logo_geo
eng_logo
ვლადიმერ პაპავა „აუდიტორია 115“-ს საკანონმდებლო ინიციატივის დამუშავებაში დაეხმარება
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

31 მარტი. 2016. 16:09


„აუდიტორია 115"-ის წარმომადგენელმა  დეა  მინაძემ  „რეპორტიორში" გამართულ ბრიფინგზე თსუ-ს ყოფილ რექტორთან ვლადიმერ პაპავასთან გუშინდელი შეხვედრის დეტალები განმარტა. „აუდიტორია 115" პაპავას გადაწყვეტილებას თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს.  მინაძის თქმით,  პაპავა სწორად მოიქცა, როდესაც  განაცხადა, რომ ეს პირადი გადაწყვეტილება იყო.  მისივე თქმით, ვლადიმერ პაპავა მათ დაჰპირდა, რომ „აუდიტორია 115"-სა და სტუდენტებს დაეხმარება, რათა საკანონმდებლო ინიციატივა კარგად იქნას დამუშავებული, და საქართველოს განათლების სამინისტროში ისეთი სახით შევიდეს,  რომ მათი მოთხოვნები მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს.

 

„ვლადიმერ პაპავა, რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ იტყოდა, თუ რატომ გადადგა. მისი გადაწყვეტილება იყო სწორი, რადგან მან პასუხისმგებლობა უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზე უნდა აიღოს. რაც შეეხება 1 მაისამდე მის თანამდებობაზე დარჩენას, ამას დადებითად ვაფასებთ,  რადგან ვიღაცას უნდა შეესრულებინა რექტორის მოვალეობა. რექტორი 1 მაისის შემდეგ დაინიშნება. ფაქტია, რომ ჩვენი გუშინწინდელი განცხადების მიხედვით, სადაც გამოვაცხადეთ გარდამავალი პერიოდი და ვლადიმერ პაპავას მოვუწოდეთ, რომ აეღო პასუხისმგებლობა, გავლენა იქონია ამ გადაწყვეტილებაზე.  მისი რექტორობის პერიოდში უნივერსიტეტში  სტუდენტებს შორის დაპირისპირება მოხდა და ამაზე მას პასუხისმგებლობა უნდა აეღო.  

ვლადიმერ პაპავამ ჩვენთან ერთად განიხილა საკანონმდებლო ინიციატივის საკითხი. მოგეხსენებათ, „აუდიტორია 115"  საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს. თვითმმართველობისგან ისმის მესიჯები, თითქოს ჩვენ ამით უნივერსიტეტს ავტონომიას ვულახავთ, თუმცა, შევახსენებ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის თანახმად, საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვთ მთავრობას, პარლამენტის წევრს, ფრაქციას, კომიტეტსა და 30 000 ამომრჩეველს. ამიტომ  ჩვენ როდესაც საკანონმდებლო ინიცატივაზე დახმარებისთვის მივმართავთ მთავრობას, კერძოდ განათლების სამინისტროს, ეს არავითარ შემთხვევაში არ არის უნივერსიტეტის ავტონომიის დარღვევა,  პირიქით, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია განათლების სისტემის შეცვლისკენ.

 

უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 54-ე მუხლში, რომელიც თვითმმართველობის უფლებამოსილებას ეხება,  რამდენიმე ცვლილება უნდა  შევიდეს, რაზეც ახლა მუშაობა მიმდინარეობს.  დეტალებს  ჯერჯერობით არ  გავახმაურებ.

 

ასევე მინდა გითხრათ, რომ ბოლონიის პროცესში გაწერილია, რომ თვითმმართველობა ვერ გაუქმებდა, მაგრამ თვითონ სიტყვა „თვითმმართველობა" არსად არის  ნახსენები, უბრალოდ, ნახსენებია, რომ  უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო უნდა არსებობდეს. ამიტომ ეს აუცილებლად იქნება დაცული, რადგან საერთაშორისო შეთანხმება არის ასეთი:  სტუდენტთა გარკვეული ჯგუფის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება  დატოვებული იქნება,  თუმცა, ჩატარდება რიგი რეფორმები, რის შედეგადაც  აღარ იარსებებს სტუდენტების პრივილეგირებული ჯგუფი,  რასაც დღეს თვითმმართველობა ჰქვია.

 

რაც შეეხება სისტემურ ცვილებებს, გულისხმობს, რომ სტუდენტები პირდაპირი არჩევის წესით მონაწილეობას მიიღებენ აკადემიური საბჭოს და სენატის ფორმირებაში, ისევე როგორც რექტორის არჩევაში.  გუშინ პაპავამაც თქვა, რომ ეს არის ძალიან მისასალმებელი, თუ სტუდენტებისა და პედაგოგების მაქსიმალური ჩართულობა იქნება რექტორის არჩევნებში. რექტორი უნდა აირჩიოს არა გარკვეულმა ჯგუფმა, არამედ უნივერსიტეტის მთელმა პერსონალმა.  ასევე არ შეიძლება, რომ სტუდენტებს მხოლოდ12 წარმომადგენელი ჰყავდეთ სენატში. შეგახსენებთ, ამ 12 წევრიდან 10 არის თვითმმართველობის წარმომადგენელი, რომელთაც სტუდენტებმა  უკვე გამოუცხადეს უნდობლობა. შესაბამისად, ამ ორგანოს არ აქვს დიდი ნდობა სტუდენტების მხრიდან. ამიტომ ამ ყოველივეს ფორმირება ისეთ დონეზე უნდა მოხდეს, რომ სტუდენტები იყვნენ მაქსიმალურად ჩართულნი უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებში, აი, ზუსტად ამას გულისხმობს საკანონმდებლო ცვილილება",  - განაცხადა  დეა  მინაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner