ავტორი სალომე უერთაშვილი
„მრეწველთა პარტიის" ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ვიზა-ლიბერალიზაციის შესახებ ისაუბრა, რომელიც ძალაში გუშინ შევიდა. როგორც ტყემალაძემ აღნიშნა, უკეთესი იქნებოდა, ევროპარლამენტს მსგავსი გადაწყვეტილება ერთი წლის წინ მიეღო.
„მნიშვნელოვანი საკითხია და, ასევე, ძალიან დიდი მიღწევაა საქართველოს მოსახლეობისა და ხელისუფლების მხრიდან. ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, გაატარა ის რეფორმები, რომლებიც უნდა გაეტარებინა იმისთვის, რომ ვიზა-ლიბერალიზაციისთვის მიგვეღწია. ბუნებრივია, ჩვენი მოქალაქეები თავისი ქმედებებით საზღვარგარეთ ყოფნისას, ყოველთვის ადასტურებდნენ, რომ ქართველი ერი იმსახურებს ვიზა-ლიბერალიზაციას და უვიზო მიმოსვლას ევროპის ქვეყნებში, როგორც ერთ-ერთი ძირძველი ევროპული ქვეყანა და ევროპული ცივილიზაციის გამზიარებელი.
არსებობდა, რა თქმა უნდა, შეფერხებები, არსებობდნენ ოპონენტები, რომლებიც ცდილობდნენ, რაც შეიძლება გვიან ან საერთოდ არ მიგვეღო ვიზა-ლიბერალიზაცია, მაგრამ, როგორც იცით, ჭეშმარიტება იმარჯვებს და საბოლოო ჯამში ბუნებრივია ევროპამ და ევროპარლამენტმა მიიღო ის გადაწყვეტილება. თუმცა, დაახლოებით ერთი წლის წინაც რომ მიეღო, უფრო კარგი იქნებოდა, მაგრამ, ხომ გსმენიათ, „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს".
გუშინ პირველი მგავზრები გაემგზავრნენ ევროპაში ყოველგვარი შეფერხების გარეშე და, მინდა გითხრათ, რომ ახალგაზრდებს, სტუდენტებს, ხალხს, რომელსაც სწყურია, გაეცნოს ევროპულ ცივილიზაციას, სამყაროს, მოკლედ, ბევრი მიმართულებით საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება გზა ხსნილი", - განაცხადა ტყემალაძემ.