„რესპუბლიკური პარტია დღეიდან გადადის საპარლამენტო არჩევნებისთვის ინდივიდუალური მზადების რეჟიმში. ამით ჩვენ ვწყვეტთ დროისა და ენერგიის ფუჭად ხარჯვას კოალიციურ ფორმატში საარჩევნო სტრუქტურების შექმნაზე და მივმართავთ მას პარტიის საარჩევნო პრიორიტეტებისკენ", - აღნიშნული განცხადება რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პარტიის გადაწყვეტილება პარტია „ქართულ ოცნებასაც" აძლევს საშუალებას, ზედმეტი უხერხულობების გარეშე, დაადგეს იმ პოლიტიკურ გზას, რომელიც დასახული აქვს - არჩევნებზე დამოუკიდებლად, კოალიციური საარჩევნო ბლოკის გარეშე გასვლა.
„ამით ყველა ერთად დავასრულებთ უკიდურესად დამაზარალებელ და მოსაბეზრებელ საჯარო სპეკულაციებს შიდაკოალიციურ საკითხებზე.
მომავალი არჩევნების თაობაზე მიღებული ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს კოალიციიდან, საპარლამენტო უმრავლესობიდან, მთავრობიდან და საკრებულოებში უმრავლესობებიდან „რესპუბლიკელების" ავტომატურ და დაუყოვნებლივ გასვლას. არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში აღნიშნულ საკითხებს ჩვენ ეტაპობრივად გადავწყვეტთ შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
სამთავრობო თანამდებობებს დავტოვებთ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების გამო და არავითარ შემთხვევაში - ოკუპანტი ქვეყნის, ადგილობრივი სტალინელების, ანტი-ნატოელებისა და ვიდეო-შანტაჟისტების კოორდინირებული თუ დამთხვეული ულტიმატუმების ფონზე", - განაცხადა სამნიძემ.