ახლახან ჟურნალისტთა შემოქმედებით კავშირში რიგგარეშე ყრილობა ჩატარდა. ყრილობის გადაწყვეტილებით, მომდევნო ხუთი წლის მანძილზე, კავშირს უხელმძღვანელებს ორი თავმჯდომარე (თანათავმჯდომარეები) - მარინა თექთუმანიძე და მარინე გიგინეიშვილი. საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი ჟურნალისტთა პირველი გაერთიანებაა საქართველოში და მის ავტორიტეტს თაობები ქმნიდნენ. დღესდღეობით კავშირში ბევრი პრობლემა და ორგანიზაციული საკითხია მოსაგვარებელი, დასალაგებელია ურთიერთობები საერთაშორისო ჟურნალისტურ ორგანიზაციებთან. ამ თემებზე სასაუბროდ ქალბატონ მარინა თექთუმანიძეს შევხვდით.
- ქალბატონო მარინა, რას გვეტყვით ყრილობის შესახებ?
- თავდაპირველად მოგახსენებთ, რომ რიგგარეშე ყრილობის ჩატარება ყოფილი თავმჯდომარის, ჰამლეტ გეგიას უეცარმა გარდაცვალებამ გამოიწვია. ჩვენი წესდებისა და მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, ყრილობა უნდა ჩატარებულიყო ორი თვის ვადაში. მე, როგორც კავშირის პრეზიდიუმისა და გამგეობის წევრს, თავმჯდომარის მოვალეობის დროებით შესრულება დამევალა. გამგეობის გადაწყვეტილებით, შეიქმნა ყრილობის მომზადებისა და ჩატარების საორგანიზაციო კომიტეტი, რომელმაც ორი თვის დაუღალავი, 24-საათიან რეჟიმში მუშაობის შემდეგ შეძლო, რომ ბოლო ათწლეულის მანძილზე ყველაზე მრავალრიცხოვანი, წარმომადგენლობითი ყრილობა გაემართა. ყრილობაზე თბილისიდან და რეგიონებიდან 151 დელეგატი იყო მოწვეული. ახალგაზრდების გარდა ყრილობას ესწრებოდნენ ვეტერანი ჟურნალისტები, ადამიანები, რომლებიც იდგნენ კავშირის შექმნის სათავეებთან, რომელთა შრომით, პროფესიონალიზმითა და ენთუზიაზმით ჟურნალისტთა ეს დიდი გაერთიანება შეიქმნა.
- ქალბატონო მარინა, ყრილობის გადაწყვეტილებით, დღეს ჟურნალისტთა კავშირს ორი თავმჯდომარე (თანათავმჯდომარეები) ჰყავს - თქვენ და მარინე გიგინეიშვილი. რას ეფუძნება ასეთი გადაწყვეტილება?
- ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან, ჟურნალისტთა კავშირის როლიდან და იმ ამოცანებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჟურნალისტების და ზოგადად მედიის წინაშე დგას, კოლეგებმა ჩათვალეს, რომ ორი თანასწორუფლებიანი თავმჯდომარე წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი ფუნქციებით, ამ გამოწვევების ეფექტურად გამკლავებას უკეთ შეძლებდა. კავშირი წლების მანძილზე იყო ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის წევრი. პირველ რიგში ვიზრუნებთ, რომ აღვდგეთ ამ ფედერაციაში. ასევე გავწევრიანდებით რეგიონულ საერთაშორისო ორგანიზაციებში. ჩვენ საქმის კეთების სურვილი გვაქვს და ძალ-ღონეს არ დავზოგავთ, რომ ჩვენი მიზნები განვახორციელოთ. გვინდა, შევქმნათ ქართული ჟურნალისტიკის მატიანე, რომლის მომზადებაში არაერთი ჩვენი კოლეგა ჩაერთვება. კავშირში უნდა გაწევრიანდნენ ახალგაზრდა ჟურნალისტები, მათი ენთუზიაზმი, ენერგია, გამოცდილ, ღვაწლმოსილ ჟურნალისტებთან ერთად გააძლიერებს, გაამრავალფეროვნებს ჩვენს ორგანიზაციას.
- თქვენი აზრით, რა როლი ეკისრება ჟურნალისტთა შემოქმედებით გაერთიანებას მედიის განვითარებაში?
- ჟურნალისტთა შემოქმედებით გაერთიანებას, ჩვენს კავშირს მნიშვნელოვანი როლი ეკისრება მედიის განვითარებაში. ჩვენი გაერთიანების წევრები არიან მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალები, ადამიანები, რომლებსაც დიდი წვლილი შეიტანეს ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, სახელმძღვანელოების ავტორები, რომელთა წიგნებზე გაიზარდნენ და კვლავაც გაიზრდებიან თაობები, პრაქტიკოსი ჟურნალისტები, პირველი დამოუკიდებელი გაზეთების დამფუძნებლები და რედაქტორები, ის ადამიანები, რომელთა ცოდნასა და გამოცდილებას კიდევ უფრო გამოვიყენებთ. ამასთანავე, ჟურნალისტთა კავშირს აქვს სოლიდური ბაზა, სადაც სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების ჟურნალისტიკის ფაკულტეტების სტუდენტებს შეეძლებათ გაიარონ სასწავლო პრაქტიკა, გვინდა, შევქმნათ ჟურნალისტური დაოსტატების სკოლა. ჩვენთან ჩატარდება ჟურნალისტთა სემინარები, კონფერენციები, ტრენინგები, სხვა არაერთი ღონისძიება, სადაც ჟურნალისტთა ფართო სპექტრი იქნება წარმოდგენილი, მედიის მთელი მრავალფეროვნებით.
- ქალბატონო მარინა, მიგაჩნიათ თუ არა აუცილებლად საქართველოში მედიის განვითარების ეროვნული ფონდის შექმნა?
- ასეთი ფონდის შექმნა მედიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ოღონდ ამ ფონდის არსებობა მარტო მედიას არ უნდა აინტერესებდეს. ასეთი ფონდის შექმნაზე სამთავრობო სტრუქტურებიც უნდა ფიქრობდნენ. ეს ფონდი უნდა ზრუნავდეს ფორსმაჟორულ მდგომარეობაში აღმოჩენილ ჟურნალისტებზე, პროფესიულ სოლიდარობაზე, საბავშვო პრესის აღორძინებაზე და ა. შ. მე, როგორც წარსულში საბავშვო გაზეთის რედაქტორმა, კარგად ვიცი, რა სავალალო მდგომარეობაშია, ბედის ანაბარადაა მიტოვებული საბავშვო გამოცემები.
- როგორ გესახებათ ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თანამშრომლობა საქართველოს სამთავრობო წრეებთან?
- რა თქმა უნდა, ასეთი თანამშრომლობა აუცილებელია. საქართველოში მიმდინარე პროცესებიდან, ჟურნალისტების პროფესიული ინტერესებიდან და სამოქალაქო დემოკრატიული ღია საზოგადოების მშენებლობის აუცილებლობიდან გამომდინარე, პარლამენტს და მთავრობას შევთავაზებთ საკანონმდებლო ინიციატივებს და რეკომენდაციებს, რომელთა კანონად ქცევის შემთხვევაში მონაწილეობას მივიღებთ მის განხორციელებაში. აუცილებელია ჟურნალისტთა დაზღვევა, მათი დაცვის მექანიზმების შემუშავება, რომელსაც, ბუნებრივია, მარტო ჟურნალისტთა კავშირი ვერ გადაწყვეტს. ასევე, ქართული მედიის მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით, მთავრობასთან ერთად ბეჭდური და ელექტრონული მედიის გადარჩენისა და განვითარების პროექტებს შევიმუშავებთ.
- მედია - როგორც საზოგადოებრივი აზრის განვითარების ბარომეტრი, როგორ წარმოგიდგენიათ?
- მედიას მნიშვნელოვანი ბერკეტი აქვს და საზოგადოებრივი აზრის შექმნის, ჩამოყალიბების და განმტკიცების სათავეებთან დგას. ამიტომაც მნიშვნელოვანია მოუსყიდავი, პატიოსანი მედიის არსებობა, რომელიც არ იქნება მხარე და ადამიანების გრძნობებით მანიპულირებას კი არ მოჰყვება, არამედ მათ რეალურ, შეულამაზებელ და მიუკერძოებელ ინფორმაციას შესთავაზებს.
- იუმორისა და სატირის დოზა და როლი მედიაში...
- იუმორი და ალბათ უფრო სატირა მნიშვნელოვანია პრესისთვის. მახსოვს, როგორი ინტერესით ველოდით ჟურნალ „ნიანგის" გამოსვლას, სადაც იბეჭდებოდა ჩვენი შესანიშნავი იუმორისტების წერილები, კარიკატურები... თითქმის ყველა გაზეთს ჰქონდა თავისი იუმორისტული გვერდი, სადაც ღიმილით ვამხელდით მანკიერებებს და მინდა გითხრათ, რომ ეს დასაწერად იოლი არ იყო. პირიქით, ძალიან მაღალი ოსტატობა სჭირდებოდა ამ მასალების მომზადებას, ვინაიდან დაუკრეფავში გადასვლის საფრთხე ყოველთვის არსებობდა. სამწუხაროდ, ეს ჟანრი დღეს ძალიან იშვიათია...
- ქალბატონო მარინა, ყვითელის გარდა, ზოგადად, რა ფერისაა ქართული მედია?
- მე არ ვიცი, ყვითელის გარდა რა ფერისაა იგი, მაგრამ ვიცი, რა ფერის მინდა იყოს ჩემი ქვეყნის მედია და ეს ფერი არის სიმართლის, სინათლისა და პატიოსნების ფერი!..