logo_geo
eng_logo
სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი დამნაშავედ ცნო
- +

28 მარტი. 2017. 14:52



თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი - დავით ჩხიტუნიძე დამნაშავედ ცნო და მას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პროკურატურა ჩხიტუნიძეს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობებზე მუშაობისას სამოხელეო დანაშაულის ჩადენას ედავებოდა. საქმის მასალების თანახმად, ჩხიტუნიძემ გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ პირებს თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მიანიჭა არაერთი უკანონო პრივილეგია და უპირატესობა, უკანონოდ გამოიყვანა მსჯავრდებულები საპატიმრო დაწესებულებიდან, რამაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.


ამჟამად დავით ჩხიტუნიძე მიმალვაში იმყოფება. სასამართლომ მას განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანა.


დავით ჩ.-ს ბრალად ედებოდა ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. მასვე, ბრალად ედებოდა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს და საზოგადოების კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.


საქმის მასალების თანახმად, დავით ჩ. 2005-2009 წლებში, სხვადასხვა დროს, მუშაობდა საქართველოს შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის I სამმართველოს უფროსის მოადგილისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობებზე. მან როგორც საჯარო მოხელემ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით და საკუთარი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულებს მიანიჭა არაერთი უკანონო პრივილეგია და უპირატესობა, უკანონოდ გამოიყვანა მსჯავრდებულები საპატიმრო დაწესებულებიდან, რამაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.


სასამართლომ, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილად მიიჩნია დავით ჩ.-ს მიერ სამოხელეო დანაშაულის ჩადენა და შემაჯამებელი გადაწყვეტილებით, დავით ჩ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების ეპიზოდი - ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) მუხლის პირველი ნაწილით დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) და საბოლოოდ დავით ჩ. -ს მსჯავრდება მოხდა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მას დანაშაულთა ერთობლიობით, 2012 წლის 28 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით, 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა და დამატებითი სასჯელის სახით 1 წლითა და 6 თვის ვადით ჩამოართვა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.


სასამართლოს აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner