logo_geo
eng_logo
ახალგაზრდა რეჟისორი, რომელმაც პირველმა გადაიღო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი თამარ მეფეზე
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

29 მარტი. 2016. 21:49

ხუთი წელია, რაც კინოსტუდია „ხომლი" არსებობს. შეიკრიბნენ მეგობრები, სხვადასხვა კინოპროფესიის ადამიანები, იდეა გაუჩნდათ, რომ ისეთი კინოსტუდია დაეფუძნებინათ და ისეთ ფიგურებზე შეექმნათ ფილმები, რომლებმაც უდიდესი როლი შეასრულეს საქართველოს ისტორიაში. ერთ-ერთი პირველი იდეა მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის გადაღება იყო თამარ მეფეზე. შემოქმედებითმა ჯგუფმა ძალ-ღონე არ დაიშურა, რომ ფილმი შემდგარიყო. „რეპორტიორი" გთავაზობთ ფილმის რეჟისორ ლევან ლომაშვილთან ინტერვიუს:


- მსგავსი ფენომენი, ასეთი რანგის პოლიტიკოსი ქალი - მეფე, მონარქი, არამარტო ჩვენს ისტორიაში, ზოგადად მსოფლიო ისტორიაშიც ბევრი არ არის. ჩვენ არ გვქონია ბევრი „ოქროს ხანა", ეს იყო ერთხელ - თამარის დროს. ბევრი რამ მის ცხოვრებაში ბურუსით მოცული იყო და დღემდე ასეა. დავიწყეთ მასალების მოძიება, კვლევებისა და სცენარზე მუშაობის შემდეგ, დავიწყეთ გადაღებებიც.

 

- ფილმის გადაღებას ორი წელი მოანდომეთ...

 

- 2013 წელს დავიწყეთ ფილმის გადაღება, გვინდოდა, იმ წელშივე დაგვემთავრებინა, რადგან 2013 წელს თამარ მეფის გარდაცვალებიდან 800 წელი შესრულდა და ამ თარიღისთვის დაგვემთხვია. თუმცა, გასაგები მიზეზების გამო, ეტაპობრივად, ბევრი სირთულის გადალახვით მოვედით დღემდე.


- ფილმი არის მხტვარულ-დოკუმენტური...

 

- დოკუმენტურ ნაწილში გიორგი ზანგურის პერსონაჟი მხატვარია, რომელსაც  სურვილი აქვს, დახატოს მეფეთა პორტრეტები. პირველი პორტრეტი, ვის ხატვასაც იწყებს - არის თამარ მეფე. გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ ხუთი ფრესკა გვაქვს და ხუთივე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია, მსჯელობა იმაზე, თუ როგორი იყო თამარი, რთულია. მთხრობელისა და მხატვრის პერსონაჟი გიორგის სახით, დოკუმენტურ ნაწილს ძალიან მოუხდა, მაყურებლისთვისაც არ იქნება მოსაწყენი. გიორგიმ ძალიან კარგად მოირგო როლი.



ალბათ, ფილმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თამარ მეფის სულიერი სამყაროს წარმოჩენა იყო...

 

დიახ, ასეა. გვითხრეს, რომ თამარი „გაადამიანურებულიაო" და სწორი შეფასებაც იყო, რადგან ფილმში ზედმეტი პათოსი არ არის. თავი დავანებოთ იმას, რომ თამარ მეფე წმინდანია, პირველ რიგში, ისიც ჩვეულებრივი ადამიანი იყო, არაჩვეულებრივი შინაგანი სამყაროთი, თავის მოქმედებებით, თუნდაც სიმკაცრით, და ა.შ. შესაბამისად, მისი ზედმეტად გაფერადება სწორი არ იქნებოდა. ამიტომ მისი სულიერი და პირადი მხარეები უფრო მაღლა ამოვწიეთ, რათა მაყურებელამდე უფრო ახლოს მისულიყო. მასაც სტკიოდა, უხაროდა, ჰქონდა სისუსტეებიც. ერთი-ერთ სცენაში, სწორედ ამ სისუსტეზე საუბრობს, გვეგონა, ამის გამო გაგვაკრიტიკებდნენ, თუმცა, ასე არ მოხდა. თამარი ხალხს იმდენად უყვარდა, ლეგენდები შექმნეს, რაც საუკუნეებს გადმოეცა. მიუხედავად ამისა, სრულყოფილი ინფორმაცია მის ცხოვრებაზე მაინც არ გვაქვს. ორ ძირითად წყაროს დავეყრდენით, მაგრამ იქაც მწირი მონაცემები იყო.


-როდესაც თამარ მეფის, წმინდანის "გაადამიანურებაზე" მიდგა საუბარი, როგორი იყო საპატრიარქოს დამოკიდებულება ამ საკითხზე? 

- არ მგონია, ნებისმიერ სასულიერო პირს გაცნობიერებული არ ჰქონდეს, რომ თამარი იყო ჩვეულებრივი ადამიანი. საერთოდ წმინდანებიც, გმირებიც, ჯერ ჩვეულებრივი მოკვდავები არიან. უბრალოდ, თავიანთი ცხოვრების სტილით არიან განსხვავებულები. ჩვენ ამ ფილმში არ გვაქვს ისეთი რამ, რაზეც შეიძლება ვინმე მოგვედავოს. ფილმში არ არის არც ანტიქრისტიანულ-მართმადიდებლური, ანტიქართული, ანტიქალური და ა.შ... არ არის არაფრის დარღვევა, არ არის რაიმეს შეურაცხყოფა. პირიქით, ამ გაადამიანურებაში გვინდოდა, ადამიანებისთვის გვენახებინა, რომ თამარიც ისეთივე ადამიანი იყო, როგორც „შენ" და თუ მოინდომებ, შენც შეგიძლება გახდე ასეთი, რატომაც არა...


თამარ მეფის ცხოვრების სტილი ძალიან უბრალო იყო. მაგალითად, თავისივე ხელით გლახაკებს უკერავდა შესამოსელს. აპურებდა გაჭირვებულებს. ისტორიულ წიგნში ერთი მინაწერია, ბედნიერი იყო ის გლახაკი, ვინც თამარის დროს ცხოვრობდა, რადგან თამარის ხელით შეკერილი სამოსი ეცვა და მისი ხელიდან მიირთმევდა საჭმელსო. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ადამიანობის, თავმდაბლობის გამომხატველი იყო. ფილმის ნახვის შემდეგ სასულიერო პირებს ამ კუთხით შენიშვნები ნამდვილად არ ჰქონიათ.


- შემდეგ იპოვეთ მსახიობი ანა მატუაშვილი, რომელიც თამარ მეფის როლს მოირგებდა, რატომ შეაჩერეთ მასზე არჩევანი?

 

- როდესაც მსჯელობა მიდიოდა, თამარ მეფე როგორი შეიძლება ყოფილიყო, მაშინვე ანი დაგვიდგა თვალწინ. მე თავიდანვე მას ვხედავდი ამ როლში. თუნდაც ხმის ტემბრით, სამსახიობო ოსტატობით, მზერით, ერთგვარი სიმკაცრითაც, რაღაც დამოკიდებულებებით... ვფიქრობდი, რომ სწორედ ასეთი იქნებოდა. ანის თეატრიდან ვიცნობდი, ეკრანზეც მყავდა ნანახი, ვიცოდი, როგორ მოირგებდა ამ როლს და შექმნიდა თამარ მეფის სახეს. აქედან გამომდინარე, დიდი ძებნა არ დაგვიწყია. ყველაზე მეტად რაზეც არ ვიწვალეთ, თამარის როლის შემსრულებლის ძიება იყო. ძალიან სწორი არჩევანიც გავაკეთეთ!


- როგორც თავად თქვით, სურვილი გაქვთ, მოსწავლებიისთვის ფილმი ერთგვარი დამხმარე სახელმძღვანელოსავით გახდეს.

 

- დიახ, ასეა. კინოს ძალიან დიდი ძალა და გავლენა აქვს. შესაბამისად, ამ ზემოქმედებას თუ სწორად მივმართავთ, შეიძლება ძალიან კარგი საქმე გავაკეთოთ. ჩვენთვის სწორედ ეს იყო მთავარი, რომ ფილმი ყველაფერ დანარჩენთან ერთად შემეცნებითიც ყოფილიყო. ყოფილიყო ერთგვარი დამხმარე სახელმძღვანელო სკოლებისთვის, რომ არამარტო წიგნებიდან ესწავლათ, რაც აუცილებელია. ერთსაათიანი ფილმით, რა თქმა უნდა, ფუნდამენტურად ვერ შეისწავლი, თუმცა, თუ სურვილი გაუჩინა, ე.ი შედეგიც გამოიღო.


- არის თუ არა ფილმში უცნობი დეტალები, რაც საზოგადოებამ არ იცის?

 

- პირველ რიგში, გვეკითხებიან, თუ არის თამარის საფლავის თემის განხილვა, რა თქმა უნდა, არის და საკმაოდ დიდი დრო დაეთმო. ვამბობთ, თუ სად არის დიდი ალბათობით საფლავი. ასევე, რა სენით გარდაიცვალა. საფლავის მდებარეობის ვერსიები ფილმში საფუძვლიანად განხილულია. თუმცა წერტილს მაინც არ ვსვამთ.


თამარი დაკრძალეს იქ, სადაც დაკრძალეს, უბრალოდ, მერე ხალხმა ეს გაალეგენდა, რომ არ შეიძლებოდა ვინმეს სცოდნოდა საფლავის მდებარეობა. არის მოსაზრებაც, გადამალეს იმიტომ, რომ ძალიან დიდი სიმდიდრე ჩაატანეს, უამრავი ოქრო, ვერცხლი და ა.შ. ესეც მცდარად მიგვაჩნია, რადგან ის ძალიან ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა და ზოგადად ჩვენი მართლმადიდებლური სარწმუნოება არ ითვალისწინებდა ოქრო-ვერცხლის ჩატანებას. შესაბამისად, მისი საფლავიც იქნება სადა, როგორიც სხვა დანარჩენი, ოდნავი განსხვავებებით, რადგან მაინც მონარქი იყო. ამის დაჯერებაც ხშირ შემთხვევაში ადამიანებს უჭირთ, რადგან თამარ მეფე ჩვეულებრივ ადამიანად ვერ წარმოუდგენიათ. ავბედობის პერიოდამდე იცოდნენ მისი საფლავის მდებარეობა, შემდეგ მისი გადამალვა მოუხდათ.


როგორც ჩანს, ისტორიკოსებიც გიწევდნენ კონსულტაციას?

 

- დიახ, მიხეილ ბახტაძე, თეა ქართველიშვილი არიან ჩვენი ფილმის კონსულტანტები. მათთან ძირითადი საკითხები გავიარეთ. გავეცანით ყველა წყაროს, ყველა ისტორიკოსის მონოგრაფიებს. სადაც კი რაიმე დაწერილა, არამარტო საქართველოში, სადაც კი ხელი მიგვიწვდა, გვსურდა, მაქსიმალურად შეგვეკრა ყველა ის დეტალი, რაც ფილმში გამოგვადგებოდა. თუმცა, ყველგან თითქმის ერთსა და იმავეს ვაწყდებოდით.


- თუ არის ფილმში თამარის, როგორც ქალის სიყვარულის ისტორია მოთხრობილი?

 

- არა, თუმცა, იქ არის სცენა, როდესაც გათხოვებაზე მიდგა საკითხი, თამარს მამიდა რუსუდანთან აქვს დიალოგი და ეკითხება, შენ გაყვებოდი ასეთ სიტუაციაში ვიღაც უცნობსო, ის კი პასუხობს, ჩვენ არჩევანი არასდროს გვქონია, რადგან ის დაბადებიდან წაგვართვესო. მართლა ასე იყო და არამარტო თამარის ცხოვრებაში, რომ ქორწინება ადამიანის ნების წინააღმდეგ ხდებოდა.


რა იყო ამ ფილმით შემოქმედებითი ჯგუფის მთავარი სათქმელი მაყურებლისთვის?

 

ზოგადად, ბევრი რამის თქმა გვინდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანს შევეხები. ვიღაცეები გვასწავლიან, ევროპაში ფეხი როგორ უნდა შევდგათ და ა.შ. სინამდვილეში მეთორმეტე საუკუნეში გვქონდა ძალიან დიდი იმპერია და უდიდესი ფინანსური შესაძლებლობები. თამარის დროს ბიუჯეტი იმაზე მეტი იყო, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. მან შექმნა ტრაპიზონის სამეფო. შექმნა უდიდეს სიმაღლეებზე ასული იმპერია, ეს ყველაფერი ქალის ხელით მოხდა.


ბოლო პერიოდში საუბრობენ ქალის როლზე პოლიტიკაში, ზოგადად, ქალის თემა ბოლო წლებია განსაკუთრებულად დომინირებს. ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში გვყავდა ამხელა რანგის პოლიტიკოსი ქალი, მაშინ ევროპისთვისაც მიუღებელი იყო და დღემდე სიკვდილით დასჯა კვლავ ძალაშია, მის დროს კი ეს წესი გაუქმდა. ან პარლამენტარიზმის იდეა, მეთორმეტე საუკუნეში ყურთლუ-არსლანი, თამარ მეფის მეჭურჭლეთუხუცესი, გამოდის იდეით, შეიქმნას ერთგვარი კარავი, სადაც დიდგვაროვნები დასხდებიან, გადაწყვეტენ რაღაც საკითხს, მეფეს ხელის მოსაწერად გადაუგზავნიან, მერე მეფე ხელს მოაწერს ან არა. 80 წლის შემდეგ ინგლისში შემოდის ლორდთა პალატა, დაახლოებით ისეთივე მოდელის, როგორიც დღეს პარლამენტია. დღეს ინგლისელები ითვლებიან პარლამენტარიზმის ფუძემდებლად, სინამდვილეში ეს გაცილებით ადრე მოხდა საქართველოში. ამ ყველაფრით იმის თქმა გვსურდა, რომ ჩვენი კულტურა ახლა არ იწყება, რომ ძალიან დიდი ისტორია გვაქვს და თავის დროზე ქალის უფლებებიც სათანადოდ იყო დაცული.


როგორც ფილმის რეჟისორი, როგორ ფიქრობთ, რამდენად ბოლომდე განახორციელეთ ჩანაფიქრი?

 

ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე კმაყოფილი ვარ. კინო ძალიან ძვირი სიამოვნებაა, მითუმეტეს, ეპოქაზე მუშაობაა ძალიან რთული. ჩვენ მინიმალური რესურსებით შევძელით და შეიძლება ითქვას, კმაყოფილები ვართ, რა თქმა უნდა, უკეთესადაც შეიძლებოდა. შეიძლებოდა მეტი მხატვრული სცენა ყოფილიყო, უფრო ბატალური სცენები, ხანგრძლივი ქრონომეტრაჟი, დაწვრილებით ყოფილიყო აღწერილი თამარის ცხოვრება, მაგრამ საბანი სადამდეც გაგვწვდა, ამ ყველაფრის გაკეთება იქამდე შევძელით. ვფიქრობთ, არავის გავაღიზიანებთ და არ გვეტყვიან, როგორ გააფუჭეთ ეს თემაო. ყველაფერი, რა თქმა უნდა, გემოვნების საკითხია. ვიღაცას მოეწონება, ვიღაცას - არა. ყოველ შემთხვევაში, მოსადავებელი, რომ თამარი ცუდად წარმოვაჩინეთ, ნამდვილად არ არის.


ხომ არ ფიქრობთ ამ ფილმის საზღვრებს გარეთ გატანას?

 

კი, რატომაც არა. არსებობს მართმადიდებლური და მსგავსი ტიპის ფესტივალები, სადაც ეს ფილმი ფორმატით მიესადაგება. ზოგადად მსოფლიოში თამარ მეფეზე დიდი ინტერესია, სადაც არ იციან, ახლა შეიძლება გაიგონ. რამდენიმე ფესტივალის ვერსიას ვამუშავებთ, სადაც შეიძლება ეს ფილმი გავაგზავნოთ.


- როგორც ვიცი, ზოგადად იდეაში გაქვთ ფილმების გადაღება 13 მეფეზე...

 

დიახ, „შენი ბიოგრაფია" ასე ჰქვია. ამასაც საიდუმლოდ დავტოვებ, რადგან ჯერ ამ ფილმმა თავისი სათქმელი უნდა თქვას, რომ დავინახოთ ამ ციკლის გაგრძელების საჭიროება. როგორც ზევით აღვნიშნე, გვსურს, ეს სკოლებისთვის გაკეთდეს, შეიქმნას ერთგვარი ვიდეომატიანე, ვიდეოთეკა, სადაც შესაძლებელი იქნება, ეპოქის მიხედვით, ნახონ ასეთი ფილმები და ვთქვათ, ვიზუალად უფრო იოლად აღიქვან ისტორიული მოვლენები. თუ დავინახავთ, რომ გაჩნდა ინტერესი, გეგმა გვაქვს, გაკეთდეს ფილმები 13 მეფეზე, მსგავსი ტიპის, როგორიც თამარ მეფეზეა.


ფილმში ასეთმა ფრაზამ გაიელვა „საქართველოში ყველას თავისი თამარ მეფე ჰყავს" ...

 

სწორედ ასეა, ყველას თავისი თამარ მეფე ჰყავს. ჩვენც ჩვენი მეფე დავხატეთ. ის არამარტო ერთ-ერთი გამორჩეული მეფე, არამედ პიროვნებაა, მისი ცხოვრება, ღვაწლი, ფილმებისა და სერიალების თემასაც შეიძლება არ ეყოს. ჩვენი ქვეყნისთვის ის მოვლენა იყო. 























 

right_banner right_banner
არქივი
right_banner