30 მარტს, 13:00 საათზე, ქალაქ ქუთაისში, გელათის ღვთისმშობლის ტაძრის არქიტექტურის რეაბილიტაციის თემაზე მეორე გასვლითი საანგარიშო სესია მოეწყობა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება, რომელიც სიტყვით გამოვა და დანარჩენ სტუმრებთან ერთად, გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს.
დიდი ისტორიული და მხატვრული ღირებულების გამო, გელათის მონასტერს გამორჩეული ადგილი უჭირავს არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო კულტურის ისტორიაში, რის გამოც ის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეყვანილი.
გასვლითი სესიის მიზანია ფართო საზოგადოებას წარუდგინოს გელათის ღვთისმშობლის ტაძრის არქტიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში 2015-2016 წლებში ჩატარებული სამუშაოების ანგარიში.
სესიაზე მოწვეულნი არიან შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების, ქუთაისის მერიის და ტყიბულის მუნიციპალიტეტების, საქართველოს საპატრიარქოსა და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და სხვა დაინტერესებული პირები.
პროექტი ,,გელათის ღვთისმშობლის ტაძრის არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაცია'' ხორციელდება ,,ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის'', ,,საქართველოს მემკვიდრეობის'', თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების მიერ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით; დაფინანსებულია აშშ ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის და მუნიციპალური განვითარების ფონდის/მსოფლიო ბანკი RDP II მიერ.
მისამართი: გელათის მონასტერი, აკადემია, ტყიბულის მუნიციპალიტეტი