ოლიმპიურ სასახლეში დასრულდა თბილისის ძიუდოს გრან პრის გათამაშება. საქართველოს ნაკრებმა საერთო ჯამში 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
ოლიმპიურ სასახლეში ძიუდოს გრან პრის პირველ საშეჯიბრო დღეს დაესწრო და გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, რომელმაც ტურნირში მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.
გრან პრის I დღე
60 კილოში ქართული ფინალი შედგა - ლუხუმ ჩხვიმიანმა ამირან პაპინაშვილს 2 ვაზარით მოუგო და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 66 კილოში ლაშა გიუნაშვილმა მონღოლ ტუმურხულეგ დავაადორჟთან გაფრთხილებებით გაიმარჯვა და საქართველოს ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუტანა.
გრან პრის II დღე
ტატამზე გასული 10 ქართველი ძიუდოისტისგან ყველაზე კარგი შთაბეჭდილება 17 წლის ტატო გრიგალაშვილმა (73 კგ) დატოვა და წინასწარი შეხვედრების შემდეგ ფინალურ ბლოკს მხოლოდ ის შემორჩა. გრიგალაშვილმა ნახევარფინალური ორთაბრძოლა შვედ ტომი მაკიასთან დათმო და ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ყაზახ შანსეი სმაგულოვს დაეჭიდა. გამოცდილმა სმაგულოვმა ახალგაზრდა გრიგალაშვილს თავიდანვე აქტიურად შეუტია და საბოლოოდ სუფთა დგებით მოუგო.
გრან პრის III დღე
ბოლო საშეჯიბრო დღეს ტატამზე 13 ქართველი ძიუდოისტი, 12 ვაჟი და ერთი გოგონა ელენე ქებაძე გავიდა და ამათგან მედლისთვის 5 ძიუდოისტმა იჭიდავა. 90 კილოში უშანგი მარგიანმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა ბრიტანელ მაქს სტიუარტთან ჩაატარა და ბოლო წამებზე ვაზარით მოუგო. ეს მარგიანისთვის გრან პრის ტურნირებზე მოპოვებული მე-4 მედალია.
100 კილოში ოთხივე ქართველი ძიუდოისტი ადრეულ ეტაპზევე დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლა ვეღარ შეძლო. ქართველმა მძიმეწონოსნებმა ბევრად უკეთ იასპარეზეს - გუგა კიბორძალიძემ და ლევან მატიაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში იჭიდავეს. მატიაშვილმა შეხვედრა გაფრთხილებებით მოიგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ადამ ოქრუაშვილმა ფინალური დაპირისპირება უკრაინელ სტანისლავ ბონდარენკოსთან გამართა და მეტოქე ბოჭვაზე დაიჭირა და ჩემპიონი გახდა. ოქრუაშვილმა გრან პრის ტურნირებზე მე-4 ოქროს მედალი დაისაკუთრა.
ქალთა შორის, მძიმეწონოსანთა შეჯიბრში ელენე ქებაძემ ორი გამარჯვების შემდეგ, ნახევარფინალური შეხვედრა ბელარუს მარინა სლუცკაიასთან დათმო. ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში კი შიგეტვარ მერსედესთან დამარცხდა.
ძიუდოს გრან პრი 31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით თბილისის "ოლიმპიურ სასახლეში" ჩატარდა. საერთაშორისო ტურნირში, რომელსაც თბილისმა მეოთხედ უმასპინძლა, მონაწილეობა მიიღო 38 ქვეყნის 262 სპორტსმენმა. თბილისის გრან პრის საპრიზო ფონდი 100 000 დოლარია.
თბილისის გრან პრი წელს პირველად გაიმართა პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში.
საქართველოს ნაკრებს მორიგი შეჯიბრება 7-9 აპრილს ელის, თურქეთის ქალაქ ანტალიაში, სადაც ასევე გრან პრის გათამაშება გაიმართება. 20-23 აპრილს კი ირაკლი ცირეკიძის გაწვრთნილი გუნდი, ვარშავაში ევროპის ჩემპიონატზე გამოვა.