logo_geo
eng_logo
ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ს ტოვებს? - კულისები, შანტაჟი და ბრალდებები
- +

27 მარტი. 2017. 11:28


 


როგორც ჩანს, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ში სერიოზული კრიზისია. არხის მფლობელებსა და მათ მიერ დანიშნულ გენერალურ დირექტორს შორის დაპირისპირებამ უკვე არა მხოლოდ ღია, სახიფათო ხასიათიც მიიღო. ნიკა გვარამიასა და ძმებ ყარამანიშვილებს შორის, როგორც ჩანს, უნდობლობა გაჩნდა და ახლა მათ განცხადებებს შანტაჟის ელფერიც კი დაჰკრავს.


ყარამანიშვილების მხარეს თუ „რუსთავი 2"-ის ოფიციალური ვალდებულებებია, არხს აფინანსებენ და გავლენას ახდენენ ყველა სტრატეგიული ხასიათის გადაწყვეტილებაზე, ნიკა გვარამია, როგორც ჩანს, ცდილობს, ამ ბრძოლაში „რუსთავი 2"-ის მთელი კოლექტივი გამოიყენოს მფლობელების წინააღმდეგ. შთაბეჭდილება სწორედ ასეთი რჩება.


ყველაფერი ძალიან მოულოდნელად დაიწყო, მოულოდნელი იყო ჩვენთვის, რადგანაც ყარამანიშვილების პირველი შეთავაზებით - რომელიც ლევანმა საკუთარ ფბ-გვერდზე გამოაქვეყნა და „რუსთავი 2"-ის კოლექტივს „რუსთავი 2"-ის 40% უშუალოდ შესთავაზა - ცხადი გახდა, რომ კულუარებიდან რაღაც პროცესმა გამოჟონა.


ლევან ყარამანიშვილის ინიციატივის პასუხად, ნიკა გვარამიამ უკვე მთელი კოლექტივის სახელით მოითხოვა შპს „საქართველოს" 100% (ეს კომპანია ამავე დროს ფლობს „რუსთავი 2"-ის 51%-აც). არხის გენერალური დირექტორის განმარტებით, წილი რამდენიმე ადამიანს უნდა გადაეცეს. პასუხად ყარამანიშვილმა თქვა, რომ ის მზად არის, დათმოს შპს „საქართველოს" წილი არა მთლიანად, არამედ 51%, რომელიც ყველაზე „ღიად და სამართლიანად" გადანაწილდება.


შეთავაზების პასუხის პასუხად ნიკა გვარამიამ თქვა, რომ რამდენიმე ადამიანი დააფუძნებს შპს „რუსთავი 2"-ის გუნდს". გენერალური დირექტორის ამ ინიციატივას ყარამანიშვილმა „გაურკვეველი შუამავალი" უწოდა და ახალ ინიციატივას არ დაეთანხმა. წილი ყველას უნდა გადაუნაწილდეს თანაბრად და არა მხოლოდ რამდენიმე ადამიანს, - კიდევ ერთხელ დააზუსტა არხის მფლობელმა.

თუმცა, მფლობელის ასეთი პოზიციის მიუხედავად, ნიკა გვარამიამ, „რუსთავი 2"-ის კოლექტივთან ერთად, შპს „საქართველოს" 51%-ის გადანაწილება დაიწყო - ეს პროცესი, გვარამიას მითითებით, ჯერ გადაიღეს და შემდეგ ეთერშიც გაუშვეს. როგორც ჩანს, ნიკა ძალიან ჩქარობს. მიუხედავად იმისა, რომ არხის ზოგიერთი წამყვანი სახე თათბირს ვერ დაესწრებოდა, ის მაინც ჩაატარა, თუმცა, ამ პროცესმა ნანუკა ჟორჟოლიანის, ვანო ჯავახიშვილისა და სხვების პროტესტი და უკმაყოფილება გამოიწვია. მათ წილების გაყოფის ეთერით გადაცემა არ მოეწონათ. ბევრი არც წილების გაყოფის პროცედურამ დააკმაყოფილა.


ახლა რაც შეეხება ორივე მხარის მხრიდან გაჟღერებულ ქვეტექსტებსა და შანტაჟის ფორმებს.

საინტერესოა, რომ პირველ განცხადებაში, რომელიც ღიად გამოაქვეყნა ლევან ყარამანიშვილმა, რატომღაც გენერალური დირექტორის ხელფასზეც გააკეთა მინიშნება. როგორც გაირკვა, მისი ხელფასი თვეში 60 ათას ლარს შეადგენს. ეს ფაქტი ბევრისთვის გამაღიზიანებელი ფაქტორი აღმოჩნდა.


საპასუხოდ, გვარამია გამოჩნდა „რუსთავი 2"-ის მთელი კოლექტივის ფონზე. ამით კი ყარამანიშვილსა და მის უკან მდგომ პირს - სავარაუდოდ, სააკაშვილს - აჩვენა საკუთარი გავლენაცა და ძალაც. ეს იმის ნიშანი იყო, რომ, თუ მისი პირობა არ შესრულდებოდა, „რუსთავი 2"-ის კოლექტივი ნიკას მხარეს დადგებოდა. მაშინ რამდენიმემ პირად საუბრებში „პრაიმტაიმს" უთხრა, რომ იგეგმებოდა გაფიცვა - არავინ არ გამოცხადდებოდა სამსახურში და ყველაფერს გააკეთებდნენ იმისთვის, რომ არხი გაჩერებულიყო და მფლობელებისთვის ლიცენზია შეეჩერებინათ.

საპასუხოდ, ერთ-ერთ ფბ-სტატუსში ლევან ყარამანიშვილმა გვარამიას უთხრა, რომ ის ცუდი მენეჯერია, რაც უკვე იმასაც ნიშნავს, რომ მისი ხელფასიც არაადეკვატურია.

„...გვინდა, აღვნიშნოთ, რომ სწორი ფინანსური მენეჯმენტისა და ხარჯების მკაცრი კონტროლის პირობებში, სრულიად რეალისტურია კომპანიის გაყვანა მოგებაზე..."

ამაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ჟურნალისტები დივიდენდებს ვერ მიიღებდნენ.


რაც შეეხება კულისებს:


კულისებში პროცესი მაშინ გამწვავდა, როცა ლევან ყარამანიშვილმა ნიკა გვარამიას ფინანსების ეკონომიურად ხარჯვა და კადრების შემცირება მოსთხოვა, რაზეც მფლობელმა არხის გენერალური დირექტორისგან უარი მიიღო. მაშინ დაიწყო დაძაბულობაც.


ნიკა გვარამიამ, როგორც „პრაიმტაიმს" პირად საუბრებში ეუბნებიან, არხის თანამშრომლები დაარწმუნა, რომ ყარამანიშვილები ხელისუფლებას გაურიგდნენ და გვარამიასა და სხვების გათავისუფლებას ცდილობდნენ. თავის მხრივ, არხის მესაკუთრეებიც ცდილობენ, დაარწმუნონ ჟურნალისტები იმაში, რომ გვარამია ბოკერია-უგულავას ფრთის ინტერესებს წარმოადგენს და მათ სააკაშვილისთვის არხის „ახევა" სურთ.


ნიკა გვარამიამ არხის თანამშრომლები დაარწმუნა, რომ ისინი ტელეკომპანია „საქართველოში" 51% წილის მიღებით ავტომატურად გახდებოდნენ „რუსთავი 2"-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელები. თუმცა, იურისტები ამ პოზიციას არ იზიარებენ.


ვითარება, როგორც ჩანს, მწვავდება. ხმაურიანი კულისები ლევან ყარამანიშვილმა გახსნა. პროცესი უკვე საზოგადოების თვალწინ მიმდინარეობს. ეს მაინც არის ის პროცესი, რაც ცოტა ხნით ადრე ხმაურით დაიწყო და სკანდალით დასრულდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში". „პრაიმტაიმმა" მაშინვე ივარაუდა, რომ გაყოფა „რუსთავი 2"-საც შეეხებოდა.


დაძაბულობა პიკს აღწევს და შანტაჟის ენა სულ უფრო და უფრო მწვავდება. არ არის გამორიცხული, ნიკა გვარამიას პოსტი დაატოვებინონ. ასეთი სკანდალური დამოკიდებულება მფლობელსა და დანიშნულ დირექტორს შორის, როგორც წესი, ასეც სრულდება. ეს უკვე დაპირისპირებაც აღარ არის - ლამის სერიოზულ ბრძოლაში გადაზრდილი პროცესის მოწმეები ვართ. კულისებში მოქმედების ლიმიტი არხის მფლობელებსაც აქვთ - მათ შეუძლიათ, „რუსთავი 2"-ში ფინანსური აუდიტი ჩაატარონ და ხარჯების განკარგვა შეამოწმონ. როგორც ითქვა, კულისებში ეს თემა დღის წესრიგში უკვე დადგა.


მოკლედ, ამ ისტორიაში ბევრი ვერსია, ეჭვი და კითხვის ნიშანი გაჩნდა. თუმცა, ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რამდენად რეალურია ხმები იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია „საქართველოში" 51% წილის ფლობა ავტომატურად ნიშნავს „რუსთავი 2"-ში საკონტროლო პაკეტის ფლობასაც. ვითარების გასარკვევად „პრაიმტაიმი" ექსპერტ ლევან ალაფიშვილს დაუკავშირდა:


- „რუსთავი 2"-ის რომელიმე პარტნიორ კომპანიაში პარტნიორთა ცვლილება და იმ კომპანიაში „რუსთავი 2"-ის თანამშრომელთა რაიმე ფორმით შესვლა - უშუალოდ ან ცალკე კომპანიის მეშვეობით, „რუსთავი 2"-თან მიმართებაში და „რუსთავი 2"-ში მმართველობითი თუ სხვა სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში არაფერს ცვლის. „რუსთავი 2"-ის შრომით კოლექტივს „რუსთავი 2"-ში და მის მართვასთან დაკავშირებით არანაირი ახალი კომპეტენცია და საშუალება, რათა გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილებებზე, არ ეძლევა.


საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი სამსაფეხურიან სქემას ქმნის: შპს ტელეკომპანია „რუსთავი 2", მისი პარტნიორი 51% წილის მფლობელი შპს „ტელეკომპანია საქართველო" და ამ ტელეკომპანია „საქართველოს" 51% წილის მფლობელი კომპანია „რუსთავი 2"-ის გუნდი". ეს არის სამსაფეხურიანი სქემა, საკმაოდ რთული სქემაა, რომელიც „რუსთავი 2"-ის თანამშრომელთა გავლენას ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის მართვაზე ხარისხობრივად, პრაქტიკულად, შეუძლებელს ხდის. ისინი ხდებიან ტელეკომპანია „საქართველოში" საკონტროლო პაკეტის მფლობელები.


ტელეკომპანია „საქართველოს" „რუსთავი 2"-ის გარდა, შეიძლება სხვა ბიზნესიც ჰქონდეს, ჩვენ ეს არ ვიცით. „რუსთავი 2"-ის თანამშრომლები იმ სხვა ბიზნესებშიც მიიღებენ არაპირდაპირ მონაწილეობას ისევე, როგორც „რუსთავი 2"-ში. მაგალითად, რომელიმე საავტომობილო ფირმის წარმომადგენლობა რომ ჰქონდეს ტელეკომპანია „საქართველოს" - პირობითად ვამბობ - ან, მაგალითად, რაიმე აგროპროდუქტების წარმოება - ყველაში თანაბრად იქნება წარმოდგენილი ამ თანამშრომელთა გაერთიანება.


- „მზად ვართ, კოლექტივს გადავცეთ 51% ტელეკომპანია „საქართველოში", რომელიც, თავის მხრივ, არის „რუსთავი 2"-ის 51%-ის მესაკუთრე. ეს ნიშნავს, რომ ტელეკომპანიის მართვა მთლიანად კოლექტივის ხელში გადავა". ეს არ ნიშნავს „რუსთავი 2"-ის საკონტროლო პაკეტის ფლობას, არადა, სწორედ ასე ითქვა...


- „რუსთავი 2"-ის თანამშრომლების მიერ ჩამოყალიბებულ კომპანიას ეყოლება დირექტორი და ის გააკონტროლებს 51%-ს ტელეკომპანია „საქართველოში". ასე რომ, განცხადებაში მითითებულია, რომ გააკონტროლებენ ტელეკომპანიას, ოღონდ გააკონტროლებენ „საქართველოს" და არა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ს. ეს სხვადასხვა რამ არის.


ყარამანიშვილები ტელეკომპანია „საქართველოშიც" დარჩებიან და „რუსთავი 2"-შიც შეინარჩუნებენ კონტროლსაც და გადაწყვეტილებებზე გავლენასაც. მით უფრო, სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე, ქონებრივ საკითხებთან, მაგალითად, ან ინვესტიციებთან...


- რა შთაბეჭდილება გრჩება, რატომ დაიწყო ეს პროცესი ან რისთვის, თუკი სინამდვილეში, როგორც შენ ამბობ, „რუსთავი 2"-ის მართვაზე საუბარი არც არის?


- სიმართლე გითხრათ, ბოლო პერიოდმა ერთიანი, ცხადი სურათი ვერ დამანახა. თუკი თანამშრომელთა ეფექტურ მონაწილეობაზე იყო საუბარი, მაშინ ისინი ყარამანიშვილის თავდაპირველ შეთავაზებაზე უნდა დათანხმებულიყვნენ - ის უშუალოდ „რუსთავი 2"-ის 40%-ს სთავაზობდა. ახლა ამ ეფექტს ვერ მიიღებენ, მათ სამი ფილტრი უნდა გაიარონ - თავად შეთანხმდნენ და მიიღონ გადაწყვეტილება თავიანთ კომპანიაში და მეორე ეტაპი, ტელეკომპანია „საქართველო" და მხოლოდ შემდეგ „რუსთავი 2". ეფექტური და უშუალო კონტროლი თუ მონაწილეობა „რუსთავი 2"-ის შრომით კოლექტივს არ ექნება.


არ გამორიცხავენ, რომ წილების განაწილება-გაყოფის მთელი ეს პროცესი მხოლოდ ნიკა გვარამიას არხიდან გაყვანას ემსახურებოდეს. გენერალური დირექტორი წავა, მაგრამ იტყვის, რომ მან სიტყვის თავისუფლებისთვის და არხის განვითარებისთვის ყველაფერი გააკეთა - „რუსთავი 2" ჟურნალისტებს დაუტოვა. ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი ვერსია შესაძლოა, ესეც იყოს: „ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს ორივე მხარე ცდილობს სახის შენარჩუნებას".


თუმცა, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ამბობენ, რომ ნიკა გვარამია ოდესაში გადადის. თითქოს იქ სააკაშვილი ახალ სტუდიას აკეთებს და გადაცემის წამყვანობისთვის ემზადება.



ავტორი: ქეთი ხატიაშვილი



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner