logo_geo
eng_logo
აკაკი ასათიანი: ჩვენ ევროპაში კი არ ვბრუნდებით, პირიქით, ევროპა მოდის ჩვენკენ
- +

28 მარტი. 2017. 21:55




„ტრადიციონალისტთა კავშირის" ლიდერი აკაკი ასათიანი „რეპორტიორთან" საუბრისას პრეზიდენტის კამპანიას - „კონსტიტუცია ყველასია" გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ესაა გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო კამპანია. ასათიანმა ასევე, ისაუბრა „რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე და წილების თანამშრომლებზე გადანაწილებას მახვილგონიერი ხრიკი უწოდა.


- საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაცია დღეს ძალაში შევიდა...


- დადებითი ფაქტია ყველა შემთხვევაში. ჩვენ ვართ ამ კულტურისა და ფასეულობების განუყოფელი ნაწილი. ევროპული ფასეულობები არის ქრისტიანული ფასეულობები და ჩვენ ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანა ვართ. ვიზა-ლიბერალიზაცია ხელს შეუწყობს ბიზნესმენებს, ტურისტებს, სამეცნიერო მივლინებითა და სამეცნიერო ინტერესებით წასულ ადამიანებს. ეს არის სიმბოლური გამოხატულება იმისა, რისკენაც ჩვენი ქვეყანა საუკუნეების მანძილზე ისწრაფვოდა, თუმცა, უნდა ვაღიაროთ ერთი რამ - სააკაშვილიდან მოყოლებული უცნაურად ავიჩემეთ, რომ ჩვენ ევროპაში ვბრუნდებით, სინამდვილეში პირიქით, ევროპა მოდის ჩვენკენ. როცა სოციალისტური ბლოკი დაიშალა, ევროპაში დაბრუნდნენ ცენტრალური ევროპის ქვეყნები, რომლებიც გეოგრაფიულად და პოლიტიკურადაც ყოველთვის ევროპის ნაწილი იყვნენ. ჩვენ ვართ ჩვენი კულტურით, ცნობიერებით ევროპელი ხალხი, თუმცა, გეოგრაფიულად ჩვენ ევროპისგან გვაშორებს ორი ძალიან დიდი სივრცე, ჩრდილოეთიდან რუსეთი, ხოლო სამხრეთ-დასავლეთიდან თურქეთი, რომელთა ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენზე უფრო შორეულია.


დონალდ ტუსკის ღია წერილში აღნიშნული იყო, რომ იმ ხალხს, რომელმაც გადაიტანა ტანჯვა და წვალება ევროპისაკენ მისწრაფების გამო, მცირედით მაინც უნდა დავუფასოთ ნაწვალევიო და სწორედაც, ეს ღია წერილი რომ არ ყოფილიყო, ვიზა-ლიბერალიზაცია არ იქნებოდა. ჩვენი მთავრობის დამსახურება აქ მხოლოდ ის არის, რომ იგი დინებას მიჰყვა.


ყველაზე პარადოქსული ალბათ ისაა, რომ ამას განსაკუთრებით, ცოტა პროვინციულად, ზეიმობს ის ხალხი, რომელსაც არანაირი მონაწილეობა არ მიუღია იმაში, რომ ეს ქვეყანა ევროკავშირისკენ მიმავალი გამხდარიყო და უახლოეს მომავალში წევრიც გახდება, აუცილებლად. მე ვგულისხმობ თუნდაც 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმს. ყველა ხელისუფლება მას შემდეგ ცდილობს მიჩქმალოს ის ფაქტი, თუ რისი დამსახურებაა ეს ამბავი. მე გახლდით ის ადამიანი, რომელმაც მოსკოვში, საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოზე განვაცხადე, რომ ჩვენ აღარ მოვაწერდით ხელს საბჭოთა კავშირის ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას, ეს იყო ჩვენი ხალხის გადაწყვეტილება, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, ეს გახლდათ პირველი და გადამწყვეტი ნაბიჯი, რომლის გარეშეც დღეს არაფერი იქნებოდა.


- „რუსთავი 2"-ის ეთერში რამდენიმე დღის წინ კადრები ვიხილეთ, სადაც თანამშრომლებზე წილების გადანაწილება მიმდინარეობდა, როგორ შეაფასებთ ამას?


- მახვილგონიერი ხრიკია. რამდენად ნორმალური და სამართლებრივია, ეს არ ვიცი, ადვოკატი არ ვარ და ვერ შევძლებ ამის განსჯას, მაგრამ, თუ ვიმსჯელებთ ხელისუფლების რეაქციით, უფრო სწორად, მისი უქონლობით და დაბნეულობით, უნდა ვაღიაროთ, რომ ვინც ეს მოიფიქრა (დაახლოებით წარმომიდგენია, ვინც მოიფიქრებდა და ვინც უკარნახებდა „რუსთავი 2-ს" ამას), საკმაოდ მახვილგონიერი ხრიკი მოიფიქრა. ხელისუფლება საერთოდ არ ლაპარაკობს ამ საკითხზე. ერთი თქვეს, ქონებრივ დავაში უნდა გადავიყვანოთო და ამათ მაშინვე ამ ოინით უპასუხეს. ასეთი ოინბაზები არიან...

 

- ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 9 აპრილს ტარდება რეფერენდუმი, რომლის მიხედვითაც სამხრეთ ოსეთს უნდა ეწოდოს სახელმწიფო ალანია, როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?


- ყველაფერზეა ლაპარაკი, გარდა ამ ფაქტისა, არ ყოფილა არანაირი რეაგირება, გარდა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებისა. არ უფიქრიათ არც აფხაზეთზე, იქაც არჩევნებია, თუმცა სხვა ტიპის. შეერთებაზე საუბარი პრორუსულ ძალებს ძალიან გაუძნელდებათ, სხვათაშორის, ეს შანსია ჩვენთვის.


საერთოდ, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დამოუკიდებლობისთვის ხალხის გმირული ბრძოლა იქნას დავიწყებული, საერთოდ დავიწყებულ იქნას, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს. არ ვთვლი, რომ ეს ბოროტებით მოსდით, უბრალოდ, ეს არის იმ ხალხის პოზიცია, რომელიც აქამდე სოროში იყვო შემძვრალი და ახლა ცდილობს, ამის ნაყოფი მოიმკას.


- რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თანხმობა მისცა, რომ სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის სამხედრო ქვედანაყოფები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყვნენ. რა შეიძლება შეცვალოს ამან საქართველოსა და რუსეთის, ან საქართველოსა და ოკუპირებული ტერიტორიების ურთიერთობაში?


- რა ჯარები და რა სამხედრო დაქვემდებარება უნდა ჰქონდეთ ან აფხაზებს, ან ცხინვალს... ეს არის პასუხი ევროპისკენ ჩვენს სწრაფვაზე. იმის ნაცვლად, რომ თვითონ რუსებს გადმოედგათ ნაბიჯები, ევროპისთვის გაეწიათ კონკურენცია, თუნდაც იმავე ვიზების ლიბერალიზაციის თვალსაზრისით, რომ აღარაფერი ვთქვათ უვიზო რეჟიმზე, პირიქით, ისინი ასე მსჯელობენ, მიდიხართ ევროპისკენ, შემოდის NATO - და მართლაც ნელ-ნელა მოცოცავს NATO ჩვენკენ, - მაშინ ჩვენ ჩამოგაჭრით ტერიტორიას სამუდამოდ.


მე არ ვარ იმის მომხრე, რომ სასწრაფოდ დაიშალოს რუსეთი, ისევე როგორც თურქეთი, მაგრამ იმდენს იზამენ, რომ... მახსენდება 1990-91 წლები, ჩვენ რომ დამოუკიდებლობა ღიად და ოფიციალურად გამოვაცხადეთ, იყო ლაპარაკი, რომ დავიკარებოდით, ვერ ვიარსებებდით და ისევ რუსეთთან მივფორთხდებოდით. არსად არ მივფორთხებულვართ. როდესაც ამხელა სახელმწიფო წვრილმანი შურისძიებებითაა დაკავებული, ძვირად დაუჯდება მას, ისევე ძვირად დაუჯდება, როგორც საბჭოეთს, რომელსაც მისტირიან და დღემდე ვერ გაუგიათ, რატომ დაიშალა. ის დაიშალა უსამართლობის გამო. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, ისე იქცევიან რუსები, რომ რუსეთის დაშლასაც მოგვასწრებენ! რაც 10-20 წლის განმავლობაში საქართველოსთვის დიდად სასურველი არ არის, რადგან ჩვენ ჩვენი პრობლემები გვეყოფა და ეგ უფრო მეტ პრობლემას შეგვიქმნის.


- როგორ შეაფასებთ პრეზიდენტის კამპანიას „კონსტიტუცია ყველასია"?


- საერთოდ, უნდა ვაღიაროთ, რომ მარგველაშვილი სწორად მოქმედებს, იგი ძალიან ღირსეულად წარმოადგენს ხოლმე ჩვენს ქვეყანას.


რაც შეეხება კამპანიას „კონსტიტუცია ყველასია", ეს არის მისი საარჩევნო კამპანია, რისი უფლებაც აქვს და მან ამის ძალიან კარგი ფორმა მოძებნა. თავისთავად სასარგებლოცაა, ხალხს რაც უფრო მეტი წარმოდგენა ექნება კანონებთან დაკავშირებით, უკეთესია. პრეზიდენტს, შეიძლება, ძალაუფლება არ აქვს, მაგრამ მისი პოსტი ინტერესს იწვევს. იგი აშკარად აპირებს, იყაროს კიდევ ერთხელ კენჭი. ცოტა პრინციპებს ღალატობს, რადგან როგორც კი თქვეს, რომ პირდაპირ მოგვიწევს პრეზიდენტის არჩევა, რადგან არსებობს ერთი არგუმენტი, რომელსაც ვერ მოერევიან - პარლამენტი არ არჩეულა იმ უფლებამოსილებით, რომ პრეზიდენტი აირჩიოს, - რატომღაც მარგველაშვილი ამით დაკმაყოფილდა, რადგან ეს პირადად მას ეხება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner