„იდეოლოგიით მემარჯვენე ვარ, პარტიულად არა", - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა ლევან კალანდაძემ გაზეთ „ვერსიასთან" საუბრისას.
„კონკრეტული პოლიტიკური პარტიის სახედ საკუთარი თავის წარმოდგენა ჯერჯერობით მიჭირს, თუმცა, პოლიტიკა ჩემი ინტერესის სფეროა. მაგალითად, დეპუტატობა კარგი საშუალებაა შენი პოლიტიკური მიზნებისა და მრწამსის რეალიზების მოსახდენად, მაგრამ თვითმიზანი არაა. ის შენი აზრების გატანის ინსტუმენტი და საშუალება უნდა იყოს. თუკი დღეს არსებული ვითარება ამის საშუალებას არ იძლევა, მაშინ თანამოაზრეებთან ერთად, უკეთეს პერიოდს დაველოდები. 2010 წლიდან „ახალ მემარჯვენეებში" ვიყავი და ცალსახად ეკონომიკურ მიმართულებას ვხელმძღვანელობდი, ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ დღეს საქართველოში მემარჯვენე კონსერვატიზმის იდეოლოგია, სამწუხაროდ, საზოგადოების მიერ კარგად არაა მიღებული. ყოველ შემთხვევაში, საზოგადოების უდიდესი ნაწილი მემარცხენეა. დღეს, წმინდა მემარჯვენე კონსერვატიზმის ქადაგება ღია კარის მტვრევა გამოდის, რადგან ხალხის მიერ მხარდაჭერილი არაა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, საამისოდ პირობები რამდენიმე წელში მომწიფდება. იდეოლოგიით მემარჯვენე ვარ, პარტიულად არა", - აღნიშნა ლევან კალანდაძემ.