logo_geo
eng_logo
ჯანდრი უბირია: კანონი არ დაგვირღვევია! სანამ ცოცხალი ვარ, ამას ნებისმიერ ადგილას დავადასტურებ
- +

30 მარტი. 2017. 13:38




სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2015 წლის 1 იანვრიდან  2016 წლის 1 აპრილამდე პერიოდის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა, რომლის შედეგადაც, მათი ინფორმაციით, დარღვევა-ნაკლოვანებები გამოვლინდა. აუდიტის დასკვნის თაობაზე, „ექსპრესნიუსი" ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსის მოადგილეს, სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე ჯანდრი უბირიას გაესაუბრა, რომელმაც აუდიტის დასკვნაში აღწერილ ფაქტებთან დაკავშირებით, დეტალური განმარტებები გააკეთა. ჯანდრი უბირიას თქმით, კანონი არ დაურღვევიათ, არამედ ყველა მათი ქმედება დებულებიდან გამომდინარეობდა და ამის ნებისმიერ ადგილას დადასტურება შეუძლია. მისივე განცხადებით, აუდიტის სამსახურისგან მხოლოდ რეკომენდაციები მოისმინეს, რომელიც უკვე გაითვალისწინეს, დარღვევებზე კი, ჯანდაცვის კომისიის ფარგლებში საუბარი არ ყოფილა. უფრო მეტიც, ჯანდრი უბირიას განმარტებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვეტერანთა სამსახურში არის რაიმე ისეთი დარღვევა, რაც პროკურატურის მხრიდან გადასინჯვას ექვემდებარება, არავისგან და პირველ რიგში,  აუდიტის სამსახურისგან არ მიუღიათ.


იყო თუ არა სამსახურის მიერ არათანაბარი მიდგომები ვეტერანების დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღებისას, დაფინანსდა თუ არა ისეთი ბენეფიციარების მკურნალობის ხარჯები, რომლებზეც არ დასტურდება, რომ მატერიალურად გაჭირვებულთა კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ, სამსახურის ბიუჯეტიდან შპს „ლანცეტისთვის" ანაზღაურებულია თუ არა ისეთი სახის ამბულატორიული და გადაუდებელი მომსახურებების ღირებულებები, რომელსაც სრულად (100%) ანაზღაურებდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა,  ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელთან დაკავშირებითაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე ჯანდრი უბირია,  „ექსპრესნიუსთან" ინტერვიუში საუბრობს.


- ბატონო ჯანდრი, რა კრიტერიუმებით აფინანსებდა სამსახურში შექმნილი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის კომისია? ანუ,შეგეძლოთ თუ არა კანონით იმ ვეტერანის დაფინანსება, რომელსაც არ გააჩნდა ინვალიდობის ჯგუფი ან არ იყო სოციალურად დაუცველი, ან კიდევ, პენსიონერი?


- კი,  ნამდვილად შეგვეძლო, რადგან  კრიტერიუმები თავიდან არ არსებობდა, ის ეხებოდა ყველა ვეტერანს, რომელიც იყო რეგისტრირებული ჩვენს ბაზაში, ასევე მათ ოჯახის წევრებს. კომისიის პირველ ბრძანებულებაში არ იყო პრიორიტეტები განსაზღვრული, რომ  ვეტერანი აუცილებლად  უნდა ყოფილიყო სოციალურ ბაზაში, ან სიღარიბის ბაზაში, ან ინვალიდი. ანუ, ჩვეულებრივი  ვეტერანის, რომელიც იყო  რეგისტრირებული ჩვენს ბაზაში, დაფინანსების უფლება, ბუნებრივია,  გვქონდა, რადგან  დაკონკრეტებული არ იყო, თუმცა შემდგომ გავითვალისწინეთ სხვადასხვა კრიტერიუმები და უკვე აუდიტის შემოსვლის პერიოდში,  გარკვეულწილად, გვქონდა რაღაცები დალაგებული და  მათი რეკომენდაციის შესაბამისად ის კიდევ უფრო დაიხვეწა.

 

- აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ დაფინანსებული გყავთ ის ვეტერანები, რომლებიც სამსახურის თანამშრომლები არიან. არის თუ არა ეს დარღვევა?


- არ არის დარღვევა, რადგან ვეტერანი მუშაობს თუ არ მუშაობს, ეს  კომისია იყო შექმნილი ვეტერანებისათვის.  ჩვენ მოვითხოვეთ რამდენჯერმე  ვეტერანებისგან ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ  მუშაობს ვინმე მისი ოჯახიდან, სოციალური მდგომარეობა როგორია, თუნდაც ბანკიდან ანგარიშები;  აღმოჩნდა, რომ ყველას სესხი აქვს, რაღაც და ჩავთვალეთ, რომ არასწორი იქნებოდა... ძალიან ბევრი ვეტერანი არ არის ამ სიღარიბის ბაზაში იმიტომ, რომ მათ არ აქვთ სურვილი,   იყვნენ ღარიბები, ვინაიდან ომობდნენ ქვეყნისთვის. შემდეგ იყო  დირექტორის რამდენიმე ბრძანებულება, რომელმაც უფრო და უფრო  დახვეწა აღნიშნული მიმართულებები.  დარღვევა ეს ნამდვილად არ არის, რადგან ჩვენი კომისიის დებულებაში პირდაპირ ეწერა,  რომ  ის მხოლოდ უნდა ყოფილიყო ვეტერანი და რეგისტრირებული ჩვენს ბაზაში. სხვა რამე მითქმა, განმარტება -  იქ მუშაობს, აქ მუშაობს, არ ყოფილა. ჩვენ ის დავაფინანსეთ, როგორც ვეტერანი და არა როგორც თანამშრომელი.  როდესაც ვიხილავდით კომისიაზე ამ საკითხს, ჩვენთან მომუშავე ვეტერანები მოდიოდნენ და ამბობდნენ - „მე აქ ვმუშაობ, სხვები სხვაგან მუშაობენ და რა, მე ვეტერანი არა ვარ?!" „რატომ არ უნდა დამაფინანსოთ, რადგან ვმუშაობ თქვენთან?! თუ აფინანსებთ სხვას?" - ეს არგუმენტები იყო სწორი.  ასეთი თეზისი, რომ პირი თუ მუშაობს ვეტერანთა სამსახურში, მისი დაფინანსების უფლება არ გვაქვს, ბრძანებულებაში არ იყო. საქართველოში არ არსებობს სხვა  უწყება, რომელიც განსაზღვრავს, ანიჭებს ვეტერანის სტატუსს, ეს ბაზა გვაქვს ჩვენ და, ბუნებრივია, მოთხოვნის შესაბამისად, ვუგზავნით ამას საპენსიოს, ჯანდაცვის სამინისტროს, მერიას, რომ მოხდეს მათი სადაზღვევო ბაზაში მოხვედრა, საპენსიო ბაზაში მოხვედრა, მგზავრობის ბაზაში მოხვედრა და ა.შ. თუმცა,  ეს დარღვევად არ ჩაუთვლია აუდიტს, უბრალოდ, რეკომენდაციის სახით მოგვცეს, რომ ხომ არ ჯობდა,  დაგვეხვეწა.  მივიღეთ რეკომენდაცია, დავხვეწეთ, განვსაზღვრეთ პერიოდები და პრიორიტეტების მიხედვით მივანიჭეთ. ვეტერანი, რომელიც ომში  დაინვალიდდა და აქვს შეზღუდვის ხარისხი, პირველი, მეორე ან მესამე, ასევე სამწუხაროდ, ცხოვრების პროცესში აქვს, არა ომის, მაგრამ იგივე შეზღუდვის ხარისხი, კატეგორიები განვსაზღვრეთ, თვითონ ეს სიღარიბის ბაზაც ერთ-ერთ კატეგორიაშია აყვანილი. როგორც აღვნიშნე, რეკომენდაცია გავითვალისწინეთ და კიდევ უფრო  დავხეწეთ ამ ადამიანებზე დახმარების გაცემის წესი. ანუ,კლინიკის მიერ გამოწერილი დოკუმენტაციის მიხედვით, რომელიც ადასტურებს, რომ  მათ ესა და ეს დაფინანსება სჭირდებათ, ვეხმარებოდით.  ფორმა100-ის მე-17 პუნქტში წერია, თუ რა მკურნალობა სჭირდება და ამის მიხედვით ვეხმარებოდით მაქსიმალურად და ვეხმარებით ყველა ვეტერანს, რომელიც არის ჩვენს ბაზაში.

 

- დასკვნაში აღნიშნულია, რომ სამსახურის მიერ არათანაბარი მიდგომებია ვეტერანების დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ასევე, რიგ შემთხვევებში, დაფინანსებულია ისეთი ბენეფიციარების მკურნალობის ხარჯები, რომლებზეც არ დასტურდება, რომ მიეკუთვნებოდნენ მატერიალურად გაჭირვებულთა კატეგორიას. ამ თემასთან დაკავშირებით რას იტყოდით?


- პირადად ჩემი პოზიცია სუბიექტურიც შეიძლება იყოს, მაგრამ  მიმაჩნია, რომ ვეტერანი თუ არ არის სიღარიბის ბაზაში, ის არ უნდა დაფინანსდეს, რადგან  ძალიან კარგად ვიცი  ვეტერანების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და ბევრს სამარცხვინოდ მიაჩნია, რომ იბრძოლა ქვეყნისთვის  და ახლა უნდა იყოს ღარიბი, რათა მიიღოს რაღაც დახმარება. მიუხედავად ამისა, ჩვენი დებულების შესაბამისად, არანაირი დარღვევა არ გვქონია.

 

- ხდებოდა თუ არა შპს „ლანცეტსა"და ვეტერანების ჰოსპიტალში ისეთი მომსახურების დაფინანსება, რომელსაც საყოველთაო დაზღვევაც უფინანსებდა ვეტერანებს?


- პოლიკლინიკებში არიან მიწერილი ვეტერანები თავისი რაიონების მიხედვით. იქ ხდება რამდენიმე სახის  უფასო მომსახურება. ესაა - სისხლის ანალიზი, ექიმის კონსულტაცია და ა.შ. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მოხვდება კლინიკაში,  წევს და სჭირდება შესაბამისი დამატებითი ანალიზების გაკეთება, ხომ  ვერ ეტყვი- ადექით და წადით თქვენს პოლიკლინიკაში, აიღეთ ეს ანალიზები,  მოიტანეთ აქ და შემდეგ ჩვენ გადავხედავთ?! „ლანცეტთან" ცოტა გართულება ჰქონდათ, თორემ „ლანცეტის" გარდა, საქართველოში პრაქტიკულად,  კლინიკა არ არის დარჩენილი, ვისგანაც  ჩვენ ანალოგიური მკურნალობის თანადაფინანსებას ვეწეოდით. ესაა ოპერაციული მკურნალობა და ა.შ. უბრალოდ, „ლანცეტთან" ჰქონდათ გარკვეული პრეტენზია და ამოიღეს, თუმცა სხვა კლინიკებთან შედარებით,  „ლანცეტის" მომსახურება არის ძალიან მცირე. დამერწმუნეთ, ნამდვილად, კაცს, როდესაც წევს საავადმყოფოში,  ვერ ააყენებ, ვერ წაიყვან თავის კლინიკაში, რომ შესაბამისი რაღაც ჩაიტაროს. ახლა არ ვიცი, მაგრამ იმ  პერიოდში „ლანცეტი" არ იყო ჩართული საყოველთაო პროგრამაში. ის რომ ყოფილიყო  საყოველთაო პროგრამაში ჩართული და ჩვენ დამატებით გადაგვერიცხა  თანხები, მაშინ შეიძლებოდა რაღაცაზე საუბარი. ის ვერ სარგებლობდა საყოველთაო ჯანდაცვის მიერ მინიჭებული უფლებით. სხვა კლინიკებს ეს აქვთ, შესაბამისად, ისინი, რაც სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება, იქიდან აკლებენ და შემდეგ უმატებენ პაციენტის ჯიბიდან გადასახდელ თანხას, რაშიც ჩვენი  სამსახური უშუალოდ ეხმარება. მოგეხსენებათ, გარდა იმისა, რაც სახელმწიფო მარჟაა ოპერაციაზე, ან მკურნალობაზე დადგენილი, იმაზე ორჯერ  და სამჯერ მეტად აქვთ კლინიკებს გაზრდილი ფასები. შესაბამისად, სახელმწიფო აფინანსებს, მაგრამ პაციენტს,  ვეტერანს ამ შემთხვევაში,  მაინც უწევდა და, სამწუხაროდ, დღესაც უწევს ჯიბიდან გადახდა. ამაში ვეხმარებით ჩვენ,  რომ თანადაფინანსება მოვახდინოთ, რათა გაიკეთოს ადამიანმა ოპერაცია და გადარჩეს.


- თქვენ უკვე უპასუხეთ, სწორედ ეს გვაინტერესებდა,  რატომ ხარჯავდით ბიუჯეტის თანხებს ისეთ სამედიცინო მომსახურებაზე, რომელიც ჰქონდა ჯანდაცვის სამინისტროსაც და რომლითაც შეეძლოთ ესარგებლათ შშმ ვეტერანებსაც?


- თუ კლინიკას უკვე მოთხოვნილი აქვს სახელწმიფოდან რაღაც დაფინანსების თანხა, ის ხელმეორედ სხვა უწყებიდან  ანალოგიურ თანხას ვერ მოითხოვს, რადგან  ეს ავტომატურად ჩანს და, ბუნებრივია, კლინიკა ამისთვის ისჯება. არ არსებობს ასეთი რამ, მე არ გამიგია, რომ თუ სახელმწიფომ რაღაც ოპერაციაზე გადაიხადა თანხა, შემდეგ კლინიკამ სხვა უწყებიდან მიიღო თანხა, გარდა იმისა, რასაც  უმატებს.


- მინდა, გკითხოთ პროთეზების ნაწილში აუდიტის დასკვნაზე, სადაც საუბარია, რომ შშმ რეაბილიტაციის ცენტრისთვის ანაზღაურებულია 37 ბენეფიციარზე 42 ერთეული პროთეზის დამზადებისთვის 425.7 ათასი ლარი. იმავე მოცულობის საპროთეზო მომსახურების გაწევა ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით შეადგენდა 323.0 ათასი ლარით ნაკლებს. ამაზე რას იტყვით?


- სხვადასხვა ხარისხია. იმის ღირებულება, რასაც აკეთებს ჯანდაცვა, იყო ძალიან მცირე და ვისაც არ უნდა ჰკითხონ ამ თემის შესახებ, ვინც მეტ-ნაკლებად ერკვევა ამ თემაში, იცის, რომ ის არის ჩინური, უხარისხო და აქვს 1-წლიანი გარანტია. თვითონ სახელმწიფო ამბობს,  რომ ერთ წელიწადში ეს გექნებათ გამოსაცვლელიო. ჩვენსას აქვს გარანტია ძალიან დიდი და არის სხვა ხარისხის. სუფთა „ოტობოკის" ფირმის წარმოების, რომელიც ძალიან ბევრად გაუადვილებს და გაუადვილა ვეტერანებს კიდურების პრობლემა. როდესაც არის პროტეზი უხარისხო, ის იწვევს კანის დაავადებას სხვადასხვა ფორმის და შემდეგ ისევ მიმართავენ სახელმწიფოს. ანუ, იქ არის სხვა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც დაბალფასიანია, ჩვენმა სამსახურმა  გააკეთა მაღალხარისხიანი. „აისაფის" მისიით ვინც იყო თავდაცვის სამინისტროდან, სამწუხაროდ, კიდურები დაკარგა,  გაუკეთდათ  ძალიან ძვირადღირებული პროტეზი. თუ არ ვცდები, დაახლოებით 40 000 დოლარიდან იწყებოდა თითოეულის ფასი და ამან გამოიწვია ის, რომ რატომ ვიღაცას კარგი და ჩვენ - არა. ბუნებრივია, გადაწყდა „ოტობოკის".  შპს არის თავდაცვის სამინისტროს სარეაბილიტაციო ცენტრი, სახელმწიფოა და ერთობლივი მემორანდუმის ფარგლებში გაკეთდა ეს პროტეზები.


- ანუ, ხარისხის გამო მოხდა თქვენი სამსახურის მიერ ჯანდაცვის პროგრამის დუბლირება?


- რა თქმა უნდა, ხარისხის გამო.


- პროტეზებთან დაკავშირებული პროგრამა გაგრძელდება?


- კი, იყვნენ ჩამოსული წარმომადგენლები,  წელსაც ჩამოდიან და აუცილებლად გაგრძელდება, რადგან ჩვენ გვინდა, ვეტერანმა სრულყოფილად იგრძნოს თავი, მიიღოს ჩვეულებრივი  ადაპტაცია და რეაბილიტაცია საზოგადოებაში და არ იყოს  პრობლემური.ანუ, განსხვავება არ უნდა იყოს ვიღაცასა და ვიღაცას შორის. კარგი ხარისხი თუ ვინმეს უკეთდება, ჩვენი სამსახური თვლის, რომ პირველ რიგში ამას იმსახურებენ ვეტერანები, ანუ ის ადამიანები, ვინც კიდურები დაკარგეს ქვეყნის დაცვისთვის და არც ერთი სამედიცინო პროგრამა 24 წლის განმავლობაში ვეტერანებს არ ჰქონიათ, მივიწყებულები იყვნენ. ძალიან ვწუხვარ იმაზე, რომ როდესაც სახელწმიფომ სწორი ნაბიჯი გადადგა სამედიცინო მომსახურების კუთხით, თუნდაც პროტეზების კუთხით, რატომღაც ეს აიტანეს რაღაც ცუდ, უარყოფით ხარისხში. ჩვენ ვთვლით, რომ  ყველა ვეტერანს ეკუთვნის განსაკუთრებული მომსახურება, ამაშია ჩვენი ფუნქცია  და შესაბამისად, ვცდილობთ, მაქსიმალურად კარგი ხარისხის გვქონდეს ყველაფერი- სამედიცინო მომსახურება, მათ შორის პროტეზები და ახლა კიდევ არის სხვადასხვა  პროგრამები -„აწარმოე საქართველოში", „დანერგე მომავალი" „აისაფი", ამაშიც ვართ ჩართულები, რომ ვეტერანმა მიიღოს ყველანაირი ინფორმაცია, ჩვენმა სამსახურმა შეუწყოს ხელი, რომ ადამიანები დასაქმდნენ. იცით,  კოოპერატივის თემა, რასაც სახელმწიფო აკეთებს სოფლის მეურნეობის კუთხით და ამაშიც მაქსიმალურად  ვართ ჩართულები, რომ ხელი შევუწყოთ ვეტერანს, როგორ მიიღოს სახელმწიფოს მიერ დანერგილ ამ პროგრამებში მონაწილეობა. ადრე, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში სხვა მიმართულება იყო. ვეტერანი არავის უნდოდა და 2005 წლის 23 დეკემბერს, საწმუხაროდ, ვეტერანებისთვის  არსებული შეღავათების 90% გაუქმდა. ჩვენ ხელახლა გვიწევს მუშაობა იმაზე, რომ ამოქმედდეს სხვადასხვა  სახის შეღავათები ვეტერანებთან მიმართებაში, რადგან,  დამერწმუნეთ, თუ ვინმე არის მართლა ერთ-ერთი ღირსეული ნაწილი ამ საზოგადიოების, ესენი არიან ვეტერანები, ის ადამიანები, რომლებიც თავიანთი სურვილით  წავიდნენ  სამაჩაბლო იყო, ცხინვალი თუ აფხაზეთი და მზად იყვნენ, სიცოცხლე გაეწირათ. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ჩვენი გმირი დაიღუპა და, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი გვყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. სახელმწიფომ უფრო კარგი და სწორი მიმართულება აიღო ამ შემთხვევაში ვეტერანებთან მიმართებაში და უფრო მაღალ დონეზე  აიყვანა ამ ადამიანების მომსახურება და ეს, ბუნებრივია, ყველაზე  ძალიანაც მიხარია.


- თქვენ თქვით, რომ აუდიტის სამსახურის მხრიდან მიიღეთ მხოლოდ რეკომენდაციები და არ ჩაუთვლიათ მათ დარღვევად არც ერთი საკითხი. მაშინ, სად იყო დარღვევა, რომელზეც აუდიტი მიუთითებს?


- დარღვევა ჩემს სფეროსთან დაკავშირებით არ იყო, იყო მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები, თუმცა ესეც საკამათოა. საერთოდ, ასე ხდება, თუ  რამე დარღვევაა, რომელიც უნდა გადაეცეს სამართალდამცავ ორგანოს, ან პროკურატურას,  აუდიტის სამსახური  ვალდებულია, რამდენიმე დღეში აცნობოს სამსახურს, რომ  ესა და ეს მასალები გადაიგზავნება შესაბამისად შესასწავლად სხვადასხვა  უწყებაში. ანალოგიური ჩვენ არ მიგვიღია. არც ჯანდაცვის კომისიის ფარგლებში  მიგვიღია და არც დასკვნაში არ წერია, რომ  დაუყოვნებლივ ამ ფაქტების გამო, ეს უნდა გადაეცეს პროკურატურას. ჩვენ აუდიტს მივეცით ყველანაირი ახსნა-განმარტებითი  ბარათი ყველაფერთან დაკავშირებით, თორემ ისინი მოგვწერდნენ კიდეც. აუდიტი, თუ არ ვცდები, 2 თვეა, წასულია ჩვენგან და ამ ხნის განმავლობაში რამე რომ ყოფილიყო, ისინი დაუყოვნებლივ აცნობებდნენ სამსახურს წერილობით, რომ ეს მასალები გადაიგზავნა პროკურატურაში. ამის მაგვარიც კი არ ყოფილა.ეს იყო პოლიტიკური თემა,  ალასანიას პარტიის მოთხოვნის საფუძველზე შემოვიდა  კონტროლის პალატა. ყველაფერი არის მხოლოდ რეკომენდაცია. შეიძლება დარღვევად ჩაითვალოს მშენებლობის თემა, არვიცი, მაგრამ ეს ძალიან საკამათო თემაა.თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ მასალები რომ სადმე გაიგზავნებოდა,  არც პირად საუბრებში გაგვიგია ასეთი რამ და არც ოფიციალურად არავის მოუმართავს, არ გავუფრთხილებივართ. წესია ასეთი, უნდა გვაცნობოს აუდიტმა, რომ ეს მასალები იგზავნება საგამოძიებო უწყებაში, ასეთი შეტყობინება ჩვენთან არ შემოსულა.


- ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენი სამსახურის იმიჯი შეილახა?


- ვფიქრობ, პოლიტიკური მიმართულებით ააფრიალეს ეს დასკვნა, თორემ რამე რომ ყოფილიყო... ჩვენ ვეტერანები ვართ, არ ვართ ვიღაცები, რომ არ გვაინტერესებდეს, ჩვენ გვაინტერესებს ბევრი რამ, თუმცა არც  სამედიცინო ნაწილში, არც სხვა ნაწილში, არაფერი კანონის დარღვევით არ მომხდარა. ამის დადასტურება შემიძლია და ნებისმიერ  ადგილას დავადასტურებ, სანამ ცოცხალი ვარ, ეს არის უბრალოდ რაღაცის ფონზე აგორებული თემა. არ ვიცი, ვის აწყობს და რატომ, ეს მათი საქმეა, თუმცა ჩვენთან პრეტენზიით არავის მოუმართავს. მე არ ვიცი, შესაძლოა დაიწყოს, თუ შესაძლოა არ დაიწყოს გამოძიება, შეიძლება ათას რამეზე დაიწყოს გამოძიება, თუმცა ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ აპრიორი რაღაც დარღვევა იყო.


სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2015 წლის 1 იანვრიდან  2016 წლის 1 აპრილამდე პერიოდში ჩატარებული აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:


„სამსახურის მიერ არათანაბარი მიდგომებია ვეტერანების დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღებისას. გადამისამართებულია ისეთი დაავადების მქონე ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების განცხადებები, როგორიცაა, ონკოლოგიური დავადებები, გულის მწვავე დაავადებები, მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ქიმიოთერაპია, პნევმონია და ასე შემდეგ. მაშინ, როდესაც დაფინანსებულია ისეთი მომსახურება, როგორიცაა: სტომატოლოგიური, გინეკოლოგიური, საზღვარგარეთ ძვირადღირებული მკურნალობის ხარჯები და სხვა;


რიგ შემთხვევებში, დაფინანსებულია ისეთი ბენეფიციარების მკურნალობის ხარჯები, რომლებზეც არ დასტურდება, რომ მიეკუთვნებოდნენ მატერიალურად გაჭირვებულთაკატეგორიას. 23 შემთხვევაში დაფინანსებულია სამსახურის თანამშრომლები ჯამური თანხით  93.7 ათასი ლარი;


ზოგიერთ შემთხვევაში, დაფინანსებულია დაახლოებით ერთი წლის სამყოფი მედიკამენტები, ისე რომ, არ არის ფორმა N100-ში მითითებული წამლის მიღების ხანგრძლივობა. არის შემთხვევა, როდესაც დაფინანსებულია ერთი და იმავე მოქმედების პრეპარატი ისეთი ოდენობით, რაც საკმარისი იქნებოდა ერთი ადამიანისთვის 10 წლის განმავლობაში;


სამსახურის ბიუჯეტიდან შპს„ლანცეტისთვის" ანაზღაურებულია ისეთი სახის ამბულატორიული და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებების ღირებულებები, რომელსაც სრულად (100%) ანაზღაურებდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა;


შშმ რეაბილიტაციის ცენტრისთვის ანაზღაურებულია 37 ბენეფიციარზე 42 ერთეული პროთეზის დამზადებისთვის 425.7 ათასი ლარი. იმავე მოცულობის საპროთეზო მომსახურების გაწევა ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით შეადგენდა 323.0 ათასი ლარით ნაკლებს;


ადმინისტრაციული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას საავანსო თანხის გადარიცხვა „კონვენტჯორჯია"-სთვის განხორციელებულია გარანტიის გამცემი ბანკის სანდოობის შესწავლის გარეშე. შედეგად, გარანტორი ბანკის მიერ ანაზღაურებული არ არის საავანსოდ გადარიცხული თანხიდან შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულება 363.3 ათასი ლარი",- ნათქვამია აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


გადაუგზავნა თუ არა სახელმწიფო აუდიტმა მასალები პროკურატურას?  „ექსპრესნიუსი" ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს.



 

თეონა ნოზაძე

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner