2017 წელს სახელმწიფოს მხარდაჭერით, „Check in Georgia"-ს ფარგლებში, საქართველო უმასპინძლებს 13 საერთაშორისო-სპორტულ ღონისძიებას, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა ქართული სპორტის ისტორიაში. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები, საერთაშორისო ტურნირები იმაზე მეტყველებს, რომ საერთაშორისო სპორტულ რუკაზე საქართველო თავის ადგილს იმკვიდრებს. ყველა ეს ღონისძიება თუ ასპარეზობა იმავე მიზანს ემსახურება, რასაც „Check in Georgia" - მეტი ადამიანი ჩამოვიდეს ჩვენს ქვეყანაში, გაატაროს საუკეთესო დრო, მიიღოს პროფესიული გამოცდილება, დაისვენოს და მონიშნოს საკუთარი ყოფნა საქართველოში მსოფლიო რუკაზე. წელს, მხოლოდ სპორტული ღონისძიებების ფარგლებში საქართველო 70-მდე ქვეყნის უამრავ ვიზიტორს ელის.
29 მარტს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში", პროექტ „Check in Georgia"-სა და მის ფარგლებში გასამართი საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი ლოდიამ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა მიაწოდეს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები და ხელმძღვანელი პირები - ლევან კობიაშვილი (ფეხბურთი), დავით ქევხიშვილი (ძიუდო), ალექსანდრე მეტრეველი (ჩოგბურთი), ქეთევან კობერიძე (ხელბურთი), გია გიორგაძე (ჭადრაკი), დავით სახვაძე (ფარიკაობა), გიორგი ვერულიძე (უშუ), თენგიზ რუხაძე (სუმო), დავით ქაცარავა (ჯომარდობა), დავით მჭედლიშვილი (ავტოსპორტი), მაია აზარაშვილი (wings for life), ბაჩო ხურციძე (რაგბი), ანდრო ლეჟავა (ფრენბურთი) და სპორტსმენები. ასევე, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები, თბილისის გრან-პრის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელები - ლუისა გალეა და კლაუდიო კიმოიუ. ძიუდოს თბილისის გრან-პრი ერთ-ერთი პირველი ტურნირია იმ 13 დიდი შეჯიბრებიდან, რომელსაც საქართველო წლეულს მიიღებს.
„ეს ყოველივე, რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის და იმ რეფორმების აღიარებაა, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს მათ შორის სპორტის მიმართულებით. საქართველო ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიო სპორტის რუკაზე, რაც რა თქმა უნდა, ხელს უწყობს როგორც სპორტის განვითარებას და სპორტსმენების დაოსტატებას, ასევე ქვეყნის ცნობადობის გაზრდას.
ყველა იმ ნაკრებს, რომლებიც სხვადასხვა საერათაშორისო ტურნირებზე ჩამობრძანდებიან, შემდგომში აუცილებლად გაუჩნდებათ სურვილი, კვლავ ეწვიონ ჩვენს ქვეყანას, გამართონ ერთობლივი წვრთნები, რაც დამატებითი შემოსავლების წყარო გახდება საქართველოსთვის.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ 13 საერთაშორისო ტურნირის შედეგად, ათეულობით მილიონი ლარი შემოვა ბიუჯეტში, ეს კი ხელს შეუწყობს ეკონომიკისა და ასევე სპორტული ტურიზმის სამომვალო განვითარებას და წინსვლას.
და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენს გულშემატკივრებს საშუალება მიეცემათ სხვადასხვა სპორტის სახეობებში მოქმედი და მომავალი მსოფლიო დონის ვარსკვლავები იხილონ საქართველოში და მათი საშემსრულებლო კლასით ისიამოვნონ.
მსურს ყველა სპორტულ ფედერაციას თუ ტურნირების საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს, კერძო სექტორს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ზოგადად ყველა იმ ადამიანს ვისაც წვლილი მიუძღვის ამ აღიარებაში, მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო", - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
„ტურიზმი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან გაზრდილი ვიზიტორების რაოდენობა, ქვეყანაში შემოსული თანხა, თავისთავად ახლავს ტურისტების შემოსვლას, ეს კი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში. ამ დარგის განვითარებისთვის არაერთ პროექტს ვახორციელებთ, ამათგან კი აუცილებლად გამოსარჩევია „Check in Georgia"-ს პროექტი, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას, სხვადასხვა მიმართულებებთან დაკავშირებას, რათა მომავალში კიდევ უფრო გავზარდოთ ქვეყანაში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა. მინდა ავღნიშნო, რომ 2017 წელს „Check in Georgia"-ს ფარგლებში არაერთი მასშტაბური ღონისძიება იგეგმება, ეს ღონისძიებები მოიცავს როგორც კულტურას, ასევე სპორტს და საქმიან ტურიზმს. სპორტი გახლავთ ის მიმართულება, რომელიც პოზიტიურ იმიჯს უქმნის ქვეყანას, რადგან ასოცირდება ჯანსაღი ცხოვრების წესთან. ასევე, მნიშვნელოვანია რომ მოხდეს ჩვენი სპორტსმენების წახალისება და სპორტის ჩართვა საერთაშორისო ცნობადობის გაზრდის კუთხით. საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობა არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ამ ტურნირების გაშუქება ხდება არაერთ ქვეყანაში, რაც ცხადია, საქართველოს პოპულარიზაციაზე და იმიჯზე ძალიან პოზიტიურად იმოქმედებს", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა.
პროექტ „Check in Georgia"-ს კომპლექსური დატვირთვა აქვს ტურიზმის ზრდის თვალსაზრისით. ის ხელს შეუწყობს საქართველოში საქმიანი, სპორტული და კულტურული ტურიზმის ზრდას და განვითარებას. ამასთან, ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოში ტურისტული სეზონის გახანგრძლივებისა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ზრდის მიმართულებით.
საქართველო მსოფლიო ტურისტულ რუკაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდება როგორც საერთაშორისო სტანდარტის სპორტული და კულტურული ღონისძიებების ჩატარების ადგილი. საერთაშორისო მნიშვნელობის სპორტული ღონისძიებების ჩატარება ორიენტირებულია როგორც პროფესიული სპორტის განვითარებასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობაზე, ის ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის შემოსავლების ზრდასაც.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ უკვე რამდენიმე წელია საქართველოს დაუგროვდა საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის ძალიან დიდი გამოცდილება და აქედან გამომდინარე, საერთაშორისო სპორტულ კალენდარში ჩვენი ქვეყანა ეტაპობრივად იმკვიდრებს მნიშვნელოვანს ადგილს.
„Check in Georgia"-ს ბრენდის ქვეშ ერთიანდება ჩვენს ქვეყანაში 2017 წელს დაგეგმილი 13 საერთაშორისო მნიშვნელობის სპორტული ღონისძიება:
1. ძიუდოს გრან-პრი, თბილისი 31 მარტი - 2 აპრილი
2. საერთაშორისო ჩემპიონატი ავტორბოლაში, რუსთავი - 1-2 აპრილი
3. დევისის თასის მატჩი, საქართველო - ლიტვა-თბილისი - 7-9 აპრილი
4. ევროპის ჩემპიონატი სუმოში, თბილისი - 22-23 აპრილი
5. მსოფლიო რბენა - Wings For Life, კახეთი - 7 მაისი
6. ევროპის ჩემპიონატი უშუში, თბილისი, 11-21 მაისი
7. ევროპის ჩემპიონატი ჯომარდობაში, ბორჯომი, 22-28 მაისი
8. მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი რაგბიში, თბილისი-ქუთაისი - 31 მაისი-18 ივნისი
9. ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში, თბილისი - 11-17 ივნისი
10. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ფეხბურთში, თბილისი, გორი - 2-15 ივლისი
11. მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი ხელბურთში, თბილისი - 8-21 აგვისტო
12. მსოფლიო თასი ჭადრაკში, თბილისი - 2-28 სექტემბერი
13. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ქალთა შორის ფრენბურთში, თბილისი, 21-25 სექტემბერი