logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: „რუსთავი 2“ საზოგადოებას აბსურდის თეატრში ამყოფებს
- +

29 მარტი. 2017. 21:11




უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ „რეპორტიორთან" საუბრისას „რუსთავი 2"-ში წილების გადანაწილებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, თუ ვისი წილების გადანაწილება ხდება. კაკაბაძემ ასევე პრეზიდენტის კამპანია „კონსტიტუცია ყველასია" შეაფასა და აღნიშნა, რომ ესაა მარგველაშვილის წინასაარჩევნო კამპანია.

 

 

- ვიზა-ლიბერალიზაცია გუშინ ძალაში შევიდა...


- ის, რომ ვიზა-ლიბერალიზაცია შევიდა ძალაში, რა თქმა უნდა, კარგია. გადაადგილების თავისუფლება ადამიანის მნიშვნელოვანი უფლებაა და თუ მართლაც გაუადვილდებათ გადაადგილება, კარგია. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ეს ადრევე უნდა გაკეთებულიყო და ეს უფლება ჩვენს მოქალაქეებს იმ პერიოდიდან უნდა ჰქონოდათ, როდესაც ჩვენ გავხდით ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, თუმცა მხოლოდ ახლა გახდა ეს შესაძლებელი.


ხელისუფლებამ ეს ისე წარმოაჩინა, თითქოს ეს იყოს ძალიან დიდი მონაპოვარი და საჩუქარი, რომელსაც კაცობრიობა უნდა შეჰხაროდეს და შეღაღადებდეს, ეს პოზიცია, კი ჩემთვის გაუგებარია. ეს იყო ნორმალური პროცესი და არის ძალიან დაგვიანებული, თანაც საკმაოდ ღირსების შემლახავიც, მინდა გითხრათ.


როდესაც იქ არის ჩადებული ის პირობები, რა პირობებსაც თხოულობენ საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში და შენ არა ხარ დაცული, რომ თუ ყველა იმ პირობას არ აკმაყოფილებ, შეიძლება უკან მოგაბრუნონ, ძალიან დამამცირებელია. საერთოდ ეს არის საქართველოს ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგი, რომ ისინი ასეთ დამამცირებელ პირობებს დათანხმდენენ იმისათვის, რომ მათმა მოქალაქეებმა ღირსეულად გადალახონ საზღვარი და გადაადგილდნენ იმ სივრცეში, რომელ სივრცის ნაწილადაც მოიაზრებს საქართველო თავის თავს.



- თქვენი აზრით, რამდენად ხშირი იქნება ისეთი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მოქალაქეები 3-თვიან ვადას გადააცილებენ და უფრო დიდი ხნით გაჩერდებიან ევროპაში და, თქვენი აზრით, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს, რომ ეს ყველაფერი თავიდან ავიცილოთ?


- ჩემთვის, საერთოდ, გაუგებარია იმ წითელი ცირკულარის არსებობა ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც ხელისუფლება დასთანხმდა, ანუ, თუ შენ დაარღვიე პირობა და დაგვიანებით დაბრუნდი ქვეყანაში, შენივე ქვეყანა გიდგენს წითელ ცირკულარს. თუ სხვა ქვეყანა გააკეთებს ამას, გასაგებია, რადგან ის ქვეყანა ამას დარღვევად თვლის. შენ შენი ქვეყნის მოქალაქემ 90 დღის ნაცვლად, თუ 95 დღე დაჰყოს ევროპაში, შენ ამას დარღვევად რატომ უთვლი და ამის გამო რატომ უზღუდავ შემდგომი გადაადგილების უფლებას? ძალიან გაუგებარია ჩემთვის, ქვეყნის შიგნით ეს ვალდებულება რატომ აიღო საქართველოს ხელისუფლებამ თავის თავზე. ეს მიმაჩნია ღირსების შემლახავად.


საერთოდ, საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს მოწოდებული, რომ დაიცვას ჩვენი უფლებები და არა ის, რომ შელახოს ჩვენი ღირსება. ამიტომ ასევე მიუღებელია ის მუქარებიც, რომ თუ იქ ვიღაცეები დარჩნენ - მითუმეტეს, რომ გამომდინარე არსებული ეკონომიკური მდგომარეობისა, არის შანსი, მოქალაქეები სხვა ქვეყანაში დარჩნენ, - ამის გამო მთელი ერი უნდა დაისაჯოს და შეუწყდეს მიმოსვლა. ჩემთვის ესეც მიუღებელი და დამამცირებელია.


- „რუსთავი 2"-ის თანამშრომლებზე წილების გადანაწილებას როგორ შეაფასებთ?


- საერთოდ, მას მერე, რაც „რუსთავი 2" გახდა გამარჯვებული ხალხის ტელევიზია და მანამდეც, სანამ ის ემზადებოდა რევოლუციისთვის, „რუსთავი 2" საზოგადოებას აბსურდის თეატრში ამყოფებდა თავისი ინფორმაციებით, პროპაგანდით და დღესაც ჩვენ ამ აბსურდის თეატრში ვიმყოფებით. ვის წილებს ინაწილებენ, ვის ქონებას ყოფენ, ვის რას ჩუქნიან, აბსოლუტურად გაუგებარია და ამაზე კიდევ დავა და დისკუსიების გამართვა საერთოდ სასაცილო მგონია, მაგრამ, სამწუხაროდ, „რუსთავი 2"-ის და იმ პოლიტიკური ძალის სტილია, ვისაც „რუსთავი 2" განასახიერებს. მე ვფიქრობ, რომ ესაა აბსურდი, რაც დღეს „რუსთავი 2"-ში ხდება. ჩვენ ვიცით, რა არის კანონი, რა არის სამართალი და ის, რასაც დღეს „რუსთავი 2" აკეთებს, არ ჯდება არანაირ სამართლებრივ ჩარჩოში, ეს არის მასკარადი და ამის უკან რეალური არაფერია. რეალურია ის, რომ იყო მეწილეთა ბრძოლა და ამ ბრძოლაში ერთმა მხარემ გაიმარჯვა, დღეს კი ეს პროცესი ევროსასამართლოს მიერ არის შეჩერებული.


თავისთავად ეს შეჩერებაც, რომელიც „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით მოხდა, იყო წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამას სამართლებრივ გადაწყვეტილებასთან არანაირი კავშირი არ აქვს, რადგანაც ევროსასამართლო ვერ უნდა იღებდეს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელსაც აღსრულება არ უწერია. აღსრულებაში ვგულისხმობ იმას, რომ, როდესაც შედგება ამ საქმის არსობრივი განხილვა და ვთქვათ, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქიბარ ხალვაშის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება იყო კანონიერი და სწორი, ამ შემთხვევაში ვინ უნდა აუნაზღაუროს ის მატერიალური ზარალი, რომელიც ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამ გამოიწვია იმ შეჩერებით, რომელიც დღემდე გრძელდება? როდესაც საქმესთან დაკავშირებით ასეთი დაშვება არსებობს, სასამართლოს არ აქვს უფლება, მიიღოს ცალმხრივი და უსამართლო გადაწყვეტილება.



- როგორ შეაფასებთ პრეზიდენტის კამპანიას „კონსტიტუცია ყველასია"?


- პრეზიდენტი არის წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში და ის  ყველაფერს იყენებს ამ მიმართულებით. სხვა საკითხია, რამდენად ჯდება ეს მორალურ ჩარჩოებში, თუმცა მას ამის უფლება გააჩნია და ამას იყენებს თავისი პირადი პიარისთვის და შემდგომი პოლიტიკური პროცესებისთვის. როგორც მე ვხედავ, ის აპირებს პოლიტიკაში ყოფნას, ცდილობს, გააჩნდეს პოლიტიკური გუნდი და ამ კონსტიტუციას სწორედ ამ მიზნით იყენებს. კიდევ ვიმეორებ, ეს არ არის კანონის დარღვევა და მას ამის უფლება აქვს.



- პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით რას ფიქრობთ? პირდაპირი წესით უნდა აირჩეს ქვეყნის პრეზიდენტი თუ არაპირდაპირი?


- პრეზიდენტის არჩევის არც ერთი და არც მეორე წესი არ არის პანაცეა,. მთავარია, რა უფლებები ექნება პრეზიდენტს. თუ პრეზიდენტს ექნება ფართო უფლებამოსილებები, ბუნებრივია, ეს უნდა მოხდეს საყოველთაო არჩევნით, მაგრამ თუ მას ექნება რაღაც ძალიან სიმბოლური უფლებები და სიმბოლური დატვირთვა, მაშინ ასეთი თანამდებობის არჩევა საყოველთაო წესით გაუგებარიც იქნება. ეს უნდა იყოს გამომდინარე იქიდან, თუ რა უფლებამოსილებები ექნება პრეზიდენტს.  




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner