„ცენტრ პოინტის" საქმეზე, სააკაძის მოედანზე მდებარე ობიექტის ეპიზოდზე სასამართლო განხილვები დასრულდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ებანოიძემ განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
როგორც „ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სასამართლომ „ცენტრ პოინტის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი დამნაშავედ ცნო თანხის მითვისების ბრალდებაში და მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ასევე, დამნაშავედ იქნა ცნობილი რუსუდან კერვალიშვილი, რომელსაც ასევე 4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.
საქმეზე, სააკაძის მოედანზე მდებარე ობიექტის ეპიზოდზე, „ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს, ბრალი თაღლითობისა და თანხების მითვისების მუხლით ჰქონდათ წარდგენილი. გამოძიება მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88"-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.
ბრალდებულებს თავდაპირველად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა მოგვიანებით ბრალდებულებს, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს თავდებში პარლამენტის რამდენიმე წევრი ჩაუდგა, რის შემდეგაც საქმეზე ბრალდებულებისთვის შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეიცვალა. მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილისთვის შეფარდებული 150-150 ათასლარიანი გირაო უძრავი ქონებით იყო უზრუნველყოფილი, რომელიც სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ „ცენტრ პოინტის" დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, გირაოს პირობების დარღვევის გამო ჩამოართვა და სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართა.