დღეს ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 77 წელი შესრულდა.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შესახებ პარტია „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე წერს:
„დიდი ზვიად გამსახურდია!!! სხვაგვარად ვერ მოიხსენიებ მის ნათელ სახელს. დიდი იყო და უდიდესი, თუმცა საოცრად თბილი და კეთილი. დიდთან დიდი და პატარასთან პატარა. მახსენდება, პრეზიდენტობისას ხშირად კაბინეტში მიმიპატიჟებდა, მოძღვარივით მარიგებდა და ცდილობდა, საქართველოს არსი შემემეცნებინა, საოცრება იყო, როგორი სიყვარულით მესაუბრებოდა 18 წლის ბავშვს საქართველოს პრეზიდენტი, ამ პატივისცემით კი ისეთი სიყვარულით განგაწყობდა მისი პიროვნების მიმართ, რომ მზად იყავი, დაუფიქრებლად სიცოცხლე გაგეწირა მისთვის. ერთადერთი იყო და განუმეორებელი, ამიტომაცაა, რომ მის შემდგომ მოსულ სხვა ე.წ. პრეზიდენტებს ვერასოდეს აღვიქვამდი და აღვიქმავ პრეზიდენტად.
მის შემდეგ მოსულებს მხოლოდ ზიზღი წაჰყვათ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ხოლო ზვიადს - მხოლოდ სიყვარული, უდიდესი სიყვარული, რომლის დარი სიყვარულიც არავის ღირსებია. ისე მივდიოდით უიარაღონი შეიარაღებული ბანდიტების წინააღმდეგ, რომ ერთხელაც არ შეგვშინებია, არ შეგვშინებია, რადგან ვიცოდით, რომ ჩვენს წინ ზვიადი იდგა, ზვიადი, რომელიც საქართველოს გასათავისუფლებლად მოუვლინა ღმერთმა ქვეყანას და აასრულებინა ეს უდიდესი მისია. 25 წელია პოლიტიკაში ვარ და ის ერთადერთი იყო, რომელსაც საქართველო საკუთარ თავზე მეტად უყვარდა, უყვარდა და მზად იყო, თვითშეწირვის აქტი განეხორციელებინა სამშობლოს გადასარჩენად. ვერ ვუპატრონეთ, ვერ დავიცავით, ვერ დავიფარეთ, პირიქით, თვითონ გვიცავდა, თვითონ გვიფარავდა, თვითონ გვპატრონობდა, ახლაც ის იცავს და მფარველობს უზნეობის მორევში ჩაფლულ ჩვენ სამშობლოს. ზნეობის, მორალის, ქართველობის, ჭეშმარიტი ქრისტიანის სახება იყო მასში გაერთიანებული და ამიტომაც შექმნა ყველაზე დიდი განმათავისუფლებელის ეპოქა ისტორიაში.
მეცოდებიან ისინი, რომელთაც ტყვია ესროლეს საქართველოს თავისუფლების სიმბოლოს, მეამაყებიან ისინი, რომლებიც ბოლომდე გვერდით ედგნენ დიდ ზვიადს.ზვიადის უდიდესი სიდიადე იმაშია, რომ მისი გარდაცვალებიდან ძალიან მოკლე ხანში მისი მტრებიც კი იძულებულნი არიან, აღიარონ ზვიადის უდიდესი მამულიშვილობა და ბოდიშებს იხდიან ერის წინაშე. ზვიადი მათ შეუნდობდა, რადგან ზვიადი იყო შემნდობი, კაცთმოყვარე და მორწმუნე. ჩემი პრეზიდენტი!!! სიამაყით წარმოვთქვამდით ამ სიტყვებს და დღესაც ასეთი სიამაყე მეუფლება, როდესაც ამ სიტყვებს წარმოვთქვამ. ის ძალიან დიდი იყო, უდიდესი, მას სამშობლო ისე უყვარდა, რომ ამის გაგება ძალზედ ძნელი იყო, ამიტომაც არ ესმოდათ შესაძლოა ზოგიერთს მისი, მაგრამ ის ყველაფერზე მაღლა იდგა და თავის უდიდეს მისიას ასრულებდა. ქრისტეს თუ ბარაბას გზა, მისი ეს ფრაზა დღესაც ჩამესმის ყურში, ამ ისტორიული ფრაზით მან საქართველოს ისტორიასა თუ მომავალს არჩევანი დაანახა და ურჩია, ქრისტეს გზით ევლო. ბევრჯერ არ დაუჯერეს, თუმცა, არჩევანი კვლავ დგას და ეს არჩევანი ქართველი ერის გასაკეთებელია. მე ზვიადის გზას ავირჩევ და ამ გზით ვივლი, რადგან ეს ჭეშმარიტებაა, ჭეშმარიტება, რომელიც საქართველოს სიყვარულშია და რომელიც ქრისტეს გზას უახლოვდება. დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა საქართველოს გათავისუფლებისთვის, დიდი მადლობა თავგანწირვისთვის, დიდი მადლობა ჭეშმარიტების დანახვებისთვის, დიდი მადლობა მასწავლებლობისთვის, დიდი მადლობა ქრისტეს გზის ჩვენებისთვის! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! ჩვენთან არს ღმერთი!" - წერს ბრეგაძე.