ავტორი სოფო ხუგოიანი
რესპუბლიკური პარტია დღეიდან გადადის საპარლამენტო არჩევნებისთვის ინდივიდუალური მზადების რეჟიმში, - ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განცახადა.
ამ თემაზე „რეპორტიორს" ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ესაუბრა. მისი თქმით, არჩევნებში ასეთი გზით მონაწილეობის მიღების შემდგომ პარლამენტში შესაძლებელი იქნება ხალხის სრული მანდატით აღჭურვილი პარტიები გახდნენ პასუხისმგებელნი ქვეყნის მართვაში.
„ეს არ არის მხოლოდ რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილება. ეს არის ჩვენი პარტიის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ „ქართული ოცნება" არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. შესაბამისად, რესპუბლიკური პარტიაც დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში და სხვა პარტიები ალბათ მიიღებენ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას.
ეს არის ძალიან სამართლიანი და დემოკრატიული. არჩევნებზე მოსახლეობას ექნება საშუალება, განსაზღვროს, რომელ პარტიას უჭერს მხარს. არჩევნებში ასეთი გზით მონაწილეობის მიღება შემდგომ პარლამენტში საშუალებას მოგვცემს, ხალხის სრული მანდატით აღჭურვილი პარტიები გახდნენ პასუხისმგებელნი ქვეყნის მართვაში. ამ პროცესს ჩვენ ძალიან დადებითად და პოზიტიურად ვაფასებთ. ჯერჯერობით კოალიცია „ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიები ვაგრძელებთ თანამშრომლობას, დანარჩენს გვაჩვენებს შემდეგი თვეები", - ამბობს ეკა ბესელია.