logo_geo
eng_logo
გიორგი გაჩეჩილაძე: თუ არ იქნება „რუსთავი 2“ ჩემი, საერთოდ ნუ იქნება მაშინ! - ასე ფიქრობს ის!
- +

27 მარტი. 2017. 20:43



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი გაჩეჩილაძე „რეპორტიორთან" საუბარში „რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც გაჩეჩილაძემ განაცხადა, არხის წილების თანამშრომლებზე გადანაწილება არის საშუალება, რომლითაც ცდილობენ, ტელევიზიის ფუნქციონირების ბლოკირება მოახდინონ მას შემდეგ, რაც რეალურ მფლობელს დაუბრუნდება ტელევიზია.


გიორგი გაჩეჩილაძე ასევე შეეხო ბათუმში გამართულ აქციას, საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციასა და ქვეყანაში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს.



- საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაცია 28 მარტიდან ძალაში შევა...


- ეს ძალიან სასიხარულო ამბავია, გამომდინარე იქიდან, რომ ასოცირების ხელშეკრულებასთან ერთად, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ნაბიჯია ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. გვრჩება მხოლოდ წევრობის კანდიდატობის სტატუსი და იმედია, გარკვეული პერიოდის შემდეგ, რაც ჩვენ შევასრულებთ ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს, ესეც გადაწყდება. მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მოხერხდა ამის გაკეთება. მაგალითად, მოლდოვა რომ ავიღოთ, მან 2011 წელს მიიღო ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა და ჩვენთან მხოლოდ ახალი ხელისუფლების პირობებში მოხერხდა 2013 წელს ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მიღება. მოლდოვას 4 წელიწადი დასჭირდა საბოლოო გაფორმებამდე, ჩვენც, დაახლოებით, იგივე დრო მოვანდომეთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს პროცესს მიგრანტების პრობლემები, ეკონომიკური კრიზისი და სხვა სირთულეები დაემთხვა. ასე რომ, ჩვენ ძალიან კარგი შედეგები მივიღეთ.


 

- „რუსთავი 2"-ის ეთერში რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ კადრები, სადაც თანამშრომლებზე წილების გადანაწილება მიმდინარეობდა. როგორ შეაფასებთ ზოგადად არხის გარშემო არსებულ სიტუაციას?


- „რუსთავი 2"-ის საქმე, არ მგონია, რომ ძალიან რთული იყოს, როგორც ვიღაცას შეუძლია წარმოადგინოს. მოგეხსენებათ, „რუსთავი 2"-მა უამრავი მეპატრონე გამოიცვალა, მათ შორის ქიბარ ხალვაში, რომელსაც 2006 წელს ძალით დაათმობინეს ტელევიზია. რატომ არავინ  ლაპარაკობს იმაზე, რომ ის არის წინა ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ნიშნით დევნილი? 2009 წლის იანვარში მან პოლიტიკური დევნილის სტატუსი გერმანიაში მიიღო. ეს ყველაფერი შემთხვევით არ მომხდარა და დაკავშირებულია „რუსთავი 2"-თან და, აქედან გამომდინარე, ხალვაშის ქონებასთან. 2006 წელს მას დაათმობინეს ეს ქონება და საკუთრებაში რაც ჰქონდა დანარჩენი კომპანიები, ისიც წაართვეს. ქიბარ ხალვაშმა ჯერ კიდევ 2008 წლის ბოლოს შეიტანა მთავარ პროკურატურაში განცხადება „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით და ძალიან საინტერესო დამთხვევაა ის, რომ როდესაც ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ ეს პროცესები დაიწყო, ნიკა გვარამია იყო გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, შემდეგ კი - იუსტიციის მინისტრი. მიკვირს, რატომ არავინ არ ლაპარაკობს ამაზე, ეს შემთხვევითი დამთხვევები არ არის. აქ მხოლოდ ქონების დაბრუნებაზე არ არის საუბარი, საქმე ეხება ქიბარ ხალვაშის ღირსების აღდგენას.


ბოლოს განვითარებული მოვლენები და წილების თითქოს გადანაწილება, ცოტა ანეკდოტური ამბავია, იქიდან გამომდინარე, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არხის რეალური მფლობელია, „რუსთავი 2"-ის დამთმობი არ არის. ძმები ყარამანიშვილები ფორმალური მფლობელები არიან და უბრალოდ, შუალედური რგოლის როლს თამაშობენ. სააკაშვილმა იცის მედიის გავლენა და ფასი და ეს ყველაფერი დადგმული სპექტაკლია. სტრასბურგის სასამართლო ადამიანის უფლებათა სასამართლოა. „რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობამ იცის, რომ სტრასბურგის სასამართლო რეალური მეპატრონის სასარგებლოდ გადაწყვეტს ამ ამბავს. მითუმეტეს, როგორც ვიცი, ქიბარ ხალვაშს სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი მის დევნასა და ქონებასთან დაკავშირებით. ამიტომ, ისინი ცდილობენ, ამ საშუალებით ტელევიზიის ფუნქციონირების ბლოკირება მოახდინონ მას შემდეგ, რაც რეალურ მფლობელს დაუბრუნდება ტელევიზია. ისინი ფიქრობენ, რომ არხის ჟურნალისტები და ტექნიკური პერსონალი გაბრიყვდებიან და ხელს შეუშლიან ახალი მეპატრონის პირობებში ტელევიზიის ფუნქციონირებას. ვფიქრობ, ეს არის ძირითადი მიზანი. თუმცა, არ მგონია, რომ გამოვიდეს, რადგან როგორც თვითონ ამბობენ, ეს საკითხი არანაირ მატერიალურ დაინტერესებასთან კავშირში არ არის. იმდენად დიდია „რუსთავი 2"-ის თანამშრომლების რაოდენობა, რომ რამდენიც არ უნდა გადაანაწილონ „რუსთავი 2"-ის მოგება, ისინი ვერაფერს მიიღებენ. ეს არის ეშმაკობა, რომლითაც სააკაშვილი ფიქრობს: არ იქნება ჩემი „რუსთავი 2" - საერთოდ ნუ იქნება მაშინო.



- ბათუმში განვითარებული მოვლენებს როგორ შეაფასებთ? იყო მოსაზრებები, რომ შესაძლოა, ამ ყველაფრის უკან მესამე ძალის ინტერესები იდგეს, ვგულისხმობ რუსეთს. თქვენი აზრით, რამდენად არის ეს შესაძლებელი?


- საქმე იმაში გახლავთ, რომ იმ აგრესიულმა ფონმა, რომელიც ბათუმში დაფიქსირდა, ძალიან მომაგონა ის პროცესები, რომელიც ადრე საქართველოში მიმდინარეობდა. ქვების სროლა „ნაციონალური მოძრაობის" ხელწერაა. 2002 წელს ბოლნისში იყო ასეთი შემთხვევა, „მოქალაქეთა კავშირსა" და მიხილ სააკაშილს შორის იყო ქვების სროლა, 2012 წელს წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც გორის რაიონში ჩასულ კახა კალაძეს, გიორგი ვოლსკის და კიდევ რამდენიმე ადამიანს „ნაციონალურმა მოძრაობამ" ქვები დაუშინა. 2016 წლის არჩევნებში ვიყავი ბლოკის წარმომადგენელი და მე თვითონ ვიყავი მოწმე, ბოლნისის 48-ე ოლქს როგორ მიუსიეს ახალგაზრდები და ქვებით და ხელკეტებით დაარბიეს... ასე რომ, ეს ხელწერა ძალიან წააგავს იმ ხელწერას, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" ისტორიულად ჰქონდა. ეს ორგანიზებული აქცია იყო და „ნაციონალურ მოძრაობას" დესტაბილიზაციის მოწყობის გამოცდილება აქვს.



- „ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ ეს იყო ხელისუფლების მხრიდან პროვოცირებული, რათა ოპოზიციური პარტიები ცუდად წარმოეჩინა...


- დაველოდოთ გამოძიებას, ყველაფერი აშკარა გახდება. პროცესს თუ შევხედავთ მთლიანობაში, აშკარად ჩანს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" სააკაშვილის მენტალიტეტი მოქმედებს. მათ მხოლოდ აგრესიის გზით, დესტაბილიზაციით შეუძლიათ ხელისუფლების სათავეში მოსვლა. ასე იყო 2003 წელს, მე თვითონ პარლამენტში ვიჯექი, როდესაც სააკაშვილი შემოვარდა და ამის შემდეგ, მისი პოლიტიკა მთლიანად აგებული იყო ძალადობასა და აგრესიაზე. როდესაც მოსმენების შესახებ კანონს ვიღებდით, ძირითადი მოწინააღმდეგე ამ კანონპროექტისა იყო „ნაციონალური მოძრაობა". ისინი  ცდილობენ, დაასუსტონ სახელმწიფოს უსაფრთხოების სისტემა. რაც უფრო სუსტი იქნება უსაფრთხოების სისტემა, მათი დესტაბილიზაციის პროგრამების განხორციელება უფრო იოლი იქნება.



- არის თუ არა ეს სისტემა რუსეთთან კავშირში?


- ვფიქრობ, რომ არის, იმიტომ, რომ დღევანდელ დღეს ახალი ხელისუფლების პირობებში საქართველოში დაიწყო ძალიან ბევრი გეოპოლიტიკური პროექტი, რომელიც ბევრს არ სიამოვნებს, განსაკუთრებით ჩვენს ჩრდილოეთ მეზობელს. ეს არის „შაჰდენიზი 2"-ის გაზსადენი, რომელიც 2018 წლის ბოლოს უნდა შევიდეს ფუნქციონირებაში, 16 მილიარდმა კუბმეტრმა გაზმა უნდა გაიაროს აქედან ევროკავშირის ტერიტორიაზე. ანაკლიაში შენდება ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც იქნება ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი პორტი შავი ზღვის აკვატორიაში. ეს არის უზარმაზარი პროექტი, რომელშიც ჩართულია ამერიკა. აბრეშუმის ახალი გზა, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ შუა აზიისა და ჩინეთის ტვირთმა საქართველოს ტერიტორიით უნდა გაიაროს. ეს არის რუსეთის ალტერნატიული გზა. კიდევ არის რამდენიმე მსხვილი პროექტი, რომელიც ძალიან სერიოზულ პრობლემებს უქმნის გარკვეულ პოლიტიკურ და სახელმწიფო ძალებს ჩვენს გარშემო, ამიტომ ყველაფერი მოსალოდნელია. ნურავის ჰგონია, რომ რუსეთი გულზეხელდაკრეფილი უყურებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა რუსეთისთვის არის ის, რომ როგორმე მოახდინოს საქართველოს ტერიტორიაზე დესტაბილიზაცია, საქართველო-რუსეთის ურთიერთობა გადაიყვანოს აგრესიისა და დაპირისპირების ფორმატში, რათა ჰქონდეს გარკვეული მიზეზი ძალისმიერი მოქმედების განხორციელებისთვის საქართველოში. ვფიქრობ, რომ დღევანდელი ხელისუფლების ტაქტიკა რუსეთთან მიმართებაში არის ძალიან სწორი, რადგან ყველანაირად ცდილობს,  რუსეთს თავისი აგრესიული პოლიტიკის განხორციელების საშუალება არ მისცეს.

 

 

- რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თანხმობა მისცა, რომ „სამხრეთ ოსეთის" სეპარატისტული რეჟიმის სამხედრო ქვედანაყოფები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყვნენ. რა შეიძლება შეცვალოს ამან საქართველოსთან ურთიერთობაში?


-  ეს პირდაპირი ანექსიის ნიშანია. თუმცა, ამას მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს, თორემ აქამდეც ასე იყო და სამხრეთ ოსეთში რუსეთის ჯარი დგას. ამას მხოლოდ გამაღიზიანებელი ფაქტორი აქვს. ამიტომ ვთქვი, რომ რუსეთი ყოველთვის ცდილობს, როგორმე გამოიწვიოს საქართველოს მხარე. ამის მაგალითია ისიც, რომ გამყოფ ხაზებზე, საზღვარზე გამუდმებით ვიღაცას იტაცებენ. ეს ხომ გამაღიზიანებელია. რუსეთის ინტერესი და „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესი ერთმანეთს ემთხვევა. „ნაციონალებს" ყოველთვის აქვს მოწოდებები, რომ რუსეთს უნდა შევუტიოთ და ბაზარი დავუკეტოთ. ეს იგივეა, რასაც რუსეთი აკეთებს საქართველოსთან მიმართებაში იმ განსხვავებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ზეპირად ლაპარაკობს, რუსეთი აკეთებს. ეს ერთი სქემაა და ისინი ცდილობენ, როგორმე საქართველოს ხელისუფლება სიტყვიერ კონფრონტაციაში ჩაითრიონ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ დაიკეტება რუსეთის ბაზარი, აგრარულ სექტორს დაემართება კატასტროფა, რადგან ძალიან დიდი რაოდენობით სოფლის მეურნეობის საქონელი გადის და რუსეთს მიეცემა საშუალება, რაც უნდა ის გააკეთოს და საერთაშორისო დონეზე თავი იმართლოს, რომ საქართველო არის აგრესიულად განწყობილი და ამიტომ რუსეთს ყველაფრის უფლება აქვს. ჩვენ უფსკრულის პირას დავდივართ და „ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის ცდილობს, გადაგვჩეხოს. ის რომ არ მომხდარიყო, რაც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის დახმარებით მოხდა, ჩვენ უკვე დიდი ხნის გადაჩეხილები ვიქნებოდით. ჩვენ აღარც ევროკავშირთან გვექნებოდა ურთიერთობები და ეს იქნებოდა ისტორიული კატასტროფა საქართველოსათვის, რომლის გამოსწორება დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ მოხდებოდა.

 

 

- 2016 წელს მდინარე მტკვარზე იყო 13 000-ზე მეტ კუბურ მეტრზე ქვიშა-ხრეშის ამოღების ნებართვა გაცემული ისე, რომ გარემოსდაცვითი გავლენა არ იყო შესწავლილი. რესურსების მართვის კუთხით რა იგეგმება, როდისთვის იგეგმება და რა ზიანი შეიძლება მოიტანოს მსგავსმა მოქმედებებმა?


- კომიტეტებმა პირველი მოსმენით განიხილეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსი, რაც უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტური კანონია გარემოს დაცვის სფეროში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია მშენებლობასთან, წარმოების გამართვასთან. ნებისმიერ სახელმწიფოში ინფრასტურქტურის განვითარების გეგმებიც კი ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას, ვერავინ ვერ განახორციელებს მსხვილმასშტაბიან საქმიანობას, თუ მან წინასწარ არ გაიარა გარემოზე ზემოქმედების შეფასება და არ მიიღო უფლება ამ საქმიანობისა.


ეს არის ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულება და სექტემბრიდან ძალაში უნდა შევიდეს. ამას უნდა მოჰყვეს ტყის კოდექსი, წყლის კოდექსი და ა.შ. ეს კანონი 1996 წელსაც იყო მიღებული. მაშინდელი კანონის მიხედვით, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ექვემდებარებოდა ძალიან ბევრი რამ, მათ შორის ავტობანებისა და ესტაკადების მშენებლობა. 2007 წელს სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ეს კანონი დაამახინჯეს და ამოიღეს ავტობანებისა და ესტაკადები და ვერეს ხეობაში რომ ტრაგედია მოხდა, სწორედ ამასთან არის დაკავშირებული, ისე აშენდა ეს ყველაფერი, არც ეკოლოგიური ექსპერტიზა გაიარა, არც შეფასება...

 

 

- მოსმენების შესახებ კანონპროექტზე დადებული ვეტო პარლამენტმა დაძლია და საბოლოო ჯამში, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა მას... როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა პრეზიდენტის თავდაპირველი გადაწყვეტილება?


- პარლამენტში  განხილვისას ანა დოლიძეს, რომელიც კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს წარმოგვიდგენდა, ვკითხე, რომ რასაც ვეტოს დადების მიზეზებზე ლაპარაკობდნენ, არასდროს გიხსენებიათ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხები, არადა, ეს კანონპოროექტი მთლიანად სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს ეხება-თქო. ამავე დროს, წავუკითხე პრეზიდენტის ფუნქციები და მოვალეობები, რომელიც სრულ თანხვედრაშია მოსმენების შესახებ კანონპროექტის არსთან. ეს მიიღეს როგორც შეურაცხყოფა. მედიამ გამოიყვანა ისე, თითქოს პრეზიდენტი ებრძვის სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემას. როგორც ჩანს, პრეზიდენტი დაფიქრდა, ჩაიხედა კანონში და მიხვდა, რომ მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს ეხება ეს კანონი და ხელი მოაწერა კიდეც. ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner