ფრაქცია „რესპუბლიკელების" თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი გოგი თოფაძეს პოლიტიკურ კურსს უწუნებს. ბერძენიშვილის განცხადებით თოფაძის სურვილია რომ საქართველო ნეიტრალური ქვეყანა დარჩეს, რაც ქვეყნის დასავლეთისკენ სწრაფვის კურსს ეწინააღმდეგება.
„თოფაძე ჩემს მიერ ჩამოთვლილი პიროვნებებისგან და პოლიტიკური ჯგუფებისგან პოზიციებით არ განსხვავდება, მაგრამ განსხვავდება ფორმალური პოლიტიკური კუთვნილებით, რადგან ის მმართველი კოალიციის წევრია. ბიძინა ივანიშვილმა და კოალიციაში შემავალმა დანარჩენმა 5-მა პარტიამ, თოფაძეს პირობა წავუყენეთ და ხელი მოვაწერინეთ დოკუმენტზე, რომ NATO-ში ინტეგრაციას მხარს უჭერს. მისი პარტია კოალიციის მე-6 სუბიექტი მხოლოდ ამის შემდეგ გახდა. მე პარტია "მრეწველების" მიმართ პრეტენზიები არა მაქვს, პრეტენზიები მაქვს ერთი დეპუტატის - თოფაძის მიმართ.
ეს კოალიციასა და გოგი თოფაძეს შორის დაპირისპირებაა, რადგან კოალიციის დეკლარირებული კურსი საქართველოს NATO-ში შესვლაა. თოფაძეს კი, მიაჩნია, რომ საქართველო ნეიტრალური სახელმწიფო უნდა იყოს, რომ NATO აგრესიული ბლოკია და ჩვენ იქ არ მიგვიღებენ. 2002 წელს შევარდნაძემ რომ პრაღის სამიტზე დააკაკუნა და განაცხადა, NATO-ში გვინდაო, იმ დროიდან მოყოლებული, საქართველოს NATO-ში გასაწევრიანებლად, შევარდნაძის, "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" 3 ხელისუფლება უწყვეტად ზრუნავს." - განაცხადა ბერძენიშვილმა გადაცემაში 2030.