თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის სამმართველო „თბილისის აეროპორტის" თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემოსვლისას, მიმდინარე წლის იანვრიდან კიევის ინტერპოლის მიერ ძებნილი უკრაინის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული ი.კ. დააკავეს.
ი.კ.-ს ბრალად ედება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 191-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც კრიმინალური ორგანიზაციის შექმნას და თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ქონების უკანონო მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს.
დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.