ავტორი სალომე უერთაშვილი
„შენი ქვეყნის მოქალაქემ 90 დღის ნაცვლად, თუ 95 დღე დაჰყოს ევროპაში, შენ ამას დარღვევად რატომ უთვლი და ამის გამო რატომ უზღუდავ შემდგომი გადაადგილების უფლებას?", - ამის შესახებ უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ „რეპორტიორთან" საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ მისთვის მსგავსი ქმედება გაუგებარია. როგორც კაკაბაძე ამბობს, ეს მას ღირსების შელახვად მიაჩნია.
„ჩემთვის, საერთოდ, გაუგებარია იმ წითელი ცირკულარის არსებობა ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც ხელისუფლება დასთანხმდა, ანუ, თუ შენ დაარღვიე პირობა და დაგვიანებით დაბრუნდი ქვეყანაში, შენივე ქვეყანა გიდგენს წითელ ცირკულარს. თუ სხვა ქვეყანა გააკეთებს ამას, გასაგებია, რადგან ის ქვეყანა ამას დარღვევად თვლის. შენი ქვეყნის მოქალაქემ 90 დღის ნაცვლად, თუ 95 დღე დაჰყოს ევროპაში, შენ ამას დარღვევად რატომ უთვლი და ამის გამო რატომ უზღუდავ შემდგომი გადაადგილების უფლებას? ძალიან გაუგებარია ჩემთვის, ქვეყნის შიგნით ეს ვალდებულება რატომ აიღო საქართველოს ხელისუფლებამ თავის თავზე. ეს მიმაჩნია ღირსების შემლახავად.
საერთოდ, საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს მოწოდებული, რომ დაიცვას ჩვენი უფლებები და არა ის, რომ შელახოს ჩვენი ღირსება. ამიტომ ასევე მიუღებელია ის მუქარებიც, რომ თუ იქ ვიღაცეები დარჩნენ - მითუმეტეს, რომ გამომდინარე არსებული ეკონომიკური მდგომარეობისა, არის შანსი, მოქალაქეები სხვა ქვეყანაში დარჩნენ, - ამის გამო მთელი ერი უნდა დაისაჯოს და შეუწყდეს მიმოსვლა. ჩემთვის ესეც მიუღებელი და დამამცირებელია", - ამბობს კაკაბაძე.