირდება ასეთი შეთავაზებები, რადგან ვიზა-ლიბრალიზაციის პროცესითა და სხვა საკითხებით, ვფიქრობ, რომ ძალიან მიმზიდველები ვხდებით ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოძმეებისთვის. თვისობრივად ახალი ვითარება იქმნება და ეს ვითარება აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი და ჩვენი თანამოძმეების სასარგებლოდ და ეს სარგებელი უნდა იყოს ორივესთვის მისაღები.


- როგორ შეაფსებთ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს პატიმრობის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით?


- ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის პატიმრობის შესახებ კანონში, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, სხვა თანმდევ ნორმატიულ აქტებში და მასალაში. მნიშვნელოვანია ის, რომ ხდება სასჯელაღსრულების ძალიან სერიოზული ჰუმანიზაცია და ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. ეს ემსახურება იმას, რომ სასჯელის მოხდა არ იყოს სამაგიეროს გადახდა ხელისუფლების მხრიდან, არ იყოს წამება, არამედ სასჯელის მოხდა ემსახურებოდეს მხოლოდ და მხოლოდ დანაშაულის პრევენციას. ეს კი მკაფიოდ გამოჩნდა კახა კახიშვილის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტებში.


მინდა, ამ საკითხის პოლიტიკურ ასპექტს შევეხო, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ცვლილებები ეხება ელექტრონულ მეთვალყურეობას, შემოდის ახალი სახე სასჯელისა, როგორიცაა შინაპატიმრობა. მიდის მაქსიმალური ჰუმანიზაცია, მათ შორის, იგეგმება ქალებთან მიმართებით შემსუბუქება, ასევე უვადო პატიმრობამისჯილ ადამიანებთან მიმართებითაც მთელი რიგი ცვლილებებია დაგეგმილი. ყველაფერ ამას არ აქვს მარტო ვიწრო მიმართულება, მიმაჩნია, რომ ესაა ახალი პოლიტიკური გუნდის პოლიტიკური ხედვა და ეს არ გახლავთ მარტო სასჯელაღსრულების სამინისტროში მიმდინარე ძალიან სერიოზული პროცესები, ეს არის სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა ზოგადად ქვეყანაში, რადგან შეუძლებელია, ეს საკითხი განვიხილოთ როგორც ცალკე აღებული და კონტექსტიდან ამოგლეჯილი. ეს ნიშავს იმას, რომ პოლიტიკურ გუნდს მიზნად აქვს დასახული სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის ჰუმანიზაცია და არამარტო პატიმრებისათვის პირობების გაუმჯობესება.

 

- როგორ შეაფასებთ კამპანიას „არა ჩადებას"?

 

- კამპანია „არა ჩადებას" არა სიმართლეზე, არამედ ტყუილზე დაფუძნებული კამპანიაა. როდესაც პოლიტიკური გუნდი ახორციელებს ასეთი ხასიათის სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას, რომლის ყველაზე ნათელი და მკაფიო გამოვლინება არის სასჯელის მოხდის ჰუმანიზება, უბრალოდ, შეუძლებელია, ის ერთი მიმართულებით აკეთებდეს ამას და მეორე მიმართულებით ამგვარ პოლიტიკას ახორციელებდეს. ეს საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს, რადგანაც კანონმდებლობის ასეთი უპრეცედენტო ლიბერალიზაცია, რომელსაც ადგილი ექნება სასჯელაღსრულების სისტემაში, თავისთავად გულისხმობს სწორი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის წარმართვას, ამის შემოქმედი კი არის მთლიანად მმართველი პოლიტიკური გუნდი. ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავია ის, რასაც აბრალებენ ხელისუფლებას ოპონენტები და ის, რასაც ხელისუფლება საკანონმდებლო დონეზე აკეთებს და რის შედეგებსაც უახლოეს ხანებში მივიღებთ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner