ავტორი სალომე უერთაშვილი
„ეს იყო ნორმალური პროცესი და არის ძალიან დაგვიანებული, თანაც საკმაოდ ღირსების შემლახავიც, მინდა გითხრათ", - ამის შესახებ უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ „რეპორტიორთან" საუბრისას განაცხადა და უვიზო მიმოსვლას გამოეხმაურა. როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, ძალიან სასიხარულოა ვიზა-ლიბერალიზაციის ძალაში შესვლა.
„ის, რომ ვიზა-ლიბერალიზაცია შევიდა ძალაში, რა თქმა უნდა, კარგია. გადაადგილების თავისუფლება ადამიანის მნიშვნელოვანი უფლებაა და თუ მართლაც გაუადვილდებათ გადაადგილება, კარგია. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ეს ადრევე უნდა გაკეთებულიყო და ეს უფლება ჩვენს მოქალაქეებს იმ პერიოდიდან უნდა ჰქონოდათ, როდესაც ჩვენ გავხდით ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, თუმცა მხოლოდ ახლა გახდა ეს შესაძლებელი.
ხელისუფლებამ ეს ისე წარმოაჩინა, თითქოს ეს იყოს ძალიან დიდი მონაპოვარი და საჩუქარი, რომელსაც კაცობრიობა უნდა შეჰხაროდეს და შეღაღადებდეს, ეს პოზიცია, კი ჩემთვის გაუგებარია. ეს იყო ნორმალური პროცესი და არის ძალიან დაგვიანებული, თანაც საკმაოდ ღირსების შემლახავიც, მინდა გითხრათ.
როდესაც იქ არის ჩადებული ის პირობები, რა პირობებსაც თხოულობენ საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში და შენ არა ხარ დაცული, რომ თუ ყველა იმ პირობას არ აკმაყოფილებ, შეიძლება უკან მოგაბრუნონ, ძალიან დამამცირებელია. საერთოდ ეს არის საქართველოს ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგი, რომ ისინი ასეთ დამამცირებელ პირობებს დათანხმდენენ იმისათვის, რომ მათმა მოქალაქეებმა ღირსეულად გადალახონ საზღვარი და გადაადგილდნენ იმ სივრცეში, რომელ სივრცის ნაწილადაც მოიაზრებს საქართველო თავის თავს", - ამბობს ნანა კაკაბაძე.