logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: ჩემი ევროპა საქართველოა!
- +

29 მარტი. 2017. 04:28


ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვნელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში ვიზა-ლიბერალიზაციას შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:


„უვიზო რეჟიმი უკვე რეალობაა და მერე? ნანატრი სათამაშოს ყიდვა რომ გინდა ბავშვს, გიყიდიან და მეორე დღეს ხიბლი სტატიკურ რეალობადაა ქცეული, იგივე იგრძნობა დღესაც. კარგია. პროგრესია. კიდევ ერთი ნაბიჯია იმის გასააზრებლად რომ არ არსებობს პანაცეა და რაღაც საბოლოო ფინიში, რაღაც სამოთხის ალაყაფი, რომლის გადალახვაც ჩიტებში და პეპლებში მოგახვედრებს. ევროკავშირში გაწევრიანებისასაც იგივე გრძნობა იქნება მეორე დღეს. ნუ დაელოდებით ელდორადოს, არც იქ იქნება გაბრწყინებული იბერია. ტყუილი მოლოდინები არაა საჭირო, თავისით არაფერი მოხდება, არავინ გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელს. ჰოდა, მეც ევროპაში არ მეჩქარება, ჩემი ევროპა საქართველოა. მართალია ეს ქვეყანა ღარიბი ევროპაა, პრობლემები აქვს განათლებაშიც, მენეჯმენტშიც, სამოქალაქო სოლიდარობაშიც, მაგრამ ყველა მეზობელზე წინ არის დემოკრატიაში. ნახევარ ევროპაზე წინ არის სტაბილურობაში და რაც მთავრია, სწრაფად თავისუფლდება ლატენტური მონობის სინდრომისგან. იღწვის განვითარებისა და თავისუფლებისკენ და იმ ევროპისკენ, რომლის წევრობის მთავარი ხიბლი თანასწორობაში და არა პატრონყმობაშია. მოძრაობს მსოფლიოში ყველაზე ჰუმანური და წარმატებული გაერთიანებისკენ თავისი კულტურით და თვითმყოფადობით. იმიტომ რომ სურს იყოს წარმატებული. ამ საინფორმაციო ეპოქაში დემოკრატიის, შესაბამისად მუდმივი დებატების, პრეცენდენტების, თავისუფალი მედიის დახმარებით სოციალირი პრობლემები, გაჭირვება, გაუნათლებლობა პოლიტიკაში, ბიზნესსა და მენეჯმენტში, ეროვნული მაზოხიზმი, ფარისევლობა, საზოგადოების ატომიზაცია, სიხარბე და მერკანტილიზმი მალე გაივლის თუ ქართველები ჩვენს პირად პასუხისმგებლობას ვისწავლით ჩვენი ქვეყნის და ამ ქვეყნის მოქალაქეობის სტატუსის მიმართ. არაფერი რთული არ იქნება. მოკლედ, ამდენი პრობლემის, ღვარძლის, წუწუნისა და სეირის მაყურებლობის ფონზე ევროპაზე არანაკლებად მიმაჩნია ეს ჯერ კიდევ სუსტი, მაგრამ პროგრესისკენ მომართული სახელმწიფო. ქართველობაც მეამაყება და ევროპის ამ ყველაზე ლამაზი კუთხის მოქალაქეობაც. არაფერი სხვებისგან განსხვავებული არ გვჭირს, ნელ-ნელა წინ მივიწევთ, თუ მეტს მოვინდომებთ, შედეგებიც მალე დადგება. იბერიის გაბრწყინება შედეგს არ გულისხმობს, იბერიის გაბრწყინება ქართული საზოგადოების განვითარების პროცესის მუდმივაა", - წერს უძილაური. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner