საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭომ „რუსთავი 2"-ის გადაცემა „P.S."-ის წამყვანი გიორგი გაბუნია საქმეზე „დავით ნარმანია გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ" გაამტყუნა.
განმცხადებელი, თბილისის მერი დავით ნარმანია, სადავოდ ხდიდა 2017 წლის 12 თებერვალს გადაცემა „P.S."-ის ის სიუჟეტს, სადაც საუბარი იყო თბილისში საზოგადოებრივი საპირფარეშოების თემაზე. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მასალა არაზუსტ ფაქტებს შეიცავდა და გარდა პირველი, მეშვიდე და მესამე პრინციპისა, დარღვეული იყო მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპიც, თუმცა საბჭომ მე-11 პრინციპის დარღვევა არ დაადგინა.
ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილებით, გიორგი გაბუნიამ დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი, ხოლო სადავო სიუჟეტის ავტორმა მაია ლომიძემ მესამე (ფაქტის მიჩქმალვა) პრინციპი.
საქმის განხილვას ესწრებოდა მხოლოდ განმცხადებლის წარმომადგენელი, მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და საკუთარი პოზიცია არც წერილობით წარმოუდგენიათ. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს საბჭი მოგვიანებით გამოაქვეყნებს.
გადაცემა „P.S."-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ, 28 მარტს, დავით ნარმანიასთან დაკავშირებით გასული კიდევ ერთი სიუჟეტის გამო, პირდაპირ ეთერში ბოდიში მოიხადა.