მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი სარგებლობს საშემოსავლო და ქონების გადასახადთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათებით. აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ოფიციალურ ვებ-გვერდზე ავრცელებს.
„საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის მიერ ამავე მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა.
ასევე, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები მრავალშვილიანი პირის (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი) მიერ აღნიშნულ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე.
საშემოსავლო გადასახადი 50 პროცენტით უმცირდება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ ერთ ან ორშვილიან პირს (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი), აღნიშნულ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებულ 3000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე; (საქ. საგადასახადო კოდექსი მუხლი 82. ნაწილი 2.
მიწის გადასახადისაგან თავისუფლდება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი; (საქ. საგადასახადო კოდექსი)", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.