ავტორი ალა გრიგალაშვილი
შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი თავდაცვის ყოფილ მდივანს დონალდ რამსფელდს დახურულ კარს მიღმა, პირისპირ ესაუბრა.
მოგვიანებით ისინი კავკასიისა და ცენტრალური აზიის ახალგაზრდა ლიდერებს შეხვდნენ. ორივე შეხვედრას შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩომ უმასპინძლა.
გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას რეგიონულ პოლიტიკაში საქართველოს როლზე, ენერგეტიკულ საკითხებსა და აბრეშუმის გზის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენი რეგიონი რუსეთის ფედერაციის მეზობელია. ის კი ცდილობს, მონაწილეობა მიიღოს მეზობელი ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებში და ზოგიერთ ჩვენგანს თავის უკანა ეზოდაც მოიაზრებს. ისინი ლეგიტიმურად მიიჩნევენ, 2008 წელს ქართულ მიწაზე სამხედრო აგრესიით შემოსვლას. რუსეთი ცდილობს, შეაჩეროს საქართველოს განვითარება, ეს კი ყველა იმ შესაძლებლობის გაქრობას ნიშნავს, რაც ჩვენმა მეგობრებმა შექმნეს კასპიის რეგიონში. საქართველო პოლიტიკურად და კულტურულად საკუთარ თავს ევროპისა და NATO-ს მიაკუთვნებს. რამდენიმე თვეში გვექნება საპარლამენტო არჩევნები და აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ის იყოს კონკურენტული, თავისუფალი და შექმნას უკეთესი მომავალი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა და დონალდ რამსფელდმა ახალგაზრდა ლიდერების შეკითხვებსაც უპასუხეს, რომელიც ძირითად გლობალურ უსაფრთხოებასა და „ისლამური სახელმწიფოდან" მომდინარე საფრთხეებს შეეხებოდა.