რამდენად შეძლებს მოქმედი პარლამენტი ქმედუნარიანობის შენარჩუნებას და პარლამენტის დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებას? - ამ შეკითხვაზე პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს, რომ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის პარალიზება მოსალოდნელი არ არის.
„მოქმედი პარლამენტი არის საკმაოდ რთული პარლამენტი - ჩვენ ეს განვლილი სამ-ნახევარი წელიწადის პრაქტიკიდან გამომდინარე ვიცით. ერთი წლის წინ, პარლამენტის თუ პარლამენტში არსებული პოლიტიკური ძალების წინაშე არანაირი საარჩევნო საკითხები არ იყო, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები იყო. ეს საკმაოდ მრავალპარტიული, საკმაოდ ფრაგმენტირებული პარლამენტია. კოალიცია „ქართულმა ოცნებამ" ქვეყნის წინაშე უპრეცედენტო რამ შეძლო, რადგან 25-წლიანი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმავლობაში ვერ დამისახელებთ ვერც ერთ მონაკვეთს, როცა მრავალპარტიულ კოალიციას ამდენი ხნის განმავლობაში გაეძლო და ქვეყანა უმრავლესობის სახით ემართა. არჩევნების მოახლოებისას, ყველა ქვეყანაში, პარლამენტებში უფრო და უფრო ჭირს ხოლმე რაღაც საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება, რომელზეც აზრთა სხვადასხვაობაა. ჩვენ კანონშიც კი გვიწერია, რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, პარლამენტი როგორც წესი, წყვეტს საქმიანობას. ეს იქედან გამომდინარე, რომ იმდენად პოლიტიზირებულია გარემო, რომ პარლამენტში გადაწყვეტილებების მიღება რთულდება ხოლმე. ეს სიმპტომები, რა თქმა უნდა, უკვე არის და მეტი იქნება", - განუცხადა ჟურნალისტებს უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, რესპუბლიკური პარტია დაინტერესებულია, ქვეყანაში წინასაარჩევნოდ სტაბილურობა შენარჩუნდეს.
„ჩვენ არ ვართ და არ ვიქნებით საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის მიზეზი - ასეთი რამ ჩვენი გადაწყვეტილებით არ იქნება. მე ეს ღრმად მწამს. ჩვენ უმრავლესობაში გვაქვს 10 მანდატი. დანარჩენი პარტიები და ინდივიდები როდის, როგორ მოიქცევიან, ვერაფერს გეტყვით", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.