logo_geo
eng_logo
აკაკი ასათიანი: დონალდ ტუსკის ღია წერილი რომ არ ყოფილიყო, ვიზა-ლიბერალიზაცია არ იქნებოდა
- +

29 მარტი. 2017. 01:17



„სააკაშვილიდან მოყოლებული უცნაურად ავიჩემეთ, რომ ჩვენ ევროპაში ვბრუნდებით, სინამდვილეში პირიქით, ევროპა მოდის  ჩვენკენ", - ამის შესახებ „ტრადიციონალისტთა კავშირის" ლიდერმა აკაკი ასათიანმა „რეპორტიორთან" საუბრისას განაცხადა. როგორც ასათიანი ამბობს, ეს მხოლოდ დადებითი ფაქტია და უვიზო მიმოსვლა ხელს შეუწყობს ბიზნესმენებს, ტურისტებს, სამეცნიერო ინტერესებით ევროპაში წასულ ადამიანებს.


„დადებითი ფაქტია ყველა შემთხვევაში. ჩვენ ვართ ამ კულტურისა და ფასეულობების განუყოფელი ნაწილი. ევროპული ფასეულობები არის ქრისტიანული ფასეულობები და ჩვენ ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანა ვართ. ვიზა-ლიბერალიზაცია ხელს შეუწყობს ბიზნესმენებს, ტურისტებს, სამეცნიერო მივლინებითა და სამეცნიერო ინტერესებით წასულ ადამიანებს. ეს არის სიმბოლური გამოხატულება იმისა, რისკენაც ჩვენი ქვეყანა საუკუნეების მანძილზე ისწრაფვოდა, თუმცა, უნდა ვაღიაროთ ერთი რამ - სააკაშვილიდან მოყოლებული უცნაურად ავიჩემეთ, რომ ჩვენ ევროპაში ვბრუნდებით, სინამდვილეში პირიქით, ევროპა მოდის  ჩვენკენ. როცა სოციალისტური ბლოკი დაიშალა, ევროპაში დაბრუნდნენ ცენტრალური ევროპის ქვეყნები, რომლებიც გეოგრაფიულად და პოლიტიკურადაც ყოველთვის ევროპის ნაწილი იყვნენ. ჩვენ ვართ ჩვენი კულტურით, ცნობიერებით ევროპელი ხალხი, თუმცა, გეოგრაფიულად ჩვენ ევროპისგან გვაშორებს ორი ძალიან დიდი სივრცე, ჩრდილოეთიდან რუსეთი, ხოლო სამხრეთ-დასავლეთიდან თურქეთი, რომელთა ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენზე უფრო შორეულია.

 

დონალდ ტუსკის ღია წერილში აღნიშნული იყო, რომ იმ ხალხს, რომელმაც გადაიტანა ტანჯვა და წვალება ევროპისაკენ მისწრაფების გამო, მცირედით მაინც უნდა დავუფასოთ ნაწვალევიო და სწორედაც, ეს ღია წერილი რომ არ ყოფილიყო, ვიზა-ლიბერალიზაცია არ იქნებოდა. ჩვენი მთავრობის დამსახურება აქ მხოლოდ ის არის, რომ იგი დინებას მიჰყვა", - განაცხადა ასათიანმა.


როგორც ასათიანი აღნიშნავს, არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი მიუძღვის ზვიად გამსახურდიას მმართველობას, რადგანაც სწორედ მისი მეთაურობის პერიოდში, აკაკი ასათიანმა საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოზე განაცხადა, რომ ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას საქართველო ხელს აღარ მოაწერდა.


„ყველაზე პარადოქსული ალბათ ისაა, რომ ამას განსაკუთრებით, ცოტა პროვინციულად, ზეიმობს ის ხალხი, რომელსაც არანაირი მონაწილეობა არ მიუღია იმაში, რომ ეს ქვეყანა ევროკავშირისკენ მიმავალი გამხდარიყო და უახლოეს მომავალში წევრიც გახდება, აუცილებლად. მე ვგულისხმობ თუნდაც 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმს. ყველა ხელისუფლება მას შემდეგ ცდილობს მიჩქმალოს ის ფაქტი, თუ რისი დამსახურებაა ეს ამბავი. მე გახლდით ის ადამიანი, რომელმაც მოსკოვში, საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოზე განვაცხადე, რომ ჩვენ აღარ მოვაწერდით ხელს საბჭოთა კავშირის ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას, ეს იყო ჩვენი ხალხის გადაწყვეტილება, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, ეს გახლდათ პირველი და გადამწყვეტი ნაბიჯი, რომლის გარეშეც დღეს არაფერი იქნებოდა", - ამბობს აკაკი ასათიანი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner