ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციას მხარს უჭერს და მიიჩნევს, რომ ამ გზაზე ბარიერი არ არსებობს. ამის შესახებ ჟოზეფ დოულმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს. პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობა განუხრელად მიჰყვება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის კურსს და ევროპელ სტუმარს მთავრობის რეფორმების გეგმა და პრიორიტეტები გააცნო.
ჟოზეფ დოულმა პრემიერ-მინისტრს თბილისში განხორციელებული ვიზიტის ხელშეწყობისა და შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს სწრაფი ევროპული ინტეგრაციის პროცესისადმი მკაფიო მხარდაჭერა დააფიქსირა.
შეხვედრას საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.