ავტორი სოფო ხუგოიანი
„ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის" წევრი ირაკლი წერეთელი გამოდის ინიციატივით, საქართველოში გამოკვეთილად, კონკრეტული ღონისძიებებით ღირსეულად აღინიშნოს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი, როგორც 9 აპრილს, ასევე 26 მაისს. ამის შესახებ წერეთელმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„გამოვდივართ ინიციატივით, რომ დამოუკიდებელ საქართველოში გამოკვეთილად, კონკრეტული ღონისძიებებით ღირსეულად აღინიშნოს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი, როგორც უშუალოდ 9 აპრილს, ასევე 26 მაისს!
მოვუწოდებ ქართველ ერსა და საქართველოს ხალხს, მოვახდინოთ საყოველთაო ეროვნული ერთიანობის დემონსტრაცია ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის უკვდავი იდეის გარშემო, ბრძოლებითა და სისხლით მოპოვებული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაუთმობლობის საქვეყნო განცხადებით, აგრეთვე ქართული ნიჭის ზეიმის ულამაზესი დემონსტრაციით!
2016 წლის 9 აპრილს ჩავატაროთ გამაერთიანებელი პროპაგანდისტული შეკრება, 2016 წლის 26 მაისს გრანდიოზულად მრავალრიცხოვნი საკონცერტო ღონისძიება, გამორჩეულად ღირსეული და ნიჭიერი უაღრესად სახელოვანი ქართველი მომღერლების ჩვენებით!
9 აპრილს ჩავატაროთ პოლიტიკური, ზეპარტიული, განმათავისუფლებელი და გამაერთიანებელი დემონსტრაცია, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სადიდებლად. ხოლო 26 მაისს ჩავატაროთ ღირსეული ფართომასშტაბიანი კონცერტი, კლასიკური საოპერო და სიმფონიური ნომრებისა და ქართული ეროვნული ფოლკლორული ვოკალური ნაწარმოებების შესრულებით. ასევე პატივსაცემად და უკვდავსაყოფად ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის უაღმატებულესი იდეისა!
ამ განცხადებით მივმართავ უშუალოდ ქართველ ერს, უკლებლივ ყველა ქართველს და აუცილებლად საქართველოს ხელისუფლებას!" - განაცხადა წერეთელმა.