logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ალუჩის ფასებზე კი არ უნდა იღადავოთ, ხელში ორი აგური გეჭიროთ და მესამეს ეძებდეთ!
- +

31 მარტი. 2017. 11:25


 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გუდვილში" ალუჩა 109 ლარი ღირსო!

ეგ რა არის, აზერბაიჯანში 1052 ლარი ადევსო. ლარი ვერ ედება, ალბათ, მანათია!

...და რატომ მეტი არ ღირს - 2, 3 ან 4 ათასი?!

 

ჯერ ერთი, ალუჩა შეიცავს ძვირფას ლითონებს.

 

მეორე - ფეხმძიმე ცოლი რომ მოგთხოვს, 109 ლარს კი არა, 500 ლარსაც სიხარულით მისცემ. ეტყობა, იყიდება და ამიტომაც ადევს ასეთი ფასი. მიწოდება მოთხოვნაზეა დამოკიდებული, რომ არ იყიდებოდეს ამ „გაძვალტყავებულ" საქართველოში, არც დაადებდნენ, გიჟები ხომ არ არიან?!

 

მესამე - კიდევ ერთხელ ვიმეორებ: რატომ ათასები არ ღირს საქართველოში ალუჩა? რა, შარშან სპეციალური მეურნეობები გავმართეთ და სამაცივრე სისტემები ავამუშავეთ?!

 

მეოთხე - ამ ზამთარს 1 კილო მწვანილი რომ 20 ლარი ღირდა და ახლა 1 კონა ტარხუნა 5 ლარი ღირს, „რაზვე ეტა ნარმალნა"?!

 

ამას წინებზე სოფელში ჩემი სიძე მეუბნება, ტარხუნა თბილისიდან ჩამოვატანინე „სპეცზაკაზით", აქ ვერ ვიშოვეო. ტარხუნა „სპეცზაკაზით" თბილისიდან სოფელში, გესმით?!

 

თქვენ, ალუჩის ფასებზე კი არ უნდა იღადავოთ, ხელში ორი აგური გეჭიროთ და მესამეს ეძებდეთ!

 

ადრე ერთი დოკუმენტური ფილმი ვნახე, რა საოცრებებს ახდენენ ისრაელში, სადაც ჰუმუსს, ანუ მიწის ზედა ფენასაც კი ყიდულობენ უცხოეთის ქვეყნებში და ასე მოჰყავთ წელიწადში ორი მოსავალი. მართლები არიან ებრაელები, როცა თავიანთ მიწაზე არ გვიშვებენ და ყოველდღიურად „გვადეპორტებენ". ამ მიწიდან რომ იმ მიწაზე წახვალ, დასარეპორტებელი კი არა, დასახვრეტი ხარ!

 

ამავე დოკუმენტურ ფილმში ვნახე და თვალებს არ დავუჯერე - ებრაელებს ვენახებიც კი აქვთ სათბურებში, ზამთარში იწევენ ყურძენს!

 

ჩვენთან თესლი შემთხვევით რომ დაგივარდეს, ამოდის, მაგრამ ეგეც არ გვინდა. მერე ვტირით, უცხოელები მოდიან, არიქა, გავქრებითო. გასაქრობი უნდა გაქრეს, შენ არ მიხედავ საკუთარს? სხვა მოვა და მიხედავს!

 

არ დამიწყოთ, ხელშეწყობა არ გვაქვს, ბიძინა ივანიშვილი ფულს არ გვაძლევსო. მწვანილი რომ უნდა მოიყვანო სოფელში და შენი სამყოფი მაინც გქონდეს, ამას არ სჭირდება არანაირი ხელშეწყობა და მთავრობის ჩარევა!

 

ეგრეა და მართლა ძალიან მიკვირს, „გუდვილში" ალუჩა, მინიმუმ, 2 ათასი ლარი რატომ არ ღირს!" - წერს ზედელაშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner