სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე დიდ ბრიტანეთში ქართველი პროკურორების ორდღიანი ვიზიტი შედგა. პროექტი ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით განხორციელდა და მისი მიზანი წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება, გამოცდილების გაცვლა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში ქართველი პროკურორების კვალიფიკაციის ამაღლება იყო.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა: სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის სამთავრობო პროგრამის ხელმძღვანელთან, პროკურატურის, დამოუკიდებელი სადამკვირვებლო მისიის, სახალხო დამცველის აპარატის, ბრიტანეთის უნივერსიტეტებისა და სხვა სტრუქტურების წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე ძირითადად განიხილებოდა: დიდ ბრიტანეთში მოქმედი სამართლებრივი სტანდარტები, სახელმწიფო მიდგომა და ეროვნული პოლიტიკა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის საკითხებში, ადგილობრივი პოლიციის საპასუხო ქმედებები, სამოქალაქო საზოგადოების როლი, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის სამართლებრივი რეფორმა, ამ ტიპის დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. შეხვედრები ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები მათთვის აქტუალურ საკითხებზე.
განხორციელებულ ვიზიტში საქართველოს მთავარი პროკურატურის, თბილისის პროკურატურისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის 7 წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათ შორის 6 მონაწილე საქართველოს პროკურატურის სერტიფიცირებული ტრენერია. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე სპეციალური სასწავლო პროგრამა საქართველოს პროკურატურაში 2017 წლის თებერვალში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მხარდაჭერით დაინერგა. აღნიშნული პროგრამით ყოველწლიურად გადამზადებას პროკურორების, სისტემის გამომძიებლებისა და სტაჟიორების 4 ჯგუფი გაივლის.