ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბუკისციხე - ზემო სურების 16.5 კმ-იანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი ითვალისწინებს სავალი გზის გაფართოებას, წყალგამტარი მილების, სანიაღვრე არხების და ყრილდამჭერი კედლების (გაბიონების) მოწყობას. სამუშაოებზე დასაქმებულია 20 - მდე ადგილობრივი მცხოვრები. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ ფინანსდება, ღირებულება 2 644 444 ლარს შეადგენს, სამუშაოებს კომპანია "New Road"- ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოებს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა გაეცნენ.
„სურებში გადადგილება წლების განმავლობაში ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენდა. ადგილობრივების ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა სწორედ გზის შეკეთება იყო. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ბუკისციხე-ზემო სურების გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. მინდა მადლობა გადავუხადო ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საინიციატივო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და ყველა იმ ადამიანს ვისაც ამ მეტად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში წვლილი მიუძღვის", - განაცხადა გუბერნატორმა.
როგორც ჩოხატაურის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ აღნიშნა, ეს იქნება საუკუნის პროექტი ამ ხეობაში მაცხოვრებელთათვის. იქნება გზა და შესაბამისად გაძლიერდება ტურისტული პოტენციალი. სურებში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და მომავალ წელს დასრულდება.
სამუშაოების დათვალიერების შემდეგ გია სალუქვაძე და ირაკლი კუჭავა სურებში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და სოფელში არსებული პრობლემების, საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მათგან მიიღეს.