საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სიმონ ჯანაშიას ეროვნული მუზეუმის ხელშეწყობით საქართველოში მ.წ. 27 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით კოლუმბიის კულტურის კვირეული იმართება.
კულტურის კვირეულზე წარმოდგენილია კოლუმბიის ეროვნული „ოქროს მუზეუმის" ექსპონატების ასლების ფოტო გამოფენა, კულტურის დღეების ფარგლებში ასევე დაგეგმილია კოლუმბიური კინოს ჩვენება.
28 მარტს, კოლუმბიის კულტურული დღეები ოფიციალურად გახსნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ, საქართველოში კოლუმბიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. ანკარა), ხუან ალფრედო პინტო საავედრამ და ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილემ, მიხეილ წერეთელმა.
საზეიმო ღონისძიებაზე, მხარებმა ხაზი გაუსვეს ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების მზარდ დინამიკას და კულტურის დღეების ხელშეწყობით ხალხთაშორისი ცნობადობის გაზრდის მნიშვნელობას. ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნელები და ესპანური ენის შემსწავლელი ცენტრების, უნივერსიტეტის და კინო-ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი კოლუმბიის კულტურის დღეებს 1 აპრილამდე უმასპინძლებს და მასზე დასწრება თავისუფალია.