logo_geo
eng_logo
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სამართლიანობის აღდგენის პროცესზე გამოწვევები, პერსპეტივები და შედეგები შეაჯამეს
- +

29 მარტი. 2017. 20:06



ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები" სამართლიანობის აღდგენის პროცესზე, მიმდინარე გამოწვევებსა და შედეგებზე სადისკუსიოდ, ჟურნალისტურ კორპუსს შეხვდა. მედია-ფორუმს გაზეთების, ახალი ამბების სააგენტოებისა და ტელევიზიის წარმომადგენლები ესწრებოდა. შეხვედრის მიზანს სამართლიანობის აღდგენის პროცესში ორგანიზაციის ჩართულობის, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების საქმიანობის ანალიზი და წარმოდგენილ კონკრეტულ რეზონანსულ საქმეებზე მოსალოდნელი პერსპექტივების შეფასება წარმოადგენდა.


„ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია საქართველოს სახელმწიფოს კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს. ამ თვალსაზრისით, ნიშანდობლივია ევროსასამართლოს მიმდინარე წლის მარტის გადაწყვეტილებაც, როდესაც ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საქმეზე დაუყოვნებლივ აღსრულების პროცედურები შეაჩერა და შექმნა პრეცედენტი. როგორც ევროსასამართლოს, ასევე ევროპული ინსტიტუციების ყურადღება მიმართულია საქართველოში დემოკრატიის სტანდარტებისა და ღია მმართველობის სისტემის უზრუნველყოფაზე. წარსულში ჩადენილი სისტემური დანაშაულებები დაუყოვნებლივ მოითხოვს რეაგირებას და ჭეშმარიტების დადგენას. ამ მიმართულებით, მთავრობას, პარლამენტს და სასამართლოს ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღება, შესაბამისი საკანონმდებლო საფუძვლების შექმნა და ეფექტური მოქმედებები მართებთ, საზოგადოებრივი კონტროლი კი უნდა განახორციელოს მეოთხე ხელისუფლებამ - მედიამ. ჟურნალისტურმა კორპუსმა უნდა აკონტროლოს ხელისუფლების ყველა შტო.


არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ 2012 წლის შემდეგ სამართლიანობის აღდგენის პროცესში, საეტაპო ნაბიჯები გადადგა (ამნისტია, ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენების გადახედვა, სხვა), თუმცა მოცემულ ეტაპზე საჭიროა ქმედითი და შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები, რადგანაც გახმაურებულ, ქონების დათმობის რეზონანსულ საქმეებზე, მთავრობის შესაბამისი სამინისტროები (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო), სასამართლოები (საერთო სასამართლო სისტემაში ახლადდანიშნული მოსამართლეები) ადამიანის უფლებების აღდგენის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს მიღებენ. მისი თქმით, მთავარ პროკურატურაში შექმნილი სამართალწამოების პროცესში ჩადენილ დანაშაულთა დეპარტამენტის საქმიანობა დადებითად უნდა შეფასდეს, თუმცა მნიშვნელოვანია დაჩაქრდეს საგამოძიებო მოქმედებათა ტემპი და დაზარალებულად იქნენ ცნობილი წინა რეჟიმის დროის მსხვერპლები. ორგანიზაცია, ამ მიმართულებით, მედიას მიმართავს და აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესში სახელმწიფო უწყებებთან შესაძლო სირთულეების პროცესში (საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა, მედიასთან ურთიერთობის წესის დარღვევა, სხვა) მზად არის წარმომადგენლობა განახორციელოს. არჩილ კაიკაციშვილმა ისაუბრა საგამოძიებო ჟურნალისტიკის არარსებობაზე და ამ მხრივ ფონდების უყურადღებობაზე. მისივე თქმით, საზოგადოებაში სულ უფრო მეტად დაისმის კითხვა, საჭიროა თუ არა პარლამენტმა მიიღოს „ისტორიული მეხსიერების შესახებ" ესპანური კანონის ანალოგია, ვინაიდან პასუხი გაეცეს „სამართლიანობის განცდის" დამკვიდრებას საზოგადოებაში. როგორც შეხევდრაზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, „ახალგაზრდა ადვოკატები" უახლოესს მომავალში კვლევით ჯგუფს დააფუძნებს, რომლებიც ქვეყანაში ჩადენილი სისტემური დანაშაულის საქმეებზე საერთაშორისო ადვოკატირებას მოახდენს.


„ახალგაზრდა ადვოკატებმა" ჟურნალისტურ კორპუსს წარმოებაში არსებული საქმეებიდან, ცალკე გააცნო ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის ქონების - ლისის ტბის დათმობის საქმე, რომელსაც ამჟამად სწავლობს საქართველოს მთავარი პროკურატურა და განიხილავს სასამართლოები. საქმეზე ახალი დეტალები მედიას მიაწოდეს რამაზ ახვლედიანის ადვოკატებმა: მზია ანსიანმა და გიორგი ნასყიდაშვილმა. ბიზნესმენი 2006 წლის 4 ნოემბერს, დაიბარეს მაშინდელ ფინანსურ პოლიციაში და ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პატიმრობით დაემუქრნენ. რამაზ ახლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ბიზნესმენის განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს კი პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება ჩამოართვა. საქმეში იკვეთება შპს „ლისი ლეიქ დეველოპმენტისა" და შპს „ფროფერთი დეველოპმენტ ჰოლდინგის" პარტიონრების მხრიდან შესაძლო არაკეთილსინდისიერება, განსაკუთრებით, მამუკა ხაზარაძის მხრიდან, რომელიც რამაზ ახვლედიანის მოქმედი და ყოფილი პარტნიორია და მათ დაგეგმილი ჰქონდათ ერთად გაეუმჯობესებიათ ლისის ტბისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობა.


მასალებით დგინდება, რომ ქონების ჩამორთმევის საკითხი მტკივნეული აღმოჩნდა მხოლოდ რამაზ ახვლედიანისათვის, მამუკა ხაზარაძე კი დღემდე სადავო ქონების თაობაზე დუმს. რამაზ ახვლედიანმა საქართველოს პროკურატურას, მათ შორის მამუკა ხაზარაძის მოწმის სახით დაკითხვის მოთხოვნით უკვე მიმართა. სასამართლოებში დავა გრძელდება პრეზიდენტის მიერ გამოცემული აქტების ბათილად ცნობაზე, სადაც პრეზიდენტის ადმინისტარციასთან ერთად, მხარეები თბილისის მერია და „ლისი ლეიქ დეველოპმენტია". პროკურატურა სწავლობს ქონების დათმობის ფაქტობრივ მხარეს. მოწმის სახით დაკითხულია რამაზ ახვლედიანიც. საქმეზე მონიტორნგს ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატი.


შეხვედრაზე ნაჩვენები იქნა სტუდია „მონიტორის" ფილმი „ნაპატიები მილიონები", რომელიც მამუკა ხაზარაძის კომპანიების მიმართ ჩამოწერილ ვალებს ეხება. ასევე, რამაზ ახვლედიანმა წარმოადგინა მამუკა ხაზარაძესთან ერთად შექმნილი ფოტოსლაიდი, თუ ერთობლივად როგორი უნდა განვიტარებულიყო ლისის ტბა. შეხვედრა მედიასთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და საქმემ მედიის მაღალი ინტერესი დაიმსახურა.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner