logo_geo
eng_logo
ვალერი ასათიანი: ჩემთვის „რუსთავი 2“ არის ბოროტების ტელემანქანა!
- +

30 მარტი. 2017. 18:51



თვალსაჩინო ქართველი მეცნიერი რისმაგ გორდეზიანი უდიდეს ქართველ ელინისტზე, დედაუნივერსიტეტის ერთ-ერთ მესაძირკვლეზე გრიგოლ წერეთელზე (რომელიც „თითქოს ამართლებდა ადამიანის ჯიშის მოვლინებას ჩვენს ცოდვილ დედამიწაზე". აკაკი გაწერელია) საუბრისას ამბობს: „ყოველ ერს ჰყავს მოღვაწეები, რომელნიც მის საუკეთესო თვისებებსა და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს განასახიერებენ..." მათი ბედი გარკვეულ ვითარებაში შეიძლება ისე წარიმართოს, რომ „ქვეყანამ (ქვეყანაში მოქმედმა დესტრუქციულმა ძალამ. _ ა.ს.) თავისი საუკეთესო შვილების განადგურება დაიწყოს მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ავტორიტეტისა და შემოქმედებითი სიმაღლის წინაშე ხელისუფალთ (ან იმ ძალებს, რომლებიც ხელისუფლებისთვის იბრძვიან. - ა.ს.) სიამაყის ნაცვლად შიშისა და უნდობლობის გრძნობა უჩნდებათ".


ეს ანალიტიკური პასაჟი სრულად ესადაგება ცნობილი მეცნიერისა და აღიარებული სახელმწიფო მოღვაწის ვალერი ასათიანის პიროვნებასა და მისი ცხოვრების ერთ განსაკუთრებულ მონაკვეთს, როცა 2000-იანი წლების დასაწყისში არნახულად გააქტიურებული „ახალგაზრდა რეფორმატორების" (ჟვანია, სააკაშვილი და სხვები) პოლიტიკურმა საყვირმა, „თავისუფალი სიტყვის ფლაგმანმა" „რუსთავი 2"-მა პროგრამა „60 წუთის" ბინძური ხელებით მისი განადგურება მოინდომა.


ქართველი საზოგადოებრიობა ამ არაადამიანური მცდელობის მომსწრეა და იცის, როგორ დაუპირისპირდა ეს კაცი თვითმარქვია „სახალხო ტელევიზიას" და თავისი სიმართლის ძალით, სასამართლოს მეშვეობით დაამარცხა ყველაფრის მკადრებელი, ზნეობრივი დეგრადაციის მწვერვალზე აღზევებული და საეჭვო ფინანსური წყაროებით გალაღებული მედროვეების ეს მედიასაშუალება.


საუბარი ბატონ ვალერი ასათიანთან იმ ავად მოსაგონარი დღეებიდან 16 წლის თავზე შედგა.


- დღეს, როცა ამ ტელეკომპანიასთან დაკავშირებული  კერძო ურთიერთობის საკითხი მასმედიამ და ჩვენმა საზოგადოებრიობამ ლამის საქვეყნო მოვლენად აქცია, „რუსთავი 2"-ს თავს ისე უქონავენ, თითქოს დიდ-პატარიანად ყველანი დამნაშავენი ვართ მის წინაშე, და ამიტომ სასამართლოში საქმე ისე უნდა წარიმართოს, როგორც ამ ტელევიზიის მესვეურებს სურთ.

 

მაშინაც ასე იყო, მაგრამ თქვენ გაბედეთ.


- ეს იყო 2001 წლის აპრილი, როცა ეთერში გავიდა პროგრამა „60 წუთი" - გოგიჩაიშვილის გადაცემა. ამ დროს „რუსთავი 2"-ის დირექტორი ეროსი კიწმარიშვილი გახლდათ. მოვითხოვე პირდაპირი ეთერი, პროკურატურას მოვთხოვე საკითხის შესწავლა-გამოძიება. ჩემი ადვოკატები იყვნენ შალვა შავგულიძე და დავით ჯანდიერი. სასამართლო პროცესი თვეების განმავლობაში გრძელდებოდა.


ამ ჯოჯოხეთის გადმოცემა ძალიან ძნელია.


მათ უზნეობას საზღვარი არ ჰქონდა. ადამიანი შეიძლება ყველაფერს შეეგუოს, დიდსულოვნებაც გამოიჩინოს, მაგრამ არა ასეთ შემთხვევაში. ჩემთვის „რუსთავი 2" და არა მარტო იგი არის ბოროტების ტელემანქანა.


პატრიარქმა ერთხელ ჟურნალისტებს მიმართა და პეტრე მოციქულის სიტყვები გაახსენა: იყავით თავისუფალნი, ოღონდ თავისუფლებას ნუ გამოიყენებთ ბოროტების საფარად. „რუსთავი 2"-მა ფაშისტური იდეოლოგიის - „ნაციონალური მოძრაობის" რუპორმა სწორედ ეს ბოროტების მანქანა აამუშავა და ამუშავებს დღესაც დემოკრატიის საფარველით შენიღბულს. ნაციონალებმა გაასხვისეს ქვეყანა, გააუცხოეს, შეურაცხყვეს ადამიანები, პატივი აჰყარეს მათ, დაამკვიდრეს  საზოგადოებაზე ზემოქმედების ისეთი მექანიზმები და მეთოდები, რომელთა შესწავლას მომავალში კვლევითი ინსტიტუტები თუ შეძლებენ, და გაარკვევენ, სადამდე მიდის ადამიანის ფანტაზიის უკიდეგანობა ბოროტების დამკვიდრების თვალსაზრისით და მმართველი ელიტის პიროვნული ამბიციების დასაკმაყოფილებლად.


„რა საქართველო, რა სამშობლო, რისი მამული", - რეზო ამაშუკელის ლექსი მახსენდება. რა „ახალი ევროპა", ახლა სახელი რომ გადაიკეთეს. ესენი ხომ ნეონაციონალები, მრავალთათვის ნეოფაშისტები არიან.


მიჭირს რომელიმე ერთი ეპითეტის მოძებნა „ნაციონალური მოძრაობის" „რუსთავი 2"-ის პორტრეტის დასახატად თავისი კონჩიტებითა და ამბიციებით.


როგორც თებე შავი ჭირისგან ვერ გათავისუფლდებოდა, სანამ ლაიოსის მკვლელის ვინაობა არ გაირკვეოდა, ასევე საქართველო, ჩემი ღრმა რწმენით, ვერ გათავისუფლდება იმ ბოროტებისგან, რომელზეც ვლაპარაკობ, თუ არ გასამართლდა ნაციონალურ-ფაშისტური მოძრაობა თავისი იდეოლოგებით, დღეს პარლამენტში რომ სხედან და ჭკუას გვარიგებენ.


საშველი არ დაადგა ახალი ნიურბერგის პროცესის ჩატარებას! რა კოაბიტაცია, რის თანაცხოვრება!


ხალხი ელოდებოდა, რომ სისხლიანი რეჟიმის შემდეგ მოხდებოდა სამართლიანობის აღდგენა ისე, როგორც ეს თავის დროზე დავით აღმაშენებელმა გააკეთა რუის-ურბნისის კრებაზე, როცა „წარკვეთა ვერღირსებით აღზევებულნი".


ნუ ყელყელაობენ და თავს ნუ გვამადლიან! ეს, მაძღარ პითონებად წოდებულნი თავის დროზე წითელი ყელსახვევებით მარშირებდნენ, კომკავშირშიც იყვნენ და პარტიულ კარიერაზეც ოცნებობდნენ.


- სამაგიეროდ არ ივიწყებენ, რომ ის ჩვენი თაობა კომპარტიის რიგებში იყო. გლახა ჭრიალაშვილობენ გაფუჭებული პატეფონები.


- ადამიანი შეხედულებებს როგორ არ იცვლის - ცხოვრებას სიახლეები მოაქვს და ჩვენც ჩვენი აზრების კორექტირებას ვახდენთ.


მახსოვს, როგორ შესციცინებდნენ თვალებში ედუარდ შევარდნაძეს მის ფრთებქვეშ დაზრდილი „ახალგაზრდა რეფორმატორები", მაგრამ ისიც ხომ ვიცით, როგორ უღალატეს მას და შემდეგ წლების განმავლობაში მიზანში ჰყავდათ ამოღებული, როგორც საგინებელი ობიექტი.


მაგრამ ხომ არსებობს ზნეობრივი საყრდენები, ორიენტირები, რომლებიც არ უნდა შეიცვალო, თუ კაცი ხარ, თუ ცხოვრების შენეული ხედვა გაგაჩნია.


- ესე იგი, თუ ამ უზნეობას მაგრად არ დაუდექი, წაგლეკავს.

 

- წაგლეკავს.

 

- მაშ, სად დაიკარგა პრინციპულობა ჩვენი ხელისუფლების, რომელიც ლამის ფიანდაზად დაეფინოს „მთავარ ოპოზიციურ" ძალას?


- არ ვიცი, ვერ გეტყვით, ვერ გამიგია... ხოლო საბჭოთა სტრუქტურებში მუშაობა ჩვენი ხვედრი იყო და არა არჩევანი: იმ ეპოქაში დავიბადეთ. არჩევანი გააკეთა რამდენიმე კაცმა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ წავიდა, ღმერთმა ნათელში ამყოფოთ. თავისი გზა აქვთ იმათ საქართველოს ისტორიაში. ძირითადი მასა, საზოგადოება, მართალია, მაშინდელი იდეოლოგიის პირობებში ცხოვრობდა, მაგრამ ნიადაგს არ მოწყვეტილა, ეროვნული ფსიქოლოგიით იყო გაჟღენთილი. იყო უფროს-უმცროსობა, ზრდილობა და პატიოსნება და ა.შ.


ძალიან ადვილად და ჰაიჰარად გადახაზავენ ხოლმე წინამორბედ თაობებს.


თქვენმა მკითხველებმა იციან, რომ კათოლიკურმა ეკლესიამ ბოდიში მოიხადა ინკვიზიციის გამო, გერმანელებმა - ფაშიზმის გამო. მაგრამ ახსოვს კი ვინმეს, რომ „რუსთავი 2"-მა ვინმეს ბოდიში მოუხადა, ან სააკაშვილმა, ან მისმა ნარჩენებმა, ჭკუას რომ გვასწავლიან და დიდაქტიკოსებად რომ გვევლინებიან?!


- არა, რა თქმა უნდა.


- ახლა „რუსთავი 2"-ზე გადავალ და გეტყვით, რაც ნამუსგარეცხილმა „60 წუთმა", გოგიჩაიშვილმა დამაბრალა: თითქოს მე ჩემი, მძიმე სენით დაავადებული ვაჟის გადასარჩენად (ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული) სატანისტური მკვლელობა ჩავიდინე, მოვკალი ორი ადამიანი, მათი ცხედრები დავანაწევრე და სხვადასხვა ადგილზე დავმარხე.


ვუჩივლე. მოვიგეთ ეს პროცესი. ყოველთვის მადლობელი დავრჩები რამდენიმე ათეული ადამიანის, რომლებიც იმ უმძიმეს დღეებში ჩემს გვერდით იდგნენ და სიმართლისთვის იბრძოდნენ. „რუსთავი 2"-ის მიერ ჩემთვის მოცხებული ჩირქის გამო კეთროვანივით გავხდი - ხალხი თვალს მარიდებდა. გასაგებია, რას ნიშნავდა ჩემთვის თანადგომა ისეთ სიტუაციაში, როგორსაც მტერს არ ვუსურვებ.


რომელი ერთი ჩამოვთვალო: ჯანო კახიძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, ნუგზარ ფოფხაძე, ჟანრი ლოლაშვილი, თემო გოცაძე, მიხეილ ლოლაძე და ა.შ. და ა.შ.


„60 წუთის" რეკლამას ყოველდღე ატრიალებდნენ და კიწმარიშვილი გოგიჩაიშვილთან ერთად ტრაბახობდნენ, რომ ამას ეფექტი ჰქონდაო. კიწმარიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში რამდენიმე ხნის შემდეგ აღიარა - ჩვენ ვიცოდით, რომ გადაცემაში ხარვეზები (!) იყო, მაგრამ გუნდი უკან ვერ დაიხევდაო.


- ანუ მიზანი ამართლებს საშუალებას?


- დიახ. ამ ზნეობით მოვიდა ეს გუნდი. მოვიდა იმისთვის, რომ ჩვენი თაობის ადამიანები წარმოეჩინა მკვლელებად, კორუმპირებულებად, რუსეთის აგენტებად და, რა ვიცი, კიდევ რა ჯანდაბად და ოხრობად, და ეთქვათ - აი, ჩვენ მოვდივართ, რეფორმატორები, მოგვაქვს ახალი იდეები, ახალი საქართველო და ა.შ.

როგორი „ახალი საქართველო" მოიტანეს, ხომ ვიცით!


... პროცესი მოვიგეთ. ტელევიზიით სრულად გადაიცა უზენაესი სასამართლოს სხდომა, გამოცხადდა განაჩენი, დაიბეჭდა გაზეთებში და... „რუსთავი 2"-ს დღემდე ბოდიში არ მოუხდია, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ამის გაკეთება დაევალა. დამარცხდა და ეს იყო მთავარი, რადგან შეიქმნა პრეცედენტი.


ჩემს გამართლებას ნაკლები რეზონანსი ჰქონდა, ვიდრე იმ ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელიც ჩემს წინააღმდეგ გამართა „რუსთავი 2"-მა. ჩემს შემდეგ გამოაცხადეს, რომ „60 წუთი" გაუქმდა და ამით დაიძვრინეს თავი.


- პრიმიტიული ვირეშმაკობა...


- სამაგიეროდ გააქტიურდა ინტელიგენცია, იყო განცხადებები, გამოსვლები, შეხვედრები, პუბლიკაციები. მაშინ ითქვა ხმამაღლა: ესენი თუ მოვიდნენ, დაიღუპებაო ქვეყანა.


მე მოვითხოვე გოგიჩაიშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, რომელიც დღესაც ყელყელაობს ეკრანზე. ხანდახან მეტყვიან, რომ არ უნდა დახვიდე მათ დონემდე და, საერთოდ, მათზე ლაპარაკი არც ღირსო. მაგრამ დღეს ისევ თეთრ ცხენზე რომ არიან ამხედრებული, ასეთი „არაფრად ჩაგდების" ბრალია.

საზოგადოება კი დუმს.


- „ცხვრების დუმილით".


- დიახ. სად არის საზოგადოება? სად არის ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიები? ვინ არის მსაჯული? რაღაცის განკიცხვა ხომ უნდა ხდებოდეს. „განკიცხულნი" მარტო ლიტერატურაში ხომ არ უნდა იყოს?!


ახალ ევროპაზე რომ გველაპარაკებიან დღეს, იმათ, როგორც ამბობდნენ, ბოკერიას დიდი მცდელობით, თავის დროზე კანონის ძალით დაადგინეს, რომ ცილისწამების ბრალდება  ჟურნალისტს საერთოდ მოეხსნა. ასეთი შედეგი მოჰყვა იმ ცილისმწამებლურ გადაცემას, რომელიც მე მომეძღვნა და იმ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომლის შედეგად სრულად გამტყუნდა „რუსთავი 2".


დღეს კანონის წინაშე ჟურნალისტის პასუხისმგებლობის საკითხი კვლავ დადგა დღის წესრიგში.


ახლა გეტყვით იმას, რაც აქამდე საჯაროდ არ განმიცხადებია.


მოსამართლე იყო ქალბატონი მადი ჩანტლაძე. მან ვერ უღალატა სინდისს, პროფესიონალიზმს და მიიღო ეს გადაწყვეტილება მაშინ, როცა სააკაშვილმა, რომელიც იუსტიციის მინისტრი ბრძანდებოდა შევარდნაძის მთავრობაში, დაავალა, ბოლომდე მიეყვანა ეს საქმე და მე დიდი ხნით, 20-25 წლით, ჩავესვი ციხეში. ასეთი ხმები მოდიოდა და ეს სააკაშვილისგან სულ არ იყო გასაკვირი...


- ასეთი სიმართლით იბრძოდა!


- იმასაც ამბობდნენ, რომ ქალბატონმა მადიმ არ შეასრულა დავალება და ცოტა ხანში მართლმსაჯულების სისტემიდან დაითხოვეს, თუ მიზეზთა გამო, თავად წავიდა...


- „რუსთავი 2"-ის მხარდაჭერა ჩვენს მედიაში ამ დღეებში არნახულად იყო გააქტიურებული, ლამის მოვალეობად იქცა „კრიტიკული ტელევიზიისთვის" ერთგულების დადასტურება.

 

რატომ ხდება ასე? საზოგადოებრიობაში მედროვეობა დამკვიდრდა? შეშინდა საზოგადოებრივი აზრი? გავდედლდით? თუ ამ ტელეკომპანიისთვის ფეხის აწყობა მართლაც მიგვიყვანს დემოკრატიის გაბრწყინვებამდე?


- ტკივილს ვადა არ გასდის, დრო მისი მკურნალი არ არის. ამიტომ ვიმეორებ კვლავ და კვლავ: ყოფილი ხელისუფლება უნდა გასამართლდეს!


რომაელებს ჰქონდათ ფრთიანი ფრაზა - „მემენტო მორი!" („გახსოვდეს სიკვდილი!"), უნდა გვახსოვდეს სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი. ასეთია ჩემი ფორმულა.


მაგრამ არ კმარა, მხოლოდ გვახსოვდეს. ქმედებაა საჭირო. საზოგადოებამ (რომელშიც ჩემ თავსაც ვგულისხმობ), დღევანდელობისადმი დამოკიდებულება ვერ გამოხატა ისე, როგორც ქვეყანას სჭირდება. გათითოკაცდა, პრაგმატულები გავხდით, უტილიტარულები. გაჭირვებამ, სიდუხჭირემ, რაც, სამწუხაროდ, არის, ძალიან იმოქმედა ბევრზე და აღარ უბიძგა საქვეყნო საქმეებზე საფიქრალად. ხალხიც გაზარმაცდა.


დღევანდელ ხელისუფლებაში ბევრი პატიოსანი, პროფესიონალი, მხარდასაჭერი ადამიანია. მაგრამ ამ ქვეყნის მოსავლელად მათი ძალისხმევა არ არის ისეთი, რისი მოლოდინიც გვქონდა. მეტსაც ვიტყვი, სრულიადაც არ არის საკმარისი. თუ სტატისტიკას დავუჯერებთ დავრწმუნდებით (კარგადაც ვხედავთ წინსვლას ჯანდაცვის და მშენებლობის სფეროში, ვიზა-ლიბერალიციას, ახალ პროექტებს და სხვ.), რომ გაცილებით მეტი კეთდება, ვიდრე სააკაშვილის დროს. მაგრამ ეს, შეიძლება ასე ვთქვათ, საქმის ნახევარია, მეორე ნახევარი გასაკეთებელია, უნდა გაკეთდეს, თორემ ხომ ხედავთ, რომ დაპირებამ ერთი წელიწადი კარგი იქნება, მეორე - უკეთესი და ა.შ. იუმორის სიბრტყეში გადაინაცვლა.


ჟანგბადი გაჩნდა, ვეუბნები ხალხს: ადამიანებს აღარ ატერორებენ, არ ამცირებენ, არ აუპატიურებენ, ნოტარიულად ღამე შენს ქონებას არ გადაუფორმებენ სხვას. ასეთი უბედურებები ხელისუფლების პოზიცია არ არის. „რუსთავი 2"-მა კი ამოიჩემა ტერმინი „უნიათო ხელისუფლება" და ამას ყოველდღიურად ჩასჩიჩინებს ხალხს. მოგეხსენებათ წყლის წვეთის ეფექტი, რომელიც თავის კვალს ყოველთვის ტოვებს, ამ შემთხვევაში - ხალხის შეგნებაში.


ვინ ამბობს „უნიათოო"? მკვლელები, ქვეყნის გამსხვისებლები და სინდის-ნამუს გარეცხილი ადამიანები ამბობენ, რომლებმაც უნდა იყუჩონ, მოინანიონ, ილოცონ, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომაში გალიონ დღენი.


შეიძლება, მაგალითად, დღემდე პასუხგაუცემელი იყოს აფრასიძეების საქმე? რამდენია ასეთი საქმე!


საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდირებაა საჭირო. მაგრამ ხშირად შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვერ შედგა საზოგადოება.


- რატომ?


- იმიტომ, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეა. დღეს საქართველოში არ იგრძნობა, რომ ასეთი იდეა გვაქვს.


ნატო-ში და ევროსაბჭოში გაერთიანება, რის პროპაგანდასაც გადავყევით, იდეა არ შეიძლება იყოს, მხოლოდ საშუალებაა, მექანიზმი, რამაც შეიძლება შეუწყოს ხელი ქვეყნის განვითარებას, შეიძლება - არა. იმასაც ვერ გამოვრიცხავთ, რომ ჩვენი ეს მისწრაფება შეიძლება ტრაგიკული გამოდგეს ჩემი სამშობლოსთვის. და შემდეგ „აღშფოთდნენ", „შეშფოთდნენ" და მიიღონ რეზოლუციები იმათ, ვინც ამას არის მიჩვეული. ჩვენ კი ფაქტის წინაშე აღმოვჩნდებით.


- არადა, დღეს აშკარად ჩანს თუნდაც ევროკავშირის დაშლის ტენდენცია.


- დიახ, ასეა. ბეწვის ხიდზე გავდივართ. ხანდახან ვიტყვით, უფსკრულში არ გადავიჩეხოთო, მაგრამ მეტი რა უფსკრული გინდა, როცა სააკაშვილის უგნურობით (ამას რბილად ვამბობ) დავკარგეთ კოდორის ხეობა, ცხინვალის რეგიონის 150 სოფელი, რომლებსაც „ქვების გროვა" უწოდა დიდმა სტრატეგოსმა და ა.შ.


აღარ მინდა იმ რეჟიმზე ლაპარაკი.


დღეს იგრძნობა, რომ ქვეყნის გამთლიანების იდეით ვართ შეპყრობილი და ეს ხალხისა და ხელისუფლების მთავარი საზრუნავია? არა!


- ჩვენ სავსებით გვაკმაყოფილებს, თუ რომელიმე საერთაშორისო გაერთიანების წარმომადგენელი, ან რომელიმე უცხოური დელეგაციის წევრი განაცხადებს, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.


- ვერ ავამოქმედეთ ეროვნული შემოქმედებითი ენერგია. ხალხი ხშირად გულგატეხილია. ამასაც ნუ დავმალავთ. დაპირებები იყო ბევრი და მოლოდინიც - დიდი.


ამ სიტუაციაში გვერდს ვერ ავუვლით ბიძინა ივანიშვილის პიროვნებას, რომელმაც შეუძლებელი შეძლო და ეროვნულ მეხსიერებაში სამუდამოდ აღიბეჭდება. მაგრამ, როგორც ვთქვი, ჟანგბადი რომ გაჩნდა ქვეყანაში, ადამიანის განვითარების სურვილიც გაძლიერდა, თუმცა ტემპი, რომელიც ამ მიმართებით გვახასიათებს, სრულიად არ შეესაბამება იმას, რისი მოლოდინიც გვქონდა და რაც გვინდა რომ იყოს.


- არაპროფესიონალიზმის ბრალია?


- ამისაც და უყურადღებობისაც, კომუნიკაციის ნაკლებობისაც. თვითკმაყოფილებისაც!


- და უმადურობისაც ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილის, ერის ნაღებს რომ უწოდებენ, რომელმაც ივანიშვილის წყალობით თავი შესანიშნავად იგრძნო და ყველა დამხრჩვალი კატის ბიძინა ივანიშვილზე ჩამოკიდება დაიწყო.


- უმადურობა დიდი ცოდვაა. რამდენი რამ გააკეთა სასიკეთო ამ ადამიანმა. მარტო ის ხალხი რომ ავიღოთ, რომლებსაც მან პირადად ხელი გაუმართა და შიმშილს გადაარჩინა, იმათი ხმამაღალი სიტყვა არ ისმის, არადა, დიდი ძალაა. ეს ნაცები როგორი შეკრულები არიან, ხომ ხედავთ: ათი კაცია, თუ ასი - სტაბილურად არიან ყოველთვის წარმოდგენილი.


აქეთა მხარეს კი აკლდება ხალხი. დუმან. არ ვიცი, უფრთხიან რამეს თუ რაღაცის მოლოდინში არიან. თითო-ოროლა კაციღა იბრძვის მხოლოდ.


- ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ იმათგან ბევრი, რომლებიც თავიდანვე „ქართული ოცნების" მხარეს დადგა და ბოლომდე თავგამოდებით იბრძოლა, ბორტს მიღმა აღმოჩნდა.


- უყურადღებობა რომ ვახსენე, სწორედ ამას ვგულისხმობდი.


- როგორ შეაფასებთ ე.წ. ციანიდის საქმის გამო ატეხილ „მეორედ მოსვლას"? თავს მოგვახვიეს თუ თვითაღგზნების შედეგია?


- ეს არის იმ ძალების (არ ვიტყვი, რომ მაინცადამაინც ერთი ძალის) ერთობლივი მოქმედების შედეგი, რომელთა მიზანი და დედააზრი თავის დროზე ცნობილი ფორმულით ჩამოაყალიბა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ („რკინის ზბიგნევმა"): „საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენი მთავარი მტერი იქნება მართლმადიდებლობა".


საბაბი კი უამრავი შეიძლება იყოს, კონკრეტულად ერთის დასახელება გამიჭირდება. დღეს ამას გამოძიება არკვევს. ჩვენთვის ახალი ამბავი ხომ არ არის, რომ ნაცებს და მათ პატრონებს თვალში არ მოსდით პატრიარქი. ვერ ეგუებიან, რომ ქვეყანას ჰყავს მწყემსმთავარი, რომელსაც მიჰყვება ხალხი, ვერ ეგუებიან იმას, რომ ეპარქიების რაოდენობა ათჯერ გაიზარდა, რომ ახალგაზრდობა ეკლესიის აზრს ანგარიშს უწევს. მე სულაც არ ვაიდიალებ ყველა ღვთისმსახურს, ვიცით, რომ საპატრიარქოში არის პრობლემები, და ყველას ცოდვა თავად პატრიარქმა იტვირთა. მისი საგალობელი „დავიღალე" სულის ყივილია.


არ დავაკონკრეტებ, რომელ ძალებზე ვლაპარაკობ. გამგები გაიგებს.


იმედი მაქვს, რომ როცა საქმე ეხება რწმენას, სულიერებას, პატრიარქს, ჩვენი საზოგადოებრიობა უფრო მკვეთრად გამოხატავს თავის პოზიციას, რომელიც ამ და ბევრი სხვა საერთო პრობლემის დაძლევას შეეშველება.


ჩემი აზრით, სწორედ აქ შეიძლება უკეთ გამოიხატოს ეროვნული ენერგია.


- საერთო-საკაცობრიო ღირებულებები და საქართველო. ეს თემა მინდა შემოგთავაზოთ.


- ფაქტია, რომ ყველანი ვისწრაფვით ევროპულ ღირებულებებისკენ, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ის ღირებულებები მრავალ ასპექტში გაფერმკრთალდა. არ დავაკონკრეტებ, რადგან პოლიტიკაში გადავიჭრებით. ქართული ფენომენის გამოხატულება ყოველთვის ღირსება იყო. ეს ღირსება უნდა შეინარჩუნოს ერმა.


პეტერბურგიც ევროპული ქალაქი იყო და ისწრაფვოდა ევროპული ღირებულებებისაკენ. რუსეთის პროგრესული ინტელიგენციაც... მაგრამ არა საკუთარი ღირსების დაკარგვის ფასად. ძნელია, მაგრამ მეტი მოქნილობაა საჭირო და სასიცოცხლო მნიშვნელობის გზების ღრმად გააზრებული ძიება.


ჭკუის დამრიგებლად ნუ მოგვევლინებიან ჩვენი თვითნასწავლი მოძღვრები, რომელთათვის ამოსავალი წერტილი სხვადასხვა კომისიის მიერ შედგენილი ანგარიშები და ინსტრუქციებია - ამან ეს თქვა, იმან - ის და ა.შ.


ესაა სამწუხარო.


საქართველო არის საერთო-საკაცობრიო ღირებულებების ორგანული ნაწილი. ანტიკურ-ბიზანტიური კულტურის არათუ შემთვისებელი, არამედ ამ ფასეულობათა შექმნის პროცესის მონაწილე. შორს არ წავალ და დავასახელებ რუსთველს, იოანე პეტრიწს, ათონელების სკოლას, გელათის აკადემიას, უზარმაზარ მთარგმნელობით, ფილოსოფიურ და საგანმანათლებლო მოღვაწეობას. ეს არ იყო ოდენ ქართული კულტურის განვითარება. ეს იყო საკუთრივ ბიზანტიური კულტურის გამდიდრება, ელინოლოგიის განვითარება. კორნელი კეკელიძე სწორედ ამას ამბობს, ივანე ჯავახიშვილიც იმავეს ამტკიცებს - ქართველობა დაეწაფა ცხოველმყოფელ ელინიზმს, რომელმაც შემდგომში რენესანსი წარმოშვაო. ამასწინათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე ნანტიდან ჩამოსულმა ჩვენმა თანამემამულემ, აღიარებულმა მეცნიერმა გასტონ ბუაჩიძემ ნახევრადხუმრობით განაცხადა, რომ რადგან პირველი ევროპელების ნაკვალევი საქართველოში აღმოჩნდა, და შემდგომში ქართველმა მოაზროვნეებმა ბევრი რამ შესძინეს ევროპას, უცხოელებს კი არ უნდა ვეხვეწებოდეთ ევროკავშირში მიღებას, არამედ ისინი აქეთ უნდა გვთხოვდნენ ევროპულ ოჯახში შესვლას თუ დაბრუნებას.


საერთო ევროპული კულტურა არის მოზაიკა, რომელშიც თითოეულ კენჭს თავისი ელვარება აქვს, მათ შორის, ქართული განსაკუთრებული ბრწყინვალებითაა გამორჩეული.


დაბოლოს: ქართველთა წვლილი ევროპულ ცივილიზაციაში, ისე როგორც მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიაში, არის სრულიად უდავო.


ესაუბრა არმაზ სანებლიძე

 








 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner