logo_geo
eng_logo
ოთარ აბესაძე: 21-ე საუკუნის ევროპული პოლიტიკური პროცესის ანტიპოდი - ალეკო ელისაშვილი!
- +

30 მარტი. 2017. 21:10



მერიის წარმომადგენელმა საკრებულოში, ეკონომიკის დოქტორმა ოთარ აბესაძემ „რეპორტიორთან" საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი განცხადებები ორიენტირებულია ტყუილზე.


აბესაძე აქვე ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გარშემო არსებულ სიტუაციასა და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს შეეხო.


 

- ალეკო ელისაშვილი ბოლოდროინდელი განცხადებებით აშკარად უპირისპირდება თბილისის მერს...


- ეს დაპირისპირება, რა თქმა უნდა, არ დაწყებულა დღეს და გუშინ, ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც ცალსახად ძალიან საინტერესოა. ზოგადად, საკრებულოს დეპუტაციის მხრიდან, განსაკუთრებით კი ოპოზიციონერი დეპუტატებისაგან, ძალიან ლოგიკურია, რომ იყოს კრიტიკა, ოღონდ ჯანსაღი. რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, მისი განცხადებები, როგორც მინიმუმ, არ შეესაბამება არანაირ პოლიტიკურ თანამედროვე სტანდარტს და პირდაპირი მნიშვნელობით ორიენტირებულია ცილისწამებასა და ტყუილზე.



არ შემიძლია არ გამოვეხმაურო მის განცხადებებს, რომელიც მიზანმიმართულად მაპროვოცირებელი იყო თბილისის მერიის და დავით ნარმანიას მიმართ. ელისაშვილმა ცილი დასწამა ქონების მართვის საქალაქო სამსახურის უფროსს, ბატონ კარლო ლაფერაძეს, თითქოს იგი 2014 წლის თებერვალში ჯავახეთის ქუჩაზე გასხვისებულ ტერიტორიაზე გარიგებაში მონაწილეობას იღებდა, მაშინ, როდესაც ბატონი კარლო მერიაში მუშაობს 2015 წლის აპრილიდან. შესაბამისად, ძალიან რთულია, იმ ადამიანის არგუმენტი სინამდვილედ მიიღო, რომელიც ფაქტებში იტყუება.  

 

- ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ თბილისის მერის დავით ნარმანიას ძმა ირაკლი ნარმანია ქალაქის ცენტრში უკონტროლო მშენებლობებს ლობირებს. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?


- ენით აღუწერელი და გაუგონარი ცილისწამებაა დედაქალაქის მერის ოჯახის წევრის მიმართ, რომ თურმე დავით ნარმანიას ძმა იყო კორუფციულ გარიგებებში და ლობირებდა გარკვეული ტიპის სამშენებლო კომპანიებს. რეალურად, დადასტურდა, რომ ის არ ყოფილა დედაქალაქის მერის ოჯახის წევრი, ეს ადამიანი არის დამოუკიდებელი იურისტი ირაკლი ნარმანია, რომელმაც საჯაროდ დააფიქსირა ეს და მოსთხოვა ბატონ ელისაშვილს ბოდიშის მოხდა.


ასევე ამ უხერხული გაუგებრობის გამო მოუწია ბოდიშის მოხდა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს, რადგან მათ ტელესივრცეში მოხდა ამ სიცრუის ტირაჟირება. აბსურდსა და მარაზმს ემსგავსება ის ცილისწამება, რომელიც ეხება ისეთ „სახალისო" დეტალს, როგორიც არის თბილისის მერის სამუშაო ოთახი.


- ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ თურმე მერის ოთახში გადაადგილებისთვის საჭიროა კომპასი...


- მე ჩემს „facebook"-გვერდზე გამოვაქვეყნე ფოტო და კონკრეტული მონაცემები ოთახის ფართთან დაკავშირებით.  ყველამ ნათლად დაინახა, რომ ეს ადამიანი პირდაპირ ორიენტირებულია მერის და მერიის თანამშრომლების დისკრედიტაციაზე და ცდილობს, ამით დაიწეროს პოლიტიკური ქულები. ტყუილს აქვს მოკლე ფეხები, ამით არ ზარალდება არც თბილისის მერი და არც მთლიანად მერია. ამით ზარალდება პოლიტიკური პროცესი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ გვინდა 21-ე საუკუნის ევროპული თანამედროვე პოლიტიკური პროცესი, ამის ანტიპოდი და ანტიმაგალითი არის ალეკო ელისაშვილი, რომლის განცხადებები და ქმედებები ეწინააღმდეგება ყველა პოლიტიკურ კანონსა და ეთიკას. ტყუილისა და ცილისწამების ადგილი დღეს საქართველოში არ არის.


- საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ასევე არ გამორიცხავს, რომ მერის თანამდებობაზე იყაროს კენჭი...


- ეს მისი დემოკრატიული უფლებაა და მას აქვს არჩევანის სრული თავისუფლება. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სახელმწიფოში, რომელიც ორიენტირებულია ადამიანის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, მაგრამ ეს გამოხატვა და სიტყვის თავისუფლება არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ენით აღუწერელი შეურაცხყოფა მიაყენო ადამიანებს, ცილი დასწამო და ამით დაიწერო პოლიტიკური ქულები. ბატონ ელისაშვილს სასამართლომ დააკისრა ფულადი ჯარიმა და ბოდიშის მოხდა ეკა ბესელიას მიმართ, რაც თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ ელისაშვილის განცხადებები სიმართლეს მოკლებულია.


 

- ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემა „P.S."-ში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ალეკო ელისაშვილის მიერ დავით ნარმანიას ძმაზე გავრცელებულ, გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადდა. როგორ შეაფასებთ „რუსთავი 2"-ის ამ დამოკიდებულებას და ზოგადად, „რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს?


- ყოველთვის თავს ვიკავებდი სასამართლო დავაზე საუბრისგან. ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი, რომელზე საუბარიც, მითუმეტეს პოლიტიკური შეფასება, ვფიქრობ, არ იქნება სწორი. რა წილების გადანაწილებაზეა საუბარი, არ ვიცი. ეს არ არის არცერთი პოლიტიკოსის შეფასების საგანი, ეს არის მხოლოდ მომჩივანეებს, მესაკუთრეებსა და მხარეებს შორის ურთიერთობა. რაც შეეხება „რუსთავი 2"-ზე გასულ სიუჟეტს, აქამდეც აღმინიშნავს და არც ახლა დავმალავ, რომ მხარს ვუჭერ „რუსთავი 2"-ს, როგორც ტელევიზიას, რადგან დღეს თუ გვინდა, რომ ვიყოთ ცივილიზებული და შემდგარი სახელმწიფო, სიტყვის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ტელევიზია კონკრეტული პოლიტიკური პარტიის პრესსამსახური იყოს. პირდაპირი მნიშვნლობით ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს. არის ცილისმწამებლური პოლიტიკა, რომელიც ემსახურება მხოლოდ ერთი პარტიის იდეოლოგიას. მინდა, ძალიან დიდი წარმატება ვუსურვო ამ არხს, მის ჟურნალისტებს პროფესიულ ზრდაში და განვითარებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სტანდარტი, რომელიც მათ შემოიღეს, ჩემთვის მიუღებელია. 21-ე საუკუნის საზოგადოების განვითარება ასე არ ხდება. დღეს მედიას აკისრია ის მნიშვნელოვანი როლი, რასაც საზოგადოების ინფორმაციით კვება ჰქვია და როდესაც საზოგადოებას ვაწვდით ტყუილსა და ცილისწამებას, კარგად არ იმოქმედებს და ყოველთვის გამოიღებს უარყოფით შედეგს. მესაკუთრე გამოავლინა სასამართლომ. შედგება ძალიან მნიშვნელოვანი ფორმულირება სტრასბურგში, რომელიც ყველა დეტალს დაუსვამს წერტილს.


- თქვენი შეფასებით, ბათუმის მოვლენები იყო თუ არა წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია, ვისი ინტერესები იყო და რამდენად დროულად იმოქმედა ხელისუფლებამ?


- ვფიქრობ, ბათუმის მოვლენებში ერთადერთი სწორი დეტალი იყო სახელმწიფოს ჩარევა. ძალის გადამეტება, შეურაცხყოფა ან მსგავსი ტიპის სხვა ქმედება იყო ნული. სახელმწიფო მოიქცა ისე, როგორც მოიქცეოდა ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის ძალოვანი სისტემა. იყო ინციდენტი, მაგრამ ფაქტია, რომ სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე იდგა და დამნაშავე უკვე დაისაჯა. იყო თუ არა პოლიტიკური კვალი, მე შემიძლია ვისაუბრო მხოლოდ ფაქტებით და ამ შემთხვევაში, ფაქტი მქონდა სამი: პირველი იყო ბატონ  ნიკა მელიას მხრიდან სოლიდარობის გამოცხადების აქცია საქართველოს პარლამენტის წინ. მეორე - გიორგი ვარშალომიძის დაანონსებული აქცია, რომელიც ჩატარდებოდა მეორე დღეს, გარკვეული პროტესტის ფონზე. მესამე - „თავისუფალი ზონის" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჩხვირკია მოლაპარაკებას ითხოვდა მომიტინგეების და ამ შემთხვევაში, ბარბაროსული და ვანდალური აქტების ჩამდენების ენით სახელმწიფოსთან. როდესაც სამი მსგავსი ფაქტი დევს დღის შუქზე, შეუძლებელია, არ დაინახო გარკვეული ტიპის კვალი და ბრალეულობა. რისი სოლიდარობის აქცია იყო? - ვანდალიზმის? რატომ ელაპარაკება პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი სახელმწიფოს შუამავლის ენით? ეს არის ის ფაქტები, რის საფუძველზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ იკვეთება გარკვეული ნიშნები, თუმცა ამასაც გამოძიება დაადგენს.


- 28 მარტიდან საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაცია ძალაში შევიდა...


- მთელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს არის ის ფუნდამენტურად გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც შექმნის საქართველოს მომავალ ბევრ ათეულ და ასეულ წელს. ვიზა-ლიბერალიზაცია ნიშნავს - მეტი ევროპა საქართველოში, მეტი საქართველო ევროპაში, ანუ ყველა ადამიანს ექნება იმის საშუალება, რომ პირადი კომუნიკაციით ააწყოს საკუთარი ბიზნესი, მიიღოს გარკვეული ტიპის გადამზადების კურსები, ნახოს განვითარების ეტაპები საკუთარი თვალით. თუმცა, ეს არ არის საბოლოო მიზანი... საბოლოო მიზანი არის საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაცია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური ნაბიჯი. აქვე, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა, რომ არა ისინი, დღეს ეს პროცესი საქართველოში არ დასრულდებოდა. მიხარია ის, რომ დასკვნითი ფაზა მოხდა დღეს, სწორედ ამ სახელისუფლებო გუნდის ხელში, რაც იმის მკაფიო ნიშანია, რომ დღევანდელი პოლიტიკური გუნდი და სახელმწიფო ინსტიტუტები თავიდან ბოლომდე არიან ორიენტირებულები, რომ საქართველო იყოს ევროპული სახელმწიფო.


- პრეზიდენტმა წამოიწყო კამპანია „კონსტიტუცია ყველასია" და მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს, იმ ფონზე, როდესაც მან საკონსტიტუციო კომისიასთან მუშაობაზე უარი განაცხადა. როგორ შეაფასებთ ამ კამპანიას?


- პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა, რომ ნებისმიერ თემაზე შეხვდეს საზოგადოებას და დაელაპარაკოს. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ჩემთვის პირადად, ბევრად უფრო ლეგიტიმური და სანდო არის საპარლამენტო საკონსტიტუციო კომისია. ვფიქრობ,  ძალიან ეფექტური შედეგი დაიდება. კონსტიტუციის დამახინჯებული ფორმა, რომელიც დაგვრჩა მემკვიდრეობით, უნდა შეიცვალოს. დიდი იმედი მაქვს, რომ აუცილებლად იქნება შედეგი და საქართველოში მივიღებთ სრულყოფილ კონსტიტუციას, როგორიც საზოგადოების დაკვეთა იყო.

 

- თუმცა, მმართველ გუნდში იყო განცხადებები, პრეზიდენტის კამპანია „კონსტიტუცია ყველასია" შესაძლოა მისი საარჩევნო კამპანიის ნაწილი იყოს... თქვენ როგორ ფიქრობთ?


- ეს პოლიტიკის დაუწერელი წესია, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსის გარკვეული ტიპის აქცია ან კამპანია საზოგადოებაში, ყოველთვის შეიცავს საარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მნიშვნელობა არ აქვს პერიოდს, ეს არის ის პროცესი, როდესაც პოლიტიკოსი ესაუბრება ხალხს და ამ შემთხვევაში, ყველა გათვლა არის წინაასაარჩევნო, მათ შორის საქმიანი.


- მახათას მთაზე იგეგმება პანთეონის გახსნა, თუმცა ამ საკითხს საზოგადო მოღვაწეების გარკვეულ ნაწილში პროტესტი მოჰყვა და ისინი ითხოვენ, რომ დიდუბის პანთეონი გაფართოვდეს...


- ძალიან მიხარია, რომ ბოლო ასწლეულში, ქვეყანას ჰყავდა ისეთი ღირსეული ადამიანები, რომლებიც დღეს ჩვენს პანთეონებში არიან დაკრძალულები. ახალი პანთეონის საჭიროება არის, რადგან ძალიან ბევრი კულტურული თუ საზოგადო მოღვაწე გვყავს, რომელიც იმსახურებს სახელმწიფოსგან განსაკუთრებულ ყურადღებას. რაც შეეხება ახალ პანთეონს, ვფიქრობ, რომ მახათას მთის ლოკაცია ძალიან საინტერესოა. მახათის მთის ეკლესია პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და საყოველთაო ჩართულობით შენდება. იქმნება ძალიან საინტერესო ისტორიული ადგილი საქართველოში, რათა მომავალ თაობებს ჰქონდეთ საშუალება, მოინახულონ ღვაწლმოსილი ადამიანების საფლავები. ჩემთვის ყოველთვის რჩება ჯერ სახელი და გვარი და ლოკაციას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობ, რომ ფუნდამენტური მნიშვნელობის სახალხო ეკლესია, რომელიც არის მახათას მთაზე და მისი ტერიტორია პანთეონისთვის აბსოლუტურად შესაბამისია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner