ავტორი სალომე უერთაშვილი
„სანამ ვეტოს დაადებ, ძალოვან სტრუქტურებთან უნდა გაიარო კონსულტაცია", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და „ფარული მოსმენების" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს გამოეხმაურა. როგორც ჭიჭინაძე აღნიშნავს, პრეზიდენტი ოპოზიციონერი არ უნდა იყოს, თუმცა, თავისი ქმედებებით ის სწორედ ოპოზიცონერის როლს თამაშობს.
„ძალიან უცნაურად იქცევა ჩვენი პრეზიდენტი, ბავშვური ახირებები აქვს, ვეტოს ადებს ისეთ საკითხს, რომელზეც სამართალდამცვლებთან კონსულტაციები უნდა გაეარა, თუ რამდენად მართებული არის ის გადაწყვეტილება, რომელსაც პარლამენტი იღებს, თუმცა, პრეზიდენტმა მათთან კონსულტაციის გარეშე დაადო ვეტო. უარი განაცხადა საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობაზე, თუ გინდა, რაიმე კონსტრუქციული გაუკეთო შენს ქვეყანას, მაშინ უნდა მიიღო მონაწილეობა საკონსტიტუციო კომისიაში. პრეზიდენტი არ არის ოპოზიციონერი და მას გამოსდის ოპოზიციონერის როლის თამაში. ეს არის ძალიან სამწუხარო", - განაცხადა ჭიჭინაძემ.
კითხვაზე - არის თუ არა პრეზიდენტის კამპანია „კონსტიტუცია ყველასია" მისი საარჩევნო კამპანია, ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ მარგველაშვილს ძალიან დაბალი შანსი აქვს, ხელმეორედ გახდეს პრეზიდენტი.
„ალბათ, გახსოვთ მარგველაშვილის განცხადება, ალასანიას შესახედაობა მქონდეს, ბენდუქიძის ფულიო და კიდევ რაღაცებს იძახდა. ალბათ, პლასტიკური ოპერაციის გაკეთებას აპირებს, სადღაც ფულსაც მიაგნო, ის მესამე რა იყო, არ ვიცი და ალბათ ძალიან დაბალი შანსი აქვს მარგველაშვილს, ხელმეორედ გახდეს საქართველოს პრეზიდენტი", - ამბობს ჭიჭინაძე.