ავტორი სალომე უერთაშვილი
„გვარამიამ, განსაკუთრებით ამ ბოლო 2-3 თვის მანძილზე, ფაქტობრივად გაანადგურა „რუსთავი 2", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და „რუსთავი 2"-ში თანამშრომლებზე წილების გადანაწილებას გამოეხმაურა.
როგორც კოპალიანი აღნიშნავს, ესაა გვარამიას ახალი შოუ და თავად მან გაანადგურა „რუსთავი 2". კოპალიანის თქმით, ნიკა გვარამიამ უდიდესი ზიანი მიაყენა ჟურნალისტიკის სფეროს.
„ესაა გვარამიას ახალი შოუ. მინდა გითხრათ, რომ ამ ადამიანმა და ზოგადად, მისმა საქმიანობამ ჟურნალისტიკის სფეროს ძალიან დიდი ზიანი მიაყენა, მითუმეტეს, მისმა ბოლო განცხადებებმა, როდესაც ის უშვერი სიტყვებით ლანძღავდა თავის კოლეგებს, იმ ადამიანებს, რომლებიც წლების მანძილზე პატიოსნად ემსახურებოდნენ ამ საქმეს. გვარამია ვერ იტანს დამოუკიდებელ აზრს, ვერ იტანს მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ, თავიანთი სიტყვა თქვან ამ სფეროში. აქედან გამომდინარე, გამოჩნდა, რომ ეს კაცი დარჩა იმად, რაც იყო. ის იყო სადამსჯელო პროკურორი, რომელიც მოსამართლის ნაცვლად წყვეტდა ყველა საქმეს და ყველა განაჩენზე აწერდა ხელს - ადამიანის დაჭერიდან დაწყებული, დახვრეტით დამთავრებული.
ახლა კი მისი შოუ, რომ შპს უნდათ, არის სპექტაკლი. „რუსთავი 2" უპატრონო ბავშვივით გადადიოდა ხელიდან ხელში, რამდენი მეპატრონე ჰყავდა, არ ვიცი, მაგრამ, ალბათ, ერთ ათეულზე მეტი, ამისთვის ხომ არის სასამართლო? წინა ხელისუფლება პირდაპირ ერეოდა მათ საქმიანობაში, პარტიული ტელევიზია იყო, რომელმაც გვარამიას ხელმძღვანელობით დაიმატა კიდევ ერთი ფუნქცია, გახდა დამნაშავე ტელევიზია. ჩვენ რომ ვყოფილიყავით წინა ხელისუფლების მსგავსი, ჩვენც შეგვეძლო მათსავით მოქცევა, შეგვეძლო, შეგვეზღუდა მედიის საქმიანობა, მაგრამ ჩვენ ეს არ ვქენით, ჩვენ გავხსენით სასამართლოს კარი და თუ ჩვენ სამართლებრივ ქვეყანას ვაშენებთ, უნდა დავეთანხმოთ მის გადაწყვეტილებას. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, ვნახოთ, სტრასბურგი რას იზამს.
ფაქტი ერთია, გვარამიამ თვითონ გაანადგურა „რუსთავი 2", - განაცხადა კოპალიანმა