ავტორი სალომე უერთაშვილი
უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ „რეპორტიორთან" საუბრისას პრეზიდენტის კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია" შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ესაა გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო კამპანია.
„პრეზიდენტი არის წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში და ის ყველაფერს იყენებს ამ მიმართულებით. სხვა საკითხია, რამდენად ჯდება ეს მორალურ ჩარჩოებში, თუმცა მას ამის უფლება გააჩნია და ამას იყენებს თავისი პირადი პიარისთვის და შემდგომი პოლიტიკური პროცესებისთვის. როგორც მე ვხედავ, ის აპირებს პოლიტიკაში ყოფნას, ცდილობს, გააჩნდეს პოლიტიკური გუნდი და ამ კონსტიტუციას სწორედ ამ მიზნით იყენებს. კიდევ ვიმეორებ, ეს არ არის კანონის დარღვევა და მას ამის უფლება აქვს", - ამბობს კაკაბაძე.
ის პრეზიდენტის არჩევის წესსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ პრეზიდენტს უფრო მეტი უფლებამოსილება ექნება, მაშინ ის საყოველთაო წესით უნდა აირჩეს.
„პრეზიდენტის არჩევის არც ერთი და არც მეორე წესი არ არის პანაცეა,. მთავარია, რა უფლებები ექნება პრეზიდენტს. თუ პრეზიდენტს ექნება ფართო უფლებამოსილებები, ბუნებრივია, ეს უნდა მოხდეს საყოველთაო არჩევნით, მაგრამ თუ მას ექნება რაღაც ძალიან სიმბოლური უფლებები და სიმბოლური დატვირთვა, მაშინ ასეთი თანამდებობის არჩევა საყოველთაო წესით გაუგებარიც იქნება. ეს უნდა იყოს გამომდინარე იქიდან, თუ რა უფლებამოსილებები ექნება პრეზიდენტს", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.