ნარკოტიკების ჩადება რომ კვლავ აქტუალური თემაა, ამას ბოლო დღეებში წამოწყებული კამპანიაც მოწმობს, სახელწოდებით „არა ჩადებას", თუმცა ამ წამოწყებასაც თავისი პოლიტიკური ქვეტექსტები აქვს. ეს განსაკუთრებით მაშინ გამოჩნდა, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეზიდენტის რეზიდენციიდან შეუტიეს. პირველად ეს „საპასუხისმგებლო" მისია საკუთარ თავზე პირადად გიორგი მარგველაშვილმა აიღო, როცა განაცხადა, რომ სამართალდამცველების ჩარევით მისი ოჯახის უდანაშაულო წევრზე ზეწოლის მცდელობას ჰქონდა ადგილი. უკვე გასულ კვირას კი მამის ბრალდებებს გაცილებით მეტი სიცხადე შესძინა ანა მარგველაშვილმა, რომელმაც გადაცემა „არჩევანში" ღიად განაცხადა, რომ სამართალდამცველები ნარკოტიკების ჩადების გზით ზეწოლას ახდენდნენ პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭურსა და მის მეგობარ მიხეილ თათარაშვილზე. შესაძლოა, მის ამ განცხადებას მართლაც აქვს რეალური საფუძველი, თუმცა მინდია გაგოჭურისა და მისი გარემოცვის წარსული გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ მათ ყველა დროის ხელისუფლება დევნიდა და რატომღაც ყველა შემთხვევაში მართლმსაჯულება მათ მიმართ განსაკუთრებული ლოიალურობით გამოირჩეოდა.
„პრაიმტაიმმა" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით პრეზიდენტის ოჯახის ირგვლივ საკმაოდ საინტერესო ინფორმაციები შეკრიბა. ვესაუბრეთ შსს-ს ერთ-ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელიც თავის დროზე პირადად იყო ჩართული მინდია გოგოჭურისა და მისი მეგობრების მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში, თუმცა მაშინ ეს საქმე გაურკვეველი მიზეზით თაროზე შემოიდო, მოგვიანებით კი პრეზიდენტის ოჯახთან დაკავშირებული პირების სახელი სხვა არაერთ სკანდალში ამოტივტივდა. მაშ ასე, დავიწყოთ მინდია გოგოჭურით.
28 წლის მინდია გოგოჭური მაკა ჩიჩუას ქალიშვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა. პირველად კრიმინალურ სკანდალში 2006 წელს გაეხვია. მაშინ გოგოჭური ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო. ცხრა ძმის ქუჩაზე 23 წლის გიორგი ხელაშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. ხელაშვილს გადაუდებელი ოპერაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაუტარეს და, საბედნიეროდ, გადარჩა. იმავე დღეს საპატრულო პოლიციამ ეჭვმიტანილის სახით დააკავა მინდია გოგოჭური, რომელიც არსებული დაზიანებებით იმავე საავადმყოფოს რენტგენოლოგიურ განყოფილებაში იმყოფებოდა. მკურნალობის გასაგრძელებლად პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ ის #1 კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ორ დღეში, რა დროსაც მინდია გოგოჭური საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მეთვალყურეობის გარეშე გაუშვეს საპირფარეშოში, იგი საავადმყოფოდან გაიპარა. ბრალდებულის გაქცევის ფაქტზე გამოძიება ცალკე, სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლით, დაიწყო, რაც ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების მიუხედავად, მაშინ გოგოჭურის ადგილსამყოფლის დადგენა და დაკავება ვერ მოხერხდა.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ხელაშვილის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით მინდია გოგოჭურს 30 დღის განმავლობაში ბრალი არ წარდგენია. საბოლოოდ ადეიშვილის უწყებამ ამ ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნაც შეწყვიტა. საქმე დღესაც გაუხსნელია.
მიმალვაში მყოფი მინდია გოგოჭური კი სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში უკვე 2008 წელს ხვდება. ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით ის ნარკოტიკული დანაშაულისთვის პასუხისგებაში 4-ჯერ მიეცა და ყველა ჯერზე ჯარიმითა და პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს.
იმავე წელს კი კვლავ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს. საქმე ეხება 2008 წლის 30 ნოემბერს თბილისში კოჯრის ქუჩაზე მომხდარ ამბავს, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით, კუთვნილი „მერსედესის" მარკის ავტომობილში თავის, კისრისა და ფეხის არეში დაჭრეს 21 წლის გიორგი სიხარულიძე, ხოლო ბეჭის არეში დაჭრეს მისი მგზავრი, 22 წლის ბექა კვიტაიშვილი. მათთან ერთად მანქანაში იმყოფებოდნენ ელენე ჩხაიძე და თამაზ მეფისაშვილი. ეს უკანასკნელი რამდენიმე დღეში დანაშაულის დაფარვისთვის დააკავეს, უშუალოდ განზრახ მკვლელობის მცდელობაში კი მინდია გოგოჭური და კიდევ ორი მისი მეგობარი ამხილეს, თუმცა დაკავებულები მოულოდნელად გაათავისუფლეს. საქმე დღესაც გაუხსნელია.
სამართალდამცველებმა მხოლოდ 2010 წელს „აღმოაჩინეს", რომ მათ მიერ მრავალგზის დაკავებული და განთავისუფლებული მინდია გოგოჭური ჯერ კიდევ 2006 წლიდან იძებნებოდა, თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან გაქცევის გამო. ამ საქმეზე გოგოჭური 2010 წლის 16 ივლისს დაიკითხა მოწმის სტატუსით. მან დაადასტურა, რომ 2006 წლის 8 ივლისს, გიორგი ხელაშვილის მკვლელობის მცდელობაში უკანონოდ იყო ცნობილი ეჭვმიტანილად. მას შეეშინდა პასუხისმგებლობის და საავადმყოფოდან შეგნებულად გაიპარა, რის გამოც ინანიებდა ჩადენილ ქმედებას. ამის შემდეგ კი ადეიშვილის უწყებამ ბრალდებულ მინდია გოგოჭურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა, რის თანახმადაც გოგოჭური ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც პირობითად ჩაეთვალა.
გოგოჭურის დაკავება-განთავისუფლებების ქრონიკა ამით არ დასრულებულა. უკვე ახალი ხელისუფლების დროს, ის 2013 წლის 30 ივნისს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს მესაზღვრე-კონტროლიორისა და პატრულ-ინსპექტორების სიტყვიერი შეურაცხყოფისა და არდამორჩილების ფაქტზე დააკავეს. სამართალდამცველების შეურაცხყოფა გოგოჭურს, სულ რაღაც, 400 ლარი დაუჯდა. სასამართლომ ის სწორედ ამ ოდენობის ჯარიმით გაათავისუფლა.
იმავე წლის აგვისტოში მინდია გოგოჭური გამოძიებამ ბაჩო სირაძის დაჭრის ფაქტზე დაკითხა. შემთხვევა 2013 წლის 15 აგვისტოს ღამით, ჭონქაძის ქუჩაზე მოხდა. ანა მარგველაშვილის მეგობარი ბაჩო სირაძე ცეცხლსასროლი იარაღით მძიმედ დაჭრეს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, საქმეში მინდია გოგოჭური ურევია, თუმცა ის მხოლოდ მოწმის სტატუსით დაკითხეს და ამჯერადაც გაათავისუფლეს. საქმე დღესაც გაუხსნელია. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ, ვაკეში დაჭრეს მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი მიხეილ თათარაშვილი. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარი სწორედ ბაჩო სირაძის შურისძიებას უკავშირდება.
2014 წლის 4 იანვარს ყაზბეგის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. ადგილზე მისულ ექიმებს გაურკვეველ კომაში მყოფი მინდია გოგოჭური დახვდათ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა ძიება მალევე შეწყდა. ექსპერტიზამ „ბიოს" გადაჭარბებული მოხმარების ფაქტი დაადგინა.
ასევე, 2014 წლის 16 დეკემბერს მინდია გოგოჭურს პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა დანა, რაზეც 12 იანვარს დაჯარიმდა ადმინისტრაციული წესით, 200 ლარით.
მინდია გოგოჭურის სახელი მის მეგობრებთან ერთად ფიგურირებს ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობის საქმეშიც. 2011 წლის 17 ოქტომბერს 23 წლის ტარყაშვილი რუსთაველის გამზირზე ჩაცხრილეს. მომხდარი ორ დაჯგუფებას შორის არსებულ დაპირისპირებას დაუკავშირდა. კერძოდ, ერთ მხარეს იყვნენ ტარყაშვილი და ძმები ჩიჩუები, მეორე მხარეს კი - მინდია გოგოჭური, თორნიკე კაჭარავა და სანდრო გოგბერაშვილი. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს კაჭარავას იარაღიდან გასროლით მოკვდა მისი მეგობარი სანდრო გოგბერაშვილი და დაიჭრა სამი პირი. თუმცა, გოგბერაშვილის მამამ, ივერი გოგბერაშვილმა მოგვიანებით ტარყაშვილის დაჯგუფებაზე იძია შური. ივერი გოგბერაშვილი დაკავებულია. საქალაქო სასამართლომ ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობისთვის მას 24-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ტარყაშვილების ოჯახი დღესაც დარწმუნებულია, რომ გოგბერაშვილთან ერთად საქმეში სხვა პირებიც ფიგურირებენ, მათ შორის მინდია გოგოჭური და თორნიკე კაჭარავა. აღსანიშნავია, რომ კაჭარავა სანდრო გოგბერაშვილის მკვლელობისა და ძმები ჩიჩუების დაჭრის ფაქტზე თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა დამნაშავედ ცნეს, თუმცა ეს განაჩენი უზენაესმა სასამართლომ (მოსამართლეები - გიორგი შავლიაშვილი, ზაზა მეიშვილი, პაატა სილაგაძე) გააუქმა, რის შემდეგაც მიმალვაში მყოფი თორნიკე კაჭარავა საქართველოში დაბრუნდა.
თორნიკე კაჭარავას სახელი ფიგურირებს 2015 წელს თბილისში მომხდარ კიდევ ერთ გახმაურებულ მკვლელობაშიც. ბუდაპეშტის ქუჩაზე მაშინ ახალგაზრდა მამაკაცი გოგა კვარაცხელია მოკლეს. ამ საქმეზე გამოძიება გრძელდება.
გოგოჭური-კაჭარავას უახლოესი მეგობარი გახლავთ სტატიის დასაწყისში ნახსენები მიხეილ თათარაშვილიც. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, პირველად ის 2010 წელს იარაღის უკანონო ტარებისთვის გაასამართლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა სასჯელი პირობითით შეეცვალა.
ამჟამად მიხეილ თათარაშვილი წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ არის განთავისუფლებული. საქმე ეხება 2016 წელს ვაკეში, გაბაშვილის ქუჩაზე მომხდარ ქურდობას. გამოძიების ინფორმაციით, თათარაშვილმა სხვისი ბინიდან სამკაულები და ლეპტოპი მოიპარა. თათარიშვილი ფაქტზე დაიჭირეს კორპუსის სარდაფში. მას ჯიბეში მოპარული სამკაულები აღმოაჩნდა. იქვე, ადგილზე, ნაპოვნია გადაგდებული ლეპტოპი. ერთი საინტერესო დეტალი: სასამართლო პროცესს, სადაც მიხეილ თათარაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილებოდა, ესწრებოდა პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭურიც, რომლის რეპლიკამ დარბაზში მყოფთა ყურადღება მიიქცია. „ნუ გეშინია, ახლავე გაგიშვებენ", - გასძახა განსასჯელის სკამზე მჯდომ მეგობარს მინდია გოგოჭურმა. მიხეილ თათარაშვილი წინასწარი პატიმრობიდან მართლაც დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლემ მას გირაოს სახით 10 000 ლარის გადახდა დააკისრა.
რაც შეეხება პრეზიდენტის ცოლისძმას, მიხეილ მგალობლიშვილს. მისი სახელიც არაერთ კრიმინალურ სკანდალს უკავშირდება. 38 წლის მიხეილ მგალობლიშვილი წარსულში მრავალჯერ გახლავთ ნასამართლევი. ბოლოს ის, 2017 წლის 11 იანვარს, ღამით ლორთქიფანიძის ქუჩაზე დააკავეს. სამართალდამცავებმა ჩხრეკისას იარაღის მთელი არსენალი ამოიღეს. კერძოდ, პირადი ჩხრეკისას მგალობლიშვილს ბრაუნინგის პისტოლეტი და დანა აღმოაჩნდა, ბინის ჩხრეკისას კი - 2 ბერეტა და 1 ბლოვ-მინის ტიპის პისტოლეტი. ჩხრეკისას, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი", თუმცა ნარკოდანაშაულისთვის მას ბრალი არ წარდგენია, გამომდინარე იქიდან, რომ იმ დროისთვის მგალობლიშვილი „მეტადონის" ჩანაცვლებით პროგრამაში იყო ჩართული. რაც შეეხება იარაღს, პირველ ეტაპზე მან ბრალი არ აღიარა და არც ჩხრეკის ოქმს მოაწერა ხელი, დამატებითი დაკითხვის დროს კი განაცხადა, რომ სამართალდამცველების მიერ ამოღებული იარაღი მამის ნივთებში იპოვა და სურდა, როგორც რელიკვია, მის სახელზე გაეფორმებინა, თუმცა ვერ მოასწრო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და ამ დროისთვის მიხეილ მგალობლიშვილი #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული. არ არის გამორიცხული, პრეზიდენტმა ის ამჯერადაც შეიწყალოს, ისევე როგორც 2015 წელს.
წინა ხელისუფლების დროს, კერძოდ, 2008-2010 წლებში მიხეილ მგალობლიშვილი ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისთვის და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის მიეცა პასუხისგებაში. ორივე შემთხვევაში ჯარიმით გაათავისუფლეს, თუმცა უკვე 2011 წელს ის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის დააპატიმრეს და მრავალწლიანი სასჯელიც შეუფარდეს. საქმე ეხება ქიქოძის ქუჩაზე 24 წლის გრიგოლ ჩიკვაიძის მკვლელობის მცდელობას. ახალგაზრდა მამაკაცი დანით გულ-მკერდისა და მუცლის არეში დაჭრეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლით დაიწყო. 2011 წლის მაისში მგალობლიშვილი, თავის მეგობართან ერთად, პასუხისგებაში მიეცა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის გამო. სასამართლომ მას 15 წლამდე პატიმრობა შეუფარდა, თუმცა პრეზიდენტის ცოლისძმამ საპატიმროში 4 წელიც არ დაჰყო. მას სასჯელი 2013 წელს ჯერ მიხეილ სააკაშვილმა გაუნახევრა, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ კი საკუთარი ცოლისძმა გიორგი მარგველაშვილმა მთლიანად შეიწყალა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა მიხეილ მგალობლიშვილი შეწყალების კომისიის გვერდის ავლით შეიწყალა. კომისიის მაშინდელი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ „შეწყალების კომისიას პრეზიდენტის არც ერთი ნათესავის, მათ შორის ცოლისძმის, საქმე არ განუხილავს". როგორც ჩანს, ცოლისძმის მიმართ გიორგი მარგველაშვილმა დისკრეციული უფლება გამოიყენა.
თავად პრეზიდენტმა თავის გადაწყვეტილებას ასეთი ახსნა მოუძებნა: „მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაშიც ისეთივე ლმობიერი ვიყავი, როგორც სხვა შემთხვევებში. იგივე ბრალდებაზე შეწყალება, შემდეგაც ყოფილა".