logo_geo
eng_logo
ელგუჯა მარღია: „სადაც თქმა აუცილებელია, ნუ გაჩუმდები“...
- +

31 მარტი. 2017. 21:41


 

(შტრიხები ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) პორტრეტისათვის...)


,,ვითარცა მატყლს ბერტყავენ, ტკეპნიან, ვარცხნიან, რეცხავენ და თოვლივით აქათქათებენ, ასევე დამცირების, ძაგების, შეურაცხყოფის დამთმენი მორჩილი განიწმინდება და ვერცხლივით წმინდა, ცეცხლივით მოგიზგიზე და ბრწყინვალე ხდება".


,,წმ. პავლე მოციქული ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში წერს: "მარტო წყალს ნუკი სვამ, ხანდახან ღვინოც იხმიე"-ო (1ტიმ, 5,23); თუმცა სხვაგან ამბობს, "ნუ დაითვრებით ღვინითა-"ო (ეფეს. 5.18). ზომიერების დასაცავად გონებაა საჭირო. ნუ იტყვი, მაგრამ სადაც თქმა აუცილებელია, ნუ გაჩუმდები.''(წმიდა სერაფიმე საროველი)


მე არა ვარ მეუფე პეტრეს ოჯახის წევრი, ნათესავი, მეგობარი, დაახლოებული პირი, ვარ უბრალოდ რიგითი ნაცნობი...ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ არ ვისურვებდი მეუფე პეტრესთან მჭიდრო ურთიერთობას...მოგახსენებთ იმას, რაც გახლავთ სინამდვილე...თუ რატომ მივიქციე თავის დროზე მისი ყურადღება, ამას ქვემოთ შეიტყობთ...ბუნებრივია, არ ვცდილობ მის დაცვას და არც ვფიქრობ - გამტყუნებას....უბრალოდ, მორალურად არ ვიქნები მართალი, საკუთარი სინდისისა და ღვთის წინაშე, რომ არ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია...არ ვთქვა ის, რა შეხებაც მქონდა მეუფე პეტრესთან...იმასაც ვერავინ იტყვის, რომ პოლიტიკურად მიკერძოებული ვარ...ან რომელიმე მომქმედი პარტიის ინტერესებიდან გამოვდივარ...(ვინც კარგად მიცნობს, მშვენივრად იცის...) სიმპათია და ანტიპათია კი - ნებისმიერს შეიძლება ჰქონდეს, როგორც ამა თუ იმ პარტიის, ასევე სხვადასხვა სფეროს კონკრეტული წარმომედგენლების მიმართ...ეს ადამიანური ემოციის, ურთიერთობის, სიახლოვის, მეგობრობის და ა. შ გამოხატულებაა და ბუნებრივია, ვერავინ შეგვიზღუდავს, დაგვისაზღვრავს, როგორ მოვიქცეთ... უფალი გვაძლევს თავისუფლებასა და არჩევანის საშუალებასაც...ამდენად ლოგიკურია, გვახსოვდეს მუდამ სინდის-ნამუსი( არამხოლოდ ჟურნალისტებს, მწერლებს...), წმიდა ილია მართალმა ხატოვნად ,,პატარა ღმერთი'' რომ უწოდა...


მახსენდება საქართველლოს პრეზიდენტის, ცხონებულ ზვიად გამსახურდიას მკაცრი (მაგრამ სამართლიანი და გასათვალისწინებელი...) გამონათქვამი საქართველოს ეკლესიაში, კერძოდ საპატრიარქოში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით...,, ჩვენს ეკლესიას სჭირდება გაწმენდა. ძველი კომუნისტური დროიდან ბევრი უარყოფითი მოვლენა და პიროვნება გადმოჰყვა ამ ახალ პერიოდს. საბოლოოდ იგი უნდა იქცეს ჭეშმარიტად წმინდა ეკლესიად. საერთოდ, ვთვლი, საჭიროა საეკლესიო კრების მოწვევა და დიდი წმენდა კადრების სფეროში. საჭიროა ახალი რუის-ურბნისის კრება...'' არ შევუდგები იმის ანალიზსს, თუ რა რეაქციას გამოიწვევდა საქართველოს პრეზიდეტის ეს პირუთვნელი განცხადება და ჩვენდა სავალალოდ, როგორ დასრულდა მისი მმართველობა-მოღვაწეობა...საგანგაშო ფაქტია, რომ აქამდე მივიდა საქმე...ამ ურთულესი მდგომარეობიდან ღვთის სამართლიანობა გამოგვიყვანს... (თუმცა უარესებიც მომხდარა ჩვენი ეკლესიის ისტორიაში...რომელი ერთი გავიხსენოთ...თუნდაც კათოლიკოს- პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების პერიოდი...დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ პროფესორ სერგო ვარდოსანიძის ნაშრომს, სადაც მიმოხილულია უმწვავესი დაპირისპირება იმდროინდელ წმიდა სინოდში... ეს არის აისბერგის ხილული მხარე და ამდენად ლოგიკური და პასუხგაუცემი კითხვებიც არსებობს.)


რომ არ გამიგრძელდეს სიტყვა, გადავალ უმთავრეს სათქმელზე; წლების წინ გავაჟღერე ჩვენი კლასიკოსის ოთარ ჭილაძის იდეა, რომ სასურველი იქნებოდა, დუტუ მეგრელის ძეგლის დადგმა...(სამწუხაროდ, დღემდე ვაგრძელებთ საზოგადოებრივ მოძრაობას და იმედი მაქვს, ბოლომდე მივიყვანთ...) თუ არ ვცდები, 2014 წელს საპატრიარქოს ტელევიზია ,,ერთსულოვნებამ'' მოამზადა სპეციალური გადაცემა ,,ოქროს ფონდის'' რუბრიკით ,,დუტუ მეგრელის ,,მე პატარა ქართველი ვარ''... მოულოდნელად მობილურით დამიკავშირდა ,,ერთსულოვნების'' თანამშრომელი, ქ-ნი მართა კასრაძე და მითხრა, რომ ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრეს(ცაავა) სურდა ჩემთან საუბარი..სწორედ, მაშინ გავიგონე პირველად მეუფე პეტრეს ხმა და ასე შედგა ჩვენი გაცნობაც...რასაკვირველია გამიხარდა...მოკლედ, გამესაუბრა, მომიწონა იდეა, აღმითქვა მხარდაჭერა და მიმიწვია ჭყონდიდის ეპარქიაში; გიორგობის დღესასწაულზე, ქ-ნ მართა კასრაძე და მის მეუღლე, დეკანოზ ზურაბ მჭედლიშვილთან ერთად,(მამა ზურაბიც მგზავრობისას გავიცანი...) სამი დღით, მე და ჩემი მეუღლე აღმოვჩნდით არაჩვეულებრივ სამყაროში...მეუფე პეტრემ გულთბილად მიგვიღო და გვიმასპინძლა... თავად გაგვიწია მეგზურობა და დაგვათვალიერებინა აბსოლუტურად ყველაფერი...გიორგობის დღესასწაულს შევხვდით სოფელ სუჯუნაში...მეუფე პეტრემ ჩაატარა წირვა სუჯუნას წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში; ამას მოჰყვა სპეციალური შეხვედრა სოფლის კლუბში, სადაც აჩვენეს ჩემი სატელევიზიო გამოსვლაც...მეუფე პეტრემ თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა ჩვენი კლასიკოსის, ოთარ ჭილაძის იდეის მნიშვნელობას და გამოხატა აქტიური მხარდაჭერა...ჩემს მისასალმებელ გამოსვლაში მადლობა მოვახსენე ჭყონდიდელ მიტროპოლიტს და დამსწრე საზოგადოებას გულთბილი მიღებისთვის...ღონისძიებას ესწრებოდა აბაშის დღევანდელი საკრებულოს თავმჯდომარე, ბ-ნი პაატა ქურდოვანიძე... იქვე საჩუქრად გადმომცა წმიდა გიორგის ხატი, რაც ამჟამად ჩემი ოჯახის გამორჩეული კუთვნილებაა...ბოლოს დავათვალიერეთ ის ეზო-კარი, სადაც დაიბადა და ცხოვრობდა დუტუ მეგრელი...ჩანაფიქრიც ჰქონდა მეუფე პეტრეს, რომ ,,პატარა ქართველის'' ავტორის მშობლიურ წიაღში მოწყობილიყო დუტუ მეგრელის სახლ-მუზეუმი...ბოლოს სუჯუნაში გაიმართა სადღესასწაულო ტრაპეზი, რასაც მრავალრიცხოვანი საზოგადოება ესწრებოდა...ტრაპეზზე იგრძნობოდა საოცარი მოკრძალება და სითბო მეუფე პეტრესადმი...რამდენადაც მახსოვს, ადგილობრივი ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი ამ სადღესასწაულო დღეს მეუფე პეტრეს გვერდით იმყოფებოდა.. საოცარი სილამაზე დაგვხვდა ისტორიულ ჭყონდიდში, ვნახეთ აღდგენილი და აყვავებული ეპარქია...ადრეც ვიყავი ნამყოფი რამდენჯერმე, მაგრამ ამჟამად თვალებს არ ვუჯერებდი...მოკლედ, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა... ამ შთაბეჭდილებით დაიწერა ჩემი ლექსიც, რომელიც რამდენჯერმე გამოქვეყნდა „ფეისბუქზე":

ჭყონდიდელთა საგალობელი

მოკრძალებით და პატივისცემით

ვუძღვნი ჭყონდიდელ მიტროპოლიტს პეტრეს(ცაავას)

სულმნათი ჭყონდიდელებით,

მადლმოსილია მარტვილი...

ჭყონდიდელობა ნამდვილად,

ვიცი, არ არის ადვილი...

რომ გერქვას უფლის მხედარი,

გერტყას მესიის მახვილი...

გტკიოდეს ერის ტკივილი,

გესმოდეს მისი ძახილი...

რომ იყო ჭირისუფალი,

მიწიერიც და ციერიც....

გშვენოდეს ბერის კაბა და

გაბრწყინებული იერი...

მიტრა, კვერთხი და მანტია,

და ქრისტეს ჯვარი გშვენოდეს...

თუ გულში სიყვარული გაქვს,

უძლური არის ჰეროდეც...

სიტყვით და საქმით რჩეული,

რომ იყო მრევლით ძლიერი...

და ტკბილი ქადაგებებით,

ბრძენი და გულისხმიერი...

მზად უნდა იყო ჯვარცმისთვის,

და ტანჯვის თანაზიარიც...

,,ცუდას რად უნდა მტერობა,

კარგია მუდამ მტრიანი...''

რაღას დაგაკლებს ეშმაკი,

ბოროტი, ავი, ართვალი...

როცა ხარ რწმენით გულმტკიცე,

და სიყვარულით გამთბარი.

ასოლუტურად გულწრფელი იყო მაშინდელი ჩემი განწყობა და ემოციაც...ამ შეხვედრის შემდეგ ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა სატელეფონო საუბარი, მაგრამ მეუფე პეტრეს ფიზიკურად არ შევხვედრივარ...არადა მქონდა სურვილი, მაგრამ რატომღაც ვერ მოვახერხე... მობილურით გავაცანი ჩემი ახალი იდეა-პროექტის შესახებ..( ,,ხსოვნის ნათელი'', სამტომეული, სადაც შესულია 225 გარდაცვლილი ავტორის შემოქმედება...) მომიწონა და დალოცა ეს ჩანაფიქრიც...მეც ავდექი და მივაწერე სამტომეულზე ტექსტი, რომ გამოდის ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, პეტრეს(ცაავა) ლოცვა-კურთხევით...სამტომეულის პრეზენტაციის შემთხვევაშიც მზად იყო მეუფე პეტრე, გაეწია დახმარება...თუმცა ტირაჟის სიმცირის გამო, მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ პრეზენტაცია...დღეს კი - მოვლენები ერთობ დრამატულად და ჩემთვის წარმოუდგენლად განვითარდა.. გული მტკივა, როცა ვხედავ, ვისმენ და ვკითხულობ საშინელ გამონათქვამებს...ძნელია, გაარჩიო ჭორ-მართალი, თუმცა მოგეხსენებათ, არ არის დაფარული, რაც ერთ მშვენიერ დღეს არ გაცხადდება...უნდა ვთქვა, რომ მეუფე პეტრეს შრომითა და რუდუნებით აღორძინდა ჭყონდიდის ეპარქია, ჩამოყალიბდა საპატრიარქოს მართლაც ყოველმხრივ გამართული ტელეკომპანია ,,ერთსულოვნება''...აშენდა არაერთი ტაძარი...აყვავდა სალხინოს პატრიარქის რეზიდენცია...ფერფლიდან აღდგა სალხინოს დადიანების ისტორიული მარანი...ეს დიდი ღვაწლია და მაშინ, როცა მეუფე პეტრეზე ცილისმწამებლური ინფორმაცია ვრცელდება, მისი ნამდვილი ბიოგრაფიიდან გამომდინარე,(სკოლის დამთავრებიდან-დღმდე რა გზაც გაიარა...) ეს უნდა დავინახოთ... მე მჯერა, რომ მეუფე პეტრე თავისი მოღვაწეობით, ყოველთვის სამშობლოს, ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიისა და ჩვენი ერის სასიცოცხლო ინტერესებიდან გამოდიოდა...სხვაგვარად წარმოუდგენელია, ამდენი შეგაძლებინოს უფალმა...მას ადანაშაულებენ ,,ნაციონალურ მოძრაობასთან'' კავშირში და ამ პარტიის წევრობასაც კი აბრალებენ...კავშირი არ ნიშნავს იმას, რომ პარტიის წევრი იყო...ამას ვერ დავიჯერებ და არც ჩვენი მოსახლეობა ირწმუნებს...სხვათა შორის, საქართველოს 91%-მა (თუ არ ვცდები...) აირჩია მაშინ ,,ნაციონალური მოძრაობა'' და ჩვენი მოსახლეობის, ინტელიგენციის აბსოლუტური უმრავლესობა იმედით იყო განწყობილი...პირადად, მაშინაც არ მომწონდა მიხეილ სააკაშვილის არაპროგნოზირებადი ფსიქოტიპი, რასაც წერილიც მივუძღვენი 2004 წელს და გამოვაქვეყნე ,,დილის გაზეთში'...იმ ადამენების უმრავლესობა, ვინც დღეს აქტიურად ებრძვის სააკაშვილსა და ,,ნაციონალურ მოძრაობას'', ან მათ სამსახურში იყო, ანდა დაახლოებას მაინც ცდილობდა...მაგრამ როდესაც გემი ჩაძირვას იწყებს. მოგეხსენებათ, ვირთხები სწრაფად ტოვებენ ტრიუმს... ერთი სიტყვით, მეუფე პეტრესაც ჰქონდა იმისი უფლება, თავიდანვე ერწმუნა ახალი ხელისუფლების და ქართული ეკლესიის სასიკეთოდ გამოეყენებინა მათი ხელისუფლებაში ყოფნა....რა არის ამაში მიუღებელი?...სწორედაც, რომ ძლიერი ეკლესია არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის უმნიშვნელოვანესი ბალავერი...უპირველეს ყოვლისა, ძლიერი რწმენის სიმტკიცით, სიმართლით და ქრისტესმიერი სიყვარულით...წარმოვიდგინოთ, რა შედეგით დამთავრდებოდა მაშინდელ ხელისუფლებასთან მეუფე პეტრეს ღია დაპირისპირება?.. და განა უახლესი ისტორიის ამსახველი კადრებიც (არ დავაკონკრეტებ...) არ გვიმხელენ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიცის დადებისას არსებულ სამწუხარო რეალობას?...არავერბალური ქცევა ხშირად გაცილებით მეტყველია...არ მინდა, შორს წავიდე...უფალი ყველას განიკითხავს და ჭეშმარიტებასაც გამოაჩენს...ვერც მონათვლასა და მოძღვრობაზე ეტყოდა მეუფე პეტრე ვინმეს უარს...განა თავად პატრიარქმა არ მონათლა თავის დროზე ედუარდ შევარდნაძე?...(გიორგად რომ მოგვევლინა...) ..კარგად მახსოვს, შევარდნაძის საკმაოდ დიდი ფოტო, ჩარჩოში ჩასმული, პატრიარქსაც თვალსაჩინოდ ჰქონდა კედელზე ჩამოკიდებული... მომიტევეთ, მაგრამ შედარებისთვის დამჭირდა..ანდა თუ სააკაშვილის პორტრეტი დაახატინა და ჩამოკიდა კედელზე, ამით რა? - სამშობლოს, პატრიარქს უღალატა?.. ვფიქრობ, მეუფე პეტრეს მოქმედება-მოღვაწეობა ნაციონალების მმართველობის პერიოდში, ჩვენს პატრიარქთან მუდმივი შეთანხმების გარეშე არ ხდებოდა და ეს ემსახურებოდა დედა ეკლესიის განმტკიცება-გაძლიერებას...მე ასე ვხედავ ჭყონდიდის ეპარქიის მაგალითზე მის დამსახურებას!..დღეს იმასაც საყვედურობენ მეუფე პეტრეს, რომ თითქოსდა აიძულა პატრიარქი და როლანდ ახალაიასთვის გადააცემინა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის უმაღლესი ჯილდო...ესეც მორიგი ცილისწამება...ვერ აიძულებდა, დამეთანხმებით, ვერც დაარწმუნებდა, ბუნებრივია, რომ ეს არ გაეაზრებინა და საბოლოო გადაწყვეტილება თავად პატრიარქს არ მიეღო...ვფიქრობ, წმინდა სინოდის წევრებიც მონაწილეობენ ამგვარი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღებისას...სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია ...ვგებულობთ, რომ თურმე პატრიარქი განსაკუთრებული სიყვარულით იყო გამსჭვალული ახალაიების ოჯახის მიმართ...რა არის ამაში გასაკვირი?...მოგეხსენებათ, სავლე-პავლედ იქცა და არ გვაქვს უფლება, ცალკეული კლინიკური შეშლილების, ეშმაკის მსახურთა გარდა, კატეგორიულად განვაცხადოთ, რომ ადამიანის შეცვლა შეუძლებელია...უფლის შესაძლებლობებს ვერავინ ჩასწვდება და მოგეხსენებათ, სასწაულებსაც ახდენს...გულწრფელი მონანიება, საკუთარი შეცდომების ანალიზი, გონების თვალის ახელა, სინდისის ქენჯნა, საბოლოოდ სასიკეთო გზაზე აყენებს ამა თუ იმ ძე შეცდომილს...ამისი მაგალითები ბიბლიაში ბევრია..არსებული რეალობიდან უნდა დავინახოთ მინუსიც და პლუსიც..ვინ-რა ინტრიგებს ხლართავს, ვინ-ვის დავალებას ასრულებს, ვის-რა ჩანაფიქრი ამოძრავებს, სად არის სინამვილეში ,,ძაღლის თავი'' დამარხული, ამასაც დრო გამოაჩენს; გავიმეორებ, არაფერია დაფარული, რაც არ გაცხადდება......პრობლემა გაცილებით სერიოზულია და საზოგადოებამ აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს ჩვენი ეკლესიის გაჯანსაღების პროცესში...საპატრიარქო უნდა წარმოადგენდეს ზეპარტიულ, დამოუკიდებელ, სახელმწიფოსგან გამიჯნულ ავტორიტეტულ, მიუკერძოებელ სულიერების სავანეს... არ მინდა საქართველოშიც იგივე განმეორდეს, რაც მოხდა რუსეთის საპატრიარქოს უახლეს ისტორიაში...(პუტინისა და მისი ხელისუფლების აქტიური ჩარევის შედეგად...) ალბათ, 35 წელია, რაც მესმის საპატრიარქოში არსებული სხვადასხვა პრობლემის შესახებ.. ამიტომ გვმართებს, ვიფიქროთ მასშტაბურად...გასაგებია, რომ საეკლესიო სამართალი და საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება ავალდებულებს დაბალი თუ მაღალი იერარქიის სამღდელო პირებს, საჯაროდ, კურთხევის გარეშე,არ ილაპარაკონ ერისთვის საჭირბოროტო საკითხებზე, მაგრამ განა ყოველთვის არის დუმილი ,,ოქრო რჩეული''?...მეუფე პეტრეს ადანაშაულებენ სამღვდელო პირები მხოლოდ ერთი რამის გამო: რატომ გაბედა და ილაპარაკა ღია ეთერში... არადა თურმე წმინდა სინოდის სხდომებზეც დასმულა ეს საკითხი, მაგრამ უშედეგოდ...გასაგებია, რომ არსებობს დაწერილი კანონები, მაგრამ, სოლონისეული ,,მართალი სამართალი'' ყველა დაწერილ კანონზე აღმატებულია... უფალი ჰგიებს და მხოლოდ მან უწყის ჭეშმარიტება...

P.S. ამ წერილის გამოქვეყნება გადამაწყვეტინა აშკარად უსამართლოდ და პოლიტიკური ნიშნით მეუფე პეტრეს წინააღმდეგ მიმართულმა ცილისწამებების ნიაღვარმა...,,განტევების ვაცად'' მისი წარმოჩენა არ არის საპატრიარქოს შიგნით არსებული პრობლემებიდან გამოსავალი...არც პილატესავით ხელების დაბანა გახლავთ ქრისტიანული მორალისა და ზნეობის გამოხატულება...ის, რაც გააკეთა მეუფე პეტრემ თავისი მოღვაწეობის მანძილზე, ნამდვილად არ ყოფილა საზიანო ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთიანობა-სიმტკიცისთვის და მისი დანგრევის მცდელობასაც ნუ დავაბრალებთ...ამით იმასაც არ ვამტკიცებ, რომ მეუფე პეტრეს არა აქვს ადამიანური ნაკლი და ცოდვა...მეტ-ნაკლებად ერიც და ბერიც, ( ერთეული გამონაკლისების გარდა...), სხვის თვალში ბეწვს ვამჩნევთ და საკუთარში - დირეს ვერ ვხედავთ... ყველა ეპარქია და მათ შორის , ჭყონდიდის ეპარქიაც, საქართველოს საპატრიარქოს განუყოფელი ნაწილია, მისი კუთვნილება და ბუნებრივია, მომავალშიც ასე იქნება.. დარწმუნებული ვარ, არანაირი საფრთხე ამ მხრივ ჩვენს ეკლესიას არ ემუქრება...,,სადაც განსაცდელი არ არის, იქ არც ცხონებაა''...(წმიდა სერაფიმე საროველი)


ელგუჯა მარღია

30.03.2017 წ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner