ავტორი ანანო გამყრელიძე
„ჩვენ პირველები ვიწყებთ ამ თარიღის აღნიშვნას",- განაცხადა „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის" კანცლერმა გიორგი სავანელმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი" და ააიპ ახალგაზრდული შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი" ორი პარტნიორი ორგანიზაციაა, რომელიც არაერთი წელია, ერთობლივად სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. „ილია ჭავჭავაძე 180 - უკვდავების ფენომენი" ეს არის პირველი პროექტი ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელთან დაკავშირებით. 2017 წელს ამ უდიდესი ადამიანის დაბადებიდან 180 წელი სრულდება, ხოლო მკვლელობიდან -110 წელი. პროექტის ფარგლებში იგეგმება სპექტაკლ „საუკუნის მკვლელობის"წარმოდგენა, რომელიც ილია ჭავჭავაძის შემოქმედებასა და მოღვაწეობას ეძღვნება. გაიმართება ასევე გამოფენა, სადაც სხვადასხვა მხატვრული შემოქმედებითი საგნების წარმოდგენა მოხდება. პირველი ღონისძიება ქუთაისში, 3 აპრილს დაიდებს სათავეს და შემდგომ საქართველოს სხვა რეგიონებსაც მოიცავს.
„შემიძლია სიამაყით განვაცხადო, რომ ჩვენი ორი ორგანიზაცია არის პირველი, რომელიც ამ თარიღის აღნიშვნას იწყებს. საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობის პირობებში, არც 1997 წელს და არც 2007 წელს ეს თარიღი არ აღნიშნულა. სამწუხაროდ, არც სახელმწიფო და არც რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას არათუ კონკრეტული აქტივობა, არამედ გეგმაც კი არ დაუდია ამ დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით. ჩვენი პროექტი ითვალისწინებს საიუბილეო ღონისძიებების საქართველოს 30 მუნიციპალურ ცენტრში განხორციელებას. სურვილი გვქონდა, რომ საქართველოს რეგიონები სრულად ყოფილიყო ჩართული, მაგრამ სამწუხაროდ, კულტურისა და განათლების სფეროში არასახარბიელო ვითარების გამო ეს არ გამოვიდა. ჩვენი ორგანიზაციები კიდევ არაერთ აქტივობას გეგმავენ. 12 სექტემბერს, წელს უკვე მეოთხედ, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღის აღნიშვნა იგეგმება, თუმცა, საიუბილეო წლიდან გამომდინარე სულ სხვა მასშტაბი ექნება. ასევე დავაწესეთ ყოველწლიური ეროვნული პრემია საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ეს იქნება დიპლომი და სკულპტურა, რომლის ავტორიც მოქანდაკე გია ჯაფარიძე გახლავთ. რომ არა პრემიალური მნიშვნელობა, როგორც ხელოვნების ნიმუშს, აბსოლუტურად თვითმყოფადი უნიკალური ფუნქცია გააჩნია და მაღალი ხარისხის სკულპტურული ნამუშევარია. ვმუშაობთ სხვადასხვა პროექტზე, რომლებსაც, დიდი იმედი გვაქვს, საზოგადოების და სხვადასხვა უწყებების მხარდაჭერით განვახორციელებთ. ეროვნული ფასეულობებისთვის ამ ხასიათის აქტვობები და მსგავსი პიროვნებების პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა გიორგი სავანელმა.