ავტორი სალომე უერთაშვილი
„ვინ უნდა აუნაზღაუროს ქიბარ ხალვაშს ის მატერიალური ზარალი, რომელიც ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამ გამოიწვია იმ შეჩერებით, რომელიც დღემდე გრძელდება?" - ამის შესახებ უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და „რუსთავი 2"-ის წილების გადანაწილებას გამოეხმაურა. როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, აბსოლუტურად გაუგებარია, თუ ვის წილებს ინაწილებენ ტელევიზიაში. მისი თქმით, „რუსთავი 2" საზოგადოებას აბსურდის თეატრში ამყოფებს.
„საერთოდ, მას მერე, რაც „რუსთავი 2" გახდა გამარჯვებული ხალხის ტელევიზია და მანამდეც, სანამ ის ემზადებოდა რევოლუციისთვის, „რუსთავი 2" საზოგადოებას აბსურდის თეატრში ამყოფებდა თავისი ინფორმაციებით, პროპაგანდით და დღესაც ჩვენ ამ აბსურდის თეატრში ვიმყოფებით. ვის წილებს ინაწილებენ, ვის ქონებას ყოფენ, ვის რას ჩუქნიან, აბსოლუტურად გაუგებარია და ამაზე კიდევ დავა და დისკუსიების გამართვა საერთოდ სასაცილო მგონია, მაგრამ, სამწუხაროდ, „რუსთავი 2"-ის და იმ პოლიტიკური ძალის სტილია, ვისაც „რუსთავი 2" განასახიერებს. მე ვფიქრობ, რომ ესაა აბსურდი, რაც დღეს „რუსთავი 2"-ში ხდება. ჩვენ ვიცით, რა არის კანონი, რა არის სამართალი და ის, რასაც დღეს „რუსთავი 2" აკეთებს, არ ჯდება არანაირ სამართლებრივ ჩარჩოში, ეს არის მასკარადი და ამის უკან რეალური არაფერია. რეალურია ის, რომ იყო მეწილეთა ბრძოლა და ამ ბრძოლაში ერთმა მხარემ გაიმარჯვა, დღეს კი ეს პროცესი ევროსასამართლოს მიერ არის შეჩერებული.
თავისთავად ეს შეჩერებაც, რომელიც „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით მოხდა, იყო წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამას სამართლებრივ გადაწყვეტილებასთან არანაირი კავშირი არ აქვს, რადგანაც ევროსასამართლო ვერ უნდა იღებდეს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელსაც აღსრულება არ უწერია. აღსრულებაში ვგულისხმობ იმას, რომ, როდესაც შედგება ამ საქმის არსობრივი განხილვა და ვთქვათ, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქიბარ ხალვაშის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება იყო კანონიერი და სწორი, ამ შემთხვევაში ვინ უნდა აუნაზღაუროს ის მატერიალური ზარალი, რომელიც ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამ გამოიწვია იმ შეჩერებით, რომელიც დღემდე გრძელდება? როდესაც საქმესთან დაკავშირებით ასეთი დაშვება არსებობს, სასამართლოს არ აქვს უფლება, მიიღოს ცალმხრივი და უსამართლო გადაწყვეტილება", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.