logo_geo
eng_logo
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა
- +

29 მარტი. 2017. 15:08


თბილისის საქალაქო სასამართლო უკრაინის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც სასამართლოში განმარტავენ, სასამართლოს მიერ იგორ კ.-ის მიმართ 3 თვის ვადით საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენებას საფუძვლად დაედო მიმალვის საფრთხე, რომელიც სასამართლომ საკმაოდ მაღალი რისკის შემცველად მიიჩნია.


საქალაქო სასამართლომ, უკრაინის ინტერპოლის მიერ ძებნილს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა 28 მარტს შეუფარდა, რითაც საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენების შესახებ.


იგორ კ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სამართალდამცველებმა 2017 წლის 25 მარტს დააკავეს.


წარმოდგენილი შუამდგომლობის თანახმად, იგორ კ.-ს, უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ბრალად ედება კრიმინალური ორგანიზაციის შექმნა, მითვისება, გაფლანგვა ან ქონების უკანონო მითვისება კანონის ბოროტად გამოყენებით, იმ პერიოდში, როდესაც ის უკრაინის ნავთობისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ასევე ნავთობის, გაზის, ტორფის დეპარტამენტის და ნავთობის გადამუშავების ინდუსტრიის და ალტერნატიული საწვავის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.


სასამართლოს მიერ იგორ კ.-ის მიმართ 3 თვის ვადით საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენებას საფუძვლად დაედო მიმალვის საფრთხე, რომელიც სასამართლომ საკმაოდ მაღალი რისკის შემცველად მიიჩნია. კერძოდ, სასამართლომ გაითვალისწინა იგორ კ. -ს კავშირები საზღვარგარეთ, მისი ფინანსური რესურსები, ასევე ის, რომ მას დაკავების ქვეყანასთან არ აქვს მჭიდრო კავშირები და რაც მთავარია, ის ფაქტი, რომ იგორ კ. -მ წარსულში უკვე სცადა მიმალვა, რითაც თავი აარიდა უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებში და სასამართლოში გამოცხადებას.


სასამართლო განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, მისი გადაცემიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner