logo_geo
eng_logo
„უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ადმინისტრაციული სხდომების საჯაროობის შეზღუდვა“
- +

27 მარტი. 2017. 14:46


 

 

„ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები" საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოსალოდნელი გადაწყვეტილების თაობაზე მიმართავს, რომელმაც შესაძლებელია ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობისთვის დასაშვები გახადოს ადმინისტრაციული სხდომების საჯაროობის დარღვევა და საჯარო უწყებებმა ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში, საკუთარი შეხედულებისამებრ, სხდომაზე არ დაუშვან საკითხის განხილვით დაინტერესებული პირები", - ამის შესახებ „ახალგაზრდა ადვოკატების" მთავარმა იურისტმა რუსლან ალექსიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ორგანიზაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის ადმინისტრაციულ სხდომაზე ჩადენილ ქმედებას ასაჩივრებს.


„საქართველოს უზენაესი სასამართლო განიხილავს ორგანიზაციის საკასაციო საჩივარს, რომლითაც მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების ბათილად ცნობა. ორგანიზაცია ასაჩივრებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის ადმინისტრაციულ სხდომაზე ჩადენილ ქმედებას. ცესკო-მ ადმინისტრაციულ სხდომაზე, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დროს, მოულოდნელად, დარბაზიდან გააძევა ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, მთავარი იურისტი და იურისტი. ორგანიზაციის თანამშრომლები, კანონის თანახმად, წარმოადგენდნენ დაინტერესებულ პირებს და სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ გავლენას ახდენდა მათ ინტერესებზე. შესაბამისად, ორგანიზაციამ საერთო სასამართლოებს მიმართა, სადავო გახდა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საჯაროობის პრინციპის უზრუნველყოფის დარღვევა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ და თბილისის სააპელაციო სასამართლომ, თავიანთ გადაწყვეტილებებში, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად აღნიშნეს, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაარღვია კანონი და არ უზრუნველყო ადმინისტარციული სხდომის საჯაროობის კონსტიტუციური პრინციპის დაცვა. მიუხედავად სასამართლოების ასეთი მიდგომისა და მსჯელობისა, მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძვლების მიუხედავად, ბათილად არ იქნა ცნობილი ცესკო-ს სხდომაზე მიღებული განკარგულება. სასამართლოების პოზიცია დაეფუძნა ერთადერთ გარემოებას, რომ დარღვევის მიუხედავად, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა შეძლო საკუთარი პოზიციების დაცვა და სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობაც, რაც პირდაპირ ეწინააღდმეგება ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილ სამართალწარმოების პრინციპებსა და მათ საჯაროობის საკითხს.

 

„ახალგაზრდა ადვოკატების" შეფასებით, თუკი საქართველოს უზენაესი სასამართლო დაუშვებლად ცნობს აღნიშნულ საკასაციო საჩივარს და სიღრმისეულად არ განიხილავს ორგანიზაციის სასარჩელო მოთხოვნას, შესაძლებელია, სასამართლომ დაამკვიდროს გამოუსწორებელი პრაქტიკა და საქართველოში საჯარო უწყებებს, ადმინისტრაციულ ორგანოებს საშუალება მიეცეთ, ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესის საჯაროობა ხელყონ, ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში არ დაუშვან კანონით დაშვებული დაინტერესებული პირები და მოახდინონ მათი საჯარო სხდომიდან გაშვება, რაც შემდგომში განიმარტება ასეთი საჯარო უწყებებისა და ადმინისტრაციული ორგანოების დისკრეციულ უფლებამოსილებად.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოების ასეთი მიდგომებისა და მსჯელობის მიუხედავად, ამასთან თუკი საქართველოს უზენაესი სასამართლო კანონიერ ძალაში დატოვებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას, ნამდვილად, ერთმნიშვნელოვნად და არსებითად წახალისდება საჯარო უწყებები და ადმინისტრაციული ორგანოები, ვინაიდან სასამართლო პირდაპირ ვალდებულია, განსახილველი საქმე გადაჭრას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებთან და არ მოახდინოს ნორმის კანონის საწინააღმდეგოდ განმარტება. თბილისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოებმა, სამწუხაროდ, საჯაროობის კონსტიტუციური პრინციპის ხელყოფის ლეგიტიმური საფუძველი შექმნეს და მათი გადაწყვეტილებებით, მთლიანად საზოგადოების კანონიერი ინტერესები დგას საფრთხის ქვეშ", - განაცხადა რუსლან ალექსიძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner